თამთა ჩაჩანიძე
10.11.2023

ნიკა მელია ენმ-დან წასვლას კვლავ არ აპირებს და პარტიის წევრებს სთავაზობს შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ლევან ხაბეიშვილის ფლანგს ეს ინიციტივა არ მოსწონს და აცხადებს, რომ ეს შემოთავაზება პირიქით ხელს უშლის ერთობას.

ენმ-დან წასული დეპუტატები ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობას" თვითგვემის პროცესი აქვთ და რაც ხდება ეს მხოლოდ პარტიას აზიანებს, „ოცნება" კი აცხადებს, რომ მელია პარტიიდან ისედაც „გაგდებულია", უბრალოდ ახლა „ხავსს ებღაუჭება".

არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, ის პირიქით, ხელს უშლის ერთობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას ინიციატივაზე განაცხადა, რომ „პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს".

ბოტკოველის თქმით, ადამიანი როდესაც თვალს გადაავლებს შემოთავაზებას, რომლის შემოთავაზებაც თითქოს დასწრება იყო, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავს.

„ძალიან ღრმა შეფასებებში არ შევალ. ერთ რამეს ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" რასაც სთავაზობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გულდაწყვეტილია, გულნატკენია და ასე შემდეგ, ეს არის ერთობის რეალური პრინციპები, ყველა პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დასწრების დოკუმენტში. არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას და ადამიანები ითხოვენ, გაუქმდეს პარტია და შემდეგ თავიდან ააწყოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. იქნება დოკუმენტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ერთობაში უნდა იყოს ჩართული, ყველა ადამიანს ველოდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ევროოპტიმისტებისა" და ენმ-ს ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის თვითგვემა, „ყოველდღიური ტანჯვა-წამება".

„დუღილი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში", როგორ შეიქმნას ახალი კოლექტიური მმართველობა, რომელიც ამ პარტიაში მეტ-ნაკლებ მშვიდობას შექმნის, არაფერი აქედან არ გამოვა. რა ხდება, იცით? - ძალიან რომ გიყვარს საკუთარი ძაღლი და ნაწილ-ნაწილ აჭრი კუდს, ჯერ ერთხელ მოაჭრი, მერე მეორედ, მესამედ და ასე ტანჯავ ამ საწყალ ძაღლს, აიღე და ერთხელ დაარტყი, ერთხელ გეტკინება. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის თვითგვემა, ყოველდღიური ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით გადაიჭრას პრობლემა, ხდება კუდის ეტაპობრივი მოჭრა მცირე ზომებით დიდი სიყვარულის გამო, ეს უნდა მორჩეს, ყველას გვაზიანებს," - განაცხადა გოცირიძემ.

პარტია საქართველოსთვის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი კი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა" ამ პროცესებით „ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.

„ნაციონლურ მოძრაობაში" შიგნით რა ხდება, ვინ ოლიგარქია, ვინ ოლიგარქის თანაშემწე, ვინ ლიდერი და ვინ ასისტენტი ეს ერთმანეთში თვითონ გაარკვიონ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენმ „ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში ეფექტურად ეხმარება, ამას დაანებონ თავი და ნუ აკეთებენ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური კი აცხადებს, რომ მელია ხავსს ეჭიდება.

„რასაც ნიკანორ მელია ამბობს, ეს საერთოდ არაა გასაკვირი და ეს ისედაც ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მორაობა" წარმოდგენილია სააკაშვილის მართლაც ყოველგვარ მორალისგან დაცლილი ადამიანებისგან, თქვენ ხედავთ ადეიშვილს, მერაბიშვილს და ბუნებრივია მელია წუწუნებს, თავის გადარჩენა თუ დამკვიდრება უნდა, მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა პრაქტიკულად ამ პარტიიდან გამოაგდო.

„მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის რეალობა, რომელშიც ახლა ისაა და მიუხედავად იმისა, რომ გაგდებულია, ენმ-ში ხავსს კვლავაც ებღაუჭება, თუმცა მისი გადასაწყვეტია",- განაცხადა ალუდა ღუდიუშაურმა.

როგორც თავად ნიკა მელია ფეისბუქზე წერს, ნდობის საბჭო უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მელიას შეფასებით, მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

„ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ერთობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ნდობასა და თანხმობას საერთო მიზნის გარშემო. 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტიაში გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა არჩევნები, რომელსაც მათი დაპირებით, შედეგად უნდა მოეტანა პარტიის გარდაქმნა, გააქტიურება, სამოქალაქო პროტესტის გამწვავება და უახლოეს თვეებში მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.

„რადგან პარტიის ერთიანობა და თანხმობა ყოველთვის მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, დავთანხმდი ამ არჩევნებს, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა პარტიის ახალი მენეჯმენტი. მე მივიღე არჩევნების შედეგები, მივულოცე და წარმატება ვუსურვე ახალ მენეჯმენტს. სამწუხაროდ, ნდობა არსებული მენეჯმენტის მიმართ დაიკარგა მათი მოსვლიდან პირველივე კვირაში.

„მაშინ, როდესაც, ტექნიკური ყრილობა, რომელსაც მხოლოდ არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, გამოყენებულ იქნა პოლიტსაბჭოს დაშლისა და პოლიტსაბჭოს ახალი წევრების დანიშვნისათვის. ხალხი უბრალოდ გარიცხეს პოლიტიკური საბჭოდან, ჩემით დაწყებული ალბათ ყველას სახელი და გვარი ცნობილია საზოგადოებისთვის. ყველასთვის ნათელია ეს უსამართლობა და ვერავინ მიიღებს ამას....

„პირდაპირ გეტყვით - ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია. სამწუხაროდ, ახალ მენეჯმენტს დღიდან მოსვლისა არაფერი უკეთებია, გარდა პარტიის ხლეჩვისა: პოლიტიკური საბჭოს დაშლის შემდეგ ახალმა მმართველებმა საკრებულოების სიებიდან ამოიღეს ყველაზე ერთგული ადამიანები, რომლებმაც წლების მანძილზე იბრძოლეს და ბევრ საარჩევნო ოლქში ისე ახლოს მივიდნენ გამარჯვებასთან, როგორც არასოდეს მივსულვართ. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველა ის ნეგატიური მოლოდინი, რომელზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ახალ მენეჯმენტს, დღეს სამწუხარო რეალობაა. თითქმის 1 წლის თავზე ყველასთვის ნათელია მათი მმართველობის შედეგები:

„პარტია ორად არის გაყოფილი. მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად დაიკარგა ერთიანობა, დრამატულად დაზიანდა ნდობა პარტიის მიმართ, ჩაკვდა პოლიტიკური პროტესტი, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობა ასხივებს სრულ პოლიტიკურ უსუსურობას, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, ხოლო დაქსაქსული პარტია დღითიდღე კარგავს ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას, ისევე, როგორც ერთობლივი ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნის უნარს.

„2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. მორალურ, ღირებულებით და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი პარტია დღეს უძლურია, უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგომ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

„პარტიაში ჩვენ მართლაც გვჭირდება ერთობა... ერთობა ღირებულებების, პოლიტიკური იდეალებისა და ეროვნული მიზნის გარშემო, რომელიც უნდა გახდეს ოპოზიციური ბრძოლის გაძლიერებისა და ამ ქვეყანაში ცვლილების საფუძველი და წინაპირობა. სწორედ ამას უნდა ემყარებოდეს პარტიის ერთობის ნებისმიერი მანიფესტი თუ დეკლარაცია. ერთობა და ნდობის აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ამ პროცესის პოზიტიური გადატვირთვის და განახლების შედეგად.

„გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ამ საბჭოში პარტიაში არსებულ ინტერესთა ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლობა; ნდობის საბჭო ასევე უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

„ამ არაორდინალურ და მძიმე კრიზისში ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე და დადგეს სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა იმ ღირებულებების ერთგულებისათვის, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ეს პარტია. ერთობას, ნდობას, თანხმობას და ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს; კარჩაკეტილობამ და არაფორმალურმა მართვამ პარტია უფსკრულის პირას მიიყვანა. უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; - არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში.

„პ.ს. თუ ეთანხმებით ამ ინიციატივას, გადადით ლინკზე და მოაწერეთ ხელი. ხელმოწერა არის კონფიდენციალური:",- წერს მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×