ია აბულაშვილი
10.11.2023

"უახლოეს პერიოდში პოლიტიკური სპექტრი დალაგდება და საერთო პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება გვარმია-ზურაბიშვილის ტანდემი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი გაჰყვება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? ოპოზიცია ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მხოლოდ რეკომენდაცია გაიცა.

იგორ კვესელავა: საქართველო რომ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ამაზე ადრეც ვამბობდი. ჩემი პროგნოზი გამართლდა და ევროპამ ხელი გამოგვიწოდა. ეს არის პოლიტიკური საჩუქარი, გაცემული ევროპელების მიერ გარკვეული დათქმებით, მე ვიტყოდი, მოთხოვნებით, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 დეკემბერს საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

შეიძლება ცოტა დროა დარჩენილი და ყველა საკითხი ვერ მოგვარდეს, მაგრამ ძირითადი საკითხები, მათ შორის დეპოლარიზაციასა და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. 15 დეკემბრამდე ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოთხოვნებში ერთ-ერთი იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც.

„რ": შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რას ელით, რატომ ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიცია, დაიწყოს საარჩევნო კამპანია? დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ გრძელდება. სააკაშვილის განცხადებაც პარტიაში ყველამ სათავისოდ წაიკითხა.

ი.კ: არის გაუგებრობა, რა იგულისხმა სააკაშვილმა თავის განცხადებაში, მაგრამ ფაქტია, რომ მიშა ცალსახად არაფერს ამბობს და ცალსახად არავის უჭერს მხარს. ეს არის სწორი პოლიტიკა და ამ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მიშა. ყველას მოუწოდა, დაპირისპირებას პარტიაში სჯობს, გაერთიანდითო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მალე გავიგებთ, რადგან მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი 15 დეკემბრის მოლოდინშია, რა გადაწყვეტილება იქნება სტატუსთან დაკავშირებით. ამის მიხედვით დალაგდება შემდეგ პოლიტიკური სპექტრი, ჯერჯერობით კი ქვეყანაში სიმშვიდეა.

არენაზე ახალი იდეებით უკვე გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ფიგურა ნიკა გვარამია, რომელსაც უნდა სიახლე. ვფიქრობ, მას აქვს შესაძლებლობა, გაუძღვეს პოლიტიკურ პროცესებს. დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლეთში. ასევე პროდასავლური ძალაა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საქმეში. ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას აქვს შანსი, შექმნას საერთო, და არა ერთიანი პოლიტიკური ძალა. ანუ შეიქმნას გვარამია-ზურაბიშვილის ტანდემი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი გაჰყვება. როგორ და რა ხერხებით შეძლებს გვარამია ხალხის მოზიდვას, ამას მომავალი გვიჩვენებს. პოლიტიკაში შესვლა მშვიდობა არ არის, ეს არის ბრძოლა და გვარმია მზად არის ბრძოლისთვის.

„რ": მიშა სააკაშვილი უბრძოლველად დათმობს პოზიციას და ლანგარზე დადებული მიართმევს გვარამია-ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერობას?

ი.კ: მიშამ დაამთავრა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში. დღეს ევროპაში ძალიან სერიოზულად დგას სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი ქვეყნიდან გაყვანის საკითხი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×