თამთა ჩაჩანიძე
09.11.2023

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში კვლავ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, ის საფრანგეთში მშვიდობის ფორუმს დაესწრება და პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთში ამავე ღინისძიებაზეა მიწვეული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. იგი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა. ზურაბიშვილმა გამგზავრებამდე იმედი გამოთქვა, რომ პრემიერთან ერთად ღონისძიებაზე დასწრება დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ყველა მოელის, რომ ეს დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვია და „სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო". ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტები ევროინტეგრაციას პირიქით ხელს უწყობს.

8 ნოემბერს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პრესკონფერენციის შემდეგ, ღარიბაშვილი მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. შეხვედრა უკვე შედგა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საფრანგეთშია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და ორდღიან ფორუმს ისიც დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 10 ნოემბერს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის არ მიუმართავს. როგორც ზურაბიშვილმა გამგზავრებამდე აღნიშნა, ისიც მშვიდობის ფორუმს დაესწრება, სადაც იქნება პრემიერიც და „ნებსით თუ უნებლიედ" დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

„გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა", - განაცხადა ზურაბიშვილმა 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო, - აცხადებს ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მისი ქმედება არაკონსტიტუციური იყო. მეტი რა შეგიფასოთ? ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პროცედურას ვერ დავიწყებთ. „ქართულმა ოცნებამ" თავისი პოლიტიკური პოზიცია ერთხელ უკვე გამოხატა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გამოდის, რომ პრეზიდენტი თავის თავს ერთ-ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს, ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ-ერთი მხარე, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

„არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს მართლა თქვა, გამოდის, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით არის ზეპარტიული, უნდა იყოს პოლიტიკის მაკონსოლიდირებელი, შეთანხმებების მხარდამჭერი, გამოდის, რომ თავის თავს ერთ- ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს, ანუ ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ- ერთი მხარე, ასე გამოდის ამ განცხადებით. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ან ჩვენს საზოგადოებასთან რაიმე პოლარიზაციაში ვართ და არ მიგვაჩნია, რომ როცა ევროპაში ჩავდივართ, წარმოვადგენთ რომელიმე პოლუსს. ევროპაში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს და საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა თალაკვაძემ.

„გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება".

„შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ", შეიძლება პრეზიდენტი „გაბლატავდა" და, ზოგადად, როგორც უნდა, ისე იქცევა აწი, რადგან, მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამბობს, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტზე მხოლოდ დატუქსვას უნდა ველოდოთ. „დატუქსვა, როგორც ერთხელ უკვე ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. მგონი, ამის იქით არაფერს უნდა ველოდოთ", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×