ნაზი ბერიძე
09.11.2023

წმინდა იურიდიული კუთხით თამაზ გინტურის მკვლელობა ომის დანაშაული და ის პირი ან პირები, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი ლია მუხაშავრია. ამასთან, მისი თქმით, დასჯა შეიძლება განახორციელოს რუსეთმა თავისი კანონმდებლობის ფარგლებში ან საქართველომ, თუ გადმოცემენ. აქ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ემუქრება გასამართლება 109-ე მუხლით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან, რუსეთი მკვლელის ბრალეულობას უარყოფს. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება პოლიტიზირებულია - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა. ზახაროვას თქმით, ევროკავშირი პოლიტიზირებული და ყალბი შეფასებებით ხელმძღვანელობს, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთს სდებს ბრალს.

„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ ყურადღებას არ აქცევენ აშკარა ფაქტებსა და ოსური მხარის ამომწურავ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, შეფასებები ყალბია. ეს ყველაფერი ევროკავშირის ღია მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს", - განაცხადა ზახაროვამ.

ევროკავშირი რომ საქართველოს თამაზ გინტურის მკვლელების პოვნაში დაეხმარება, ამ განცახდებით დაიწყო ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ოთხშაბათს საქართველოს შესახებ საუბარი.

იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს ან რუსული ან ქართული კანონმდებლობით, და ამ საკითხს არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიზებასთან.

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩვენ გვაქვს საქმე, გამოძიება მიმდინარეობს სწორედ აგვისტოს ომის და შემდგომი მოვლენების შესახებ და ალბათ იმ საქმეს დაემატება გინტურის მკვლელობაც.

„ეს არის ომის დანაშაული და ომის დანაშაულის შემადგენელი ნაწილი. პოლიტიზება აქ არაფერ შუაშია, რადგან როდესაც ცხელი ომის ფაზა დასრულებულია და მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, და ამ ოკუპაციის პროცესში ხდება უდანაშაულო, უიარაღო ადამიანების უკანონოდ დაპატიმრება, გატაცება, მკვლელობა თუ სხეულის დაზიანება, მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა, ყველაფერი ეს ერთად ხვდება ომის დანაშაულის კატეგორიაში, და რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს.

„საბედნიეროდ, ახლა რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მარტო აღარა ვართ, რუსეთის წინააღმდეგ არის მთელი მსოფლიო, მთელი გაერთიანებული ევროპა და ამიტომ, ბუნებრივია, უფრო მეტია შანსი და შესაძლებლობა პასუხისმგებლობა დაეკისროს დამნაშავე პირებს.

„დასჯის მექანიზმი შეიძლება იყოს ის, რომ დამნაშავე, ვინც ჩაიდინა მკვლელობა უშუალოდ, თავად რუსეთმა დასაჯოს, ხოლო თუ ექნებათ, ასე ვთქვათ, სურვილი, მოხდეს ამ დამნაშავის საქართველოსთვის გადმოცემა. ანუ, საქართელოს იუსტიციის სამინისტრომ მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას იმ პირის ან იმ პირების გადმოცემა, ვინც ჩაიდინა გინტურის და სხვა პირთა მკვლელობები. მათ შორის ოთხოზორიასი. ზოგიერთი იდენტიფიცირებულია, ზოგიერთის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. თუ რუსეთი გადმოგვცემს, ის ადამიანები აქ გასამართლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, სავარაუდოდ ეს იქნება 109-ე მუხლი, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს," - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×