
პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. არადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა სალომე ზურაბიშვილს ორი დღის წინ გაუგზავნა. ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც უკვირთ ამ საკითხზე ზურაბიშვილის დაგვიანების, რადგან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, თავად პრეზიდენტმა მოითხოვა ამ პროცედურების დაწყება.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მიმართვას ელოდებოდა, თუმცა ორი დღეა, ხელს არ აწერს. მისივე თქმით, პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან „მითითებას ელოდება“.
„ზუსტად არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს პრეზიდენტს, მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება და ამას ვერ წყვეტს, როგორც სხვა საკითხებს. რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერ მიაღწიეს, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ.
„პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს, თუმცა უკვე ორი დღეა გასული და ხელს არ აწერს, რაც გამაოგნებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამ გეგმის ნაწილი იყო. ის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას ანარჩუნებინებს. ალბათ იუსტიციის სამინისტროს მიმართვას არ ელოდებოდა, მოულოდნელი იყო და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„როგორც ვიცი, თავად პრეზიდენტმა მიმართა, რომ ეს პროცედურები დაწყებულიყო. ზუსტად არ ვიცი, ამ საკითხზე სპეკულაციები არ შეიძლება. ფარცხალაძეზე სამართლებრივი პროცედურებია მოქალაქეობასთან ერთად ჩასატარებელი - გამოკითხვა, დაკავება და ა.შ,“ - აცხადებს საპარლამენტო ჯგუფ „რეფორმების ჯგუფი” წევრი, „სტრატეგია აღმაშენებლის” გენმდივანი პაატა მანჯგალაძე.
„გირჩის” დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მისთვისაც გაუგებარია ამ პროცესის გაწელვა, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტს ამის გარკვეული მიზეზიც აქვს.
„კანონით სავალდებულოც არის ამის გაკეთება. მეც მიკვირს, რომ ეს პროცესი იწელება, მაგრამ შესაძლოა პრეზიდენტს ამის რაღაც მიზეზიც აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა საკითხები გადაფარა, რადგანაც, ჩემი აზრით, ტაქტიკური, სერიოზული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ნაწილში და შეიძლება უამრავი სხვა საკითხი ჰქონდეს, სანამ ბიუროკრატიულ რაღაცას მოამზადებს და ხელმოწერამდე მივა,“ - აღნიშნავს რაქვიაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკვე ნათელია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ბანაკშია და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასწრაფოდ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტის გადაგზავნა მოსთხოვა, უკვე ორი დღეა ხელი არ მოუწერია.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქცევაში უკვე უცნაური არაფერი აღარ არის. ამ ქალბატონის არაადეკვატურ ქცევებს უკვე ყველა შევეჩვიეთ. არ ვიცი რეალურად რა არის მიზეზი, რის გამოც 2 დღეა ხელმოწერისთვის ვერ მოიცალა. მივლინებაში არსად წასულა. რაიმე სხვა საქმით ქვეყნის შიგნით შეხვედრები არა აქვს. ამიტომ, რა არის მიზეზი, რის გამოც სამი დღე ხელმოწერას აჭიანურებს? არადა ბრიფინგზე იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა სასწრაფოდ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტი გადმომიგზავნეთო. ანუ, მის ქცევას აქვს რაღაც მიზანი, მაგრამ რა, არ ვიცი.
„თუ ფიქრობს, რომ ამ თემიდან კიდევ რამე გამოვა და ქვეყანაში დუღლის ტემპერატურას გაზრდიან, ძალიან ცდება. მსგავსი რამ არ მოხდება - „ნაციონალებმა“ უკვე ეს სცადეს, მაგრამ 200 კაცზე მეტი არ გამოვიდა. რას ელოდება, ნამდვილად არ ვიცი. კი ბატონო, პრეზიდენტი კარგი დიპლომატი შეიძლება არის, მაგრამ არც თუ კარგი პოლიტიკოსია, რომელიც ალღოთი უნდა ხვდებოდეს, როდის რა უნდა გააკეთოს. მისი არაადეკვატურობა ყოველდღიურად იზრდება და უკვე არაფერი აღარ მაკვირვებს,“ -ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.