რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებები მიდის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებამდეც მივიდა, ამის ფონზე კი, უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან საქართველოს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უნდა ჰქონდეს.
ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ასპირატი ქვეყნის სტატუსი აქვს. არის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატი და გვაქვს პარტნიორობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არასაკმარისია და რაღაც უფრო ხელშესახები მყარი გარანტია უნდა ჰქონდეს ქვეყანას, გლობალური ქაოსის ფონზე. თუმცა, მათი თქმით, ეს ორმხრივი აქტიურობით მიიღწევა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი უსაფრთხოების სფეროში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ შედეგებზე გვიყვება, რაც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ამბობს, რომ მეტია გასაკეთებელი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიურობაა საჭირო.
„ჩვენ ნატოს აპირანტი წევრის სტატუსი გვაქვს, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატი, პარტნიორობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. ამასთან, სამხედრო წვრთნები იმართება ხოლმე და ბოლო პერიოდში არ ჩატარებულა, რაც რაღაცნაირად გვაფიქრებინებს, რომ ნატოსგან უკან ვიხევთ.
„ახლა თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე თანხმობა გვითხრა, ნიშნავს, რომ რეფორმების თვალსაზრისით ასე თუ ისე რაღაცას ვაკეთებთ და შესაძლოა პოლიტიკურ ნაწილში ამან ნატოზეც იმოქმედოს, თუმცა, სამხედრო თავსებადობა ნაკლებად გვაქვს, რადგან ამ საკითხებს სახელმწიფო უსაფრთხოების თემები ემატება.
„ნატოში ინტეგრაციის საკითხს პირდაპირ ურტყამს ის სკანდალური განცხადება, რაც აშშ-მა ბოლოს გააჟღერა, რომ საქართველოს მთავარი გენპროკურორი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, ესაა დამაბრკოლებელი და ნაღმიც კი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ამას სუს-ის განცხადებაც ემატება, როცა ირიბად ნატოს წევრ ქვეყნებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აბრალებს.
„მსგავსი განცხადებებისგან და მოქმედებებისგან საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს, რადგან ეს ნატოში ჩვენი შემდგომი უსაფრთხეობის გარანტიებზე პირდაპირ მოქმედებს და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
„ახლა ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები ძალიან სჭირდება, მითუმეტეს, რომ რეგიონშიც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და გლობალური თვალსაზრისითაც ყველაფერი მნიშვნელოვნად იცვლება. ჩვენ კი ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა გვაქვს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ, რისთვისაც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
„უკრაინამ იმდენი გააკეთა, რომ ალიანსში მაპის გარეშე იღებენ, ამაზე ომის გამო თუ დათანხმდნენ, ომი ჩვენც გვქონდა და ახლა შეგვიძლია სიტუაცია იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ მაპის გარეშე მიგვიღონ. ამისთვის პირველ რიგში ანტიდასავლურ განცხადებებს მოვეშვათ და უნდა გავაქტიურდეთ, თუნდაც ვიზიტებით, თუნდაც რეფორმების თვალსაზრისით, ამაში ალიანსი ხელს თავად შეგვიწყობს. სამწუხაროდ 2016 წლიდან ერთ ადგილზე ვდგავართ და პროგრესი არ გვაქვს და ეს ყინული უნდა დაიძრას",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოს ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით საქართველო რეფორმებით და ბევრი ცვლილებებით მოწინავეა, თუმცა კვლავ დისტანციაა.
„სამწუხარო რეალობაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება კი არა, საქართველოს საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენსა და ნატოს შორის დიდი დისტანციაა. ჩვენ მასთან ჯებირები არ აღგვიმართავს, იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმებით თუ ყველანაირი ცვლილებებით, ალიანსის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა, აქაც პოლიტიკური მოსაზრებები იკვეთება, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ალიანსის წევრები არ უნდა იყვნენ, რაც ძალიან სამარცხვინოა.
„ამავე დროს დასავლეთს უნდა შევახსენოთ, რომ უსაფრთხოება არ იქნება თუ სამეზობლოში პრობლემებია, ეს ნათლად დაგვანახა, როგორც საქართველოს, ისე უკრაინისა და მოლდოვის მაგალითმა. გადავხედოთ ჩვენს სამეზობლოში რა ხდება და რას ამბობენ დასავლეთის წამყვანი სპეციალისტები, რომ დროა ნატო გაფართოვდეს.
„ჯერჯერობით ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიები არ ჩანს. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ცალკეულ ბაზებზე უაზრო სპეკულაციები უადგილოა. უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოდანა, რომლის ქვეყნები აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნებია",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".