ნაზი ბერიძე
14.09.2023

რუსეთი გემებისთვის შავი ზღვის ნაწილს ხურავს. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, ტოდორ ტოგარევის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ნატოს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა შავ ზღვაში რუსულ პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი შეიმუშაოს, კერძოდ, რუსეთის მიერ ბულგარეთის შავი ზღვის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილობრივ ბლოკადაზე.- ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე, ამ რაიონში სამხედრო წვრთნის ჩატარების გამო, რუსეთმა შავ ზღვაში არსებული ბულგარეთის ეკონომიკური ზონის ნაწილი ნაოსნობისთვის დახურულად გამოაცხადა. „ბულგარეთი ასეთ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს. ჩვენ ამ პროვოკაციებზე პასუხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებლად, ისე ნატოს მოკავშირეებთან ერთად",-განაცხადა ტოგაევმა.

მისივე თქმით, უწყებას ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული სცენარი ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინული პორტებიდან მიმავალ სატვირთო გემებზე რუსეთის მიერ შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

„მოცემული მომენტისთვის ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მიმავალ სავაჭრო გემებზე თავდასხმის უშუალო რისკი ან საფრთხე არ არის.

აღნიშნული წყლები თითოეული ზღვისპირა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო საზღვრის ნაწილს წარმოადგენს. ტერიტორიულ ზღვაში განხორციელებული თავდასხმა ბულგარეთის რესპუბლიკაზე და ზოგადად ნატოზე თავდასხმად შეიძლება აღიქვას",-თქვა ტოგაევმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"აცხადებს, რომ როგორც ბულგარეთი, ასევე ნატოს სხვა წევრები მიიღებენ ზომებს შავი ზღვის აკვატორიაში, ექნებათ აგრესიული რეაგირება.

„შავი ზღვა გადაიქცა არასტაბილურობის სამხედრო კერად და ეს კიდევ უფრო შეზღუდავს შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნების თუნდაც ამ არიალის გამოყენების ეკონომიკურ საშუალებებს.

„ამასთან, ბულგარელები გაზრდიან თავიანთ სამხედრო-საზღვაო ფლოტს, რომელიც არც თუ ისე ძლიერი იყო თავის დროზე. ბულგარეთი არ აქცევდა ამას ყურადღებას, იმიტომ რომ მაშინ შავი ზღვის აუზი სტაბილურობისა და მშვიდობის აკვატორია იყო, ახლა ეს აკვატორია გადაიქცა ომისა და არასტაბილურობის აკვატორიად, ამიტომ ბულგარეთი გააძლიერებს თავის საზღვაო-სამხედრო კომპონენტს და ალბათ, ნატოს კოალიციური სამხედრო საზღვაო ძალებიც შემოვა.

„ამას გარდა, სამშვიდობო ნაოსნობას შეიძლება დაესვას წერტილი შავი ზღვის აკვატორიაში, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენზეც - საქართველოზე", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომის პროცესებიდან გამომდინარე, შავ ზღვაში ნაოსნობა დიდი ხანია ნორმალურად არ ხდება. ბულგარეთი ალბათ საპასუხოდ დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლება, ხოლო, თურქეთი ხმას არ ამოიღებს.

„შავ ზღვაში ნორმალური ნაოსნობა უკვე აღარ ხდება, იმიტომ რომ ომთან დაკავშირებული პრობლემებია რუსეთს ახასიათებს ასეთი ქმედებები, აკეთებს ნაბიჯს, ელოდება პასუხს და ეს პასუხი თუ არ არის ადეკვატური, ის აგრძელებს თავისი ნაბიჯის კეთებას. თუ პასუხი ხისტი არის, მაშინ რა თქმა უნდა, რუსეთი უკან იხევს ხოლმე" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: „არა მგონია რომ რუსეთმა ნატოს სახელმწიფოების ეკონომიკური ზონები დახუროს ზღვაოსნობისთვის. რუსეთმა შეიძლება დაკეტოს თავისი ტერიტორიები და მაქსიმუმ უკრაინის ტერიტორიები, სადაც ომი მიმდინარეობს. თუკი ეს ნატოს ქვეყნებს გადასწვდება, ნატოს აქვს შავ ზღცაში საკმარისი საშუალება, რომ ამის განბლოკვა მოახერხოს" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×