
ნიკა მელია ენმ-დან წასვლას არ აპირებს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის ფლანგს კვლავ უპირისპირდება და აცხადებს, რომ მათ პარტიის გახლეჩვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. დღევანდელ მენეჯმენტს მწვავე ბრალდებას უყენებს, ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, პოლიტსაბჭოდან 80 წევრი ფაქტრობრივად გაყარეს. მელიას ვრცელ განმარტებებს თანაპარტიელებმა „ლანძღვა" უწოდეს, რომელიც „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. მმართველ გუნდს კი მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „არსებობის ბოლო პერიოდს გადის".
რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ენმ-ში დაპირისპირების დრო არაა და მთავარია ერთობა შენარჩუნდეს. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი საკმარისი არაა და როცა „კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო და არა დამალო".
ენმ-ს წევრს გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ ეს განცხადება მელიას მხრიდან დამცინავი იყო და რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები მან „აბუჩად აიგდო".
„როდესაც ასეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან მოწოდებას, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ სერიოზულად უნდა აღიქვას და არა როგორც მან - დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია, როგორც სადღეგრძელო. ჩემთვის სადღეგრძელო არასდროს არ არის არასერიოზულად ნათქვამი, ქართული ტრადიციით კაცი ყოველთვის იმას ლაპარაკობს სადღეგრძელოში, რასაც გულით ფიქრობს, ეს ერთგვარი ლოცვაც არის, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც რაღაც დამცინავად თქმა, თითქოს მხოლოდ სადღეგრძელოა და არაფერი სერიოზულია, არის ძალიან სამწუხარო, და ნიკას ეს არ უნდა ეკადრა. არავინ არ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები. მე ვფიქრობ ახლა სახუმაროდ არ გვაქვს არავის საქმე, ახლა ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ქვეყანა, დაუფლებულია რუსული მაფია, ბანდიტები და ქვეყნის მოღალატეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა შევეცადოთ საზოგადოების კონსოლიდაცია," - განაცხადა ბარამიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას კიდევ ერთ განცხადებას, რომ პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია. ბარამიძის თქმით, პარტიის კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ლანძღვა და ნებით თუ უნებლიედ „ქოცების" წისქვილზე წყლის დასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი და თუ ვინმე ამას აპირებს, სჯობს თვითონ გავიდნენ პარტიიდან.
„ნაციონალურ მოძრაობას" არავინ არ გაუყრია, ეს არის ტყუილი და ასეთი ტყუილი არ უნდა იკადროს არავინ. რაც შეეხება შეცდომებს - შეცდომები იყო და ამის თაობაზე მეც ვისაუბრე, ეს ეხებოდა პოლიტსაბჭოს არჩევას.
„პარტიის კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ლანძღვა და ნებით თუ უნებლიედ „ქოცების" წისქვილზე წყლის დასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ ვინმე ამას აპირებს, ჯობია თვითონ გავიდეს პარტიიდან, თავის გზას მიხედოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს გავახსენებ ყველას - ჩვენგან გავიდა ძალიან ბევრი ნიჭიერი და უნარიანი პოლიტიკოსი, მაგრამ საზოგადოებამ მათ ელექტორალურად თავისი ადგილი მიუჩინა, განულდნენ. არა იმიტომ, რომ ისინი პიროვნულად ცუდი ადამიანები არიან, არამედ, როდესაც მოწყდები მთავარ გუნდს ელექტორალურად, სახელმწიფო ასე რეაგირებს. ამიტომ, ვინც გავა, ყველა ასე განულდება, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. 2012 წლიდან „ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე წყებად გავიდა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ფაქტობრივად, ყველამ ეს ფიასკო განიცადა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ
ენმ-ს კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავაც მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ გუნდში ერთობა მნიშვნელოვანია.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა დავეთანხმო, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით წუხილი არსებობს. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება შესაძლებელია ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების შემთხვევაში. გაერთიანებების ფონზე ოპოზიცია გაცილებით უფრო გაძლიერდება. ჩვენ ასეთ გაერთიანებებს ბიძგი მივეცით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, მოსაზრება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ ფარულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ შევიდნენ, ესაა ერთმანეთის უნდობლობა, რაც ძალიან მძიმე ფონს ქმნის. თინა ბოკუჩავამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ამგვარი სპეკულაციები უნდა შეწყდეს, რადგან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი ამ თამაშში მონაწილეობას არ აპირებს.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს უპასუხა, როგორც მელიამ თქვა, „ნაცმოძრაობა" დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია არაფორმალური მმართველობის ქვეშაა და რეალურად პარტიას ლევან ხაბეიშვილი არ მართავს, მენეჯმენტმა კი შეცდომები უნდა აღიაროს.
„დღეს პარტია არის, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში 5 თებერვლის შემდეგ, რაც ამ პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანის სახით, ფაქტობრივად, გაყარა პარტიიდან. აქ არაა საუბარი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, მე გამოვედი და მივულოცე მათ, და დაიხურა ეს მძიმე ფურცელი. ამის შემდეგ, დღემდე, პარტიის ხლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია, სამწუხაროდ, დღეს არის ეს მოცემულობა. ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით, არ არის საკმარისი. როდესაც კედელი ჩამონგრეულია, კედელი უნდა ააშენო და არა დამალო ეს კონკრეტული კედელი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ შეფასებები, რაც ჩემ მიერ კეთდებოდა ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ეჭვიც არ მეპარება, რომ პარტიაში დღეს არის მძიმე ვითარება და თუ ეს ვითარება გვინდა, რომ გამოსწორდეს, მენეჯმენტმა უნდა აღიაროს შეცდომები და შეცდომების აღიარების შემდეგ, ხდება ვითარების გამოსწორება. შენ თუ შეცდომას არ აღიარებ, ბუნებრივია, შეცდომას ვერ გამოასწორებ", - განაცხადა მელიამ.
კითხვაზე აპირებს თუ არა ის პარტიიდან გასვლას, მელიამ აღნიშნა, რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, თუ დღეს ვინმე გასული და დაშორებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს სწორედ დღევანდელი მენეჯმენტია.
„თუ „ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლაზე მაინც და მაინც აპელირებთ, „ნაციონალური მოძრაობას" იდეურად დაშორდა უამრავი ის ადამიანი, ვინც დღეს არის პარტიულ მენეჯმენტში, სამწუხაროდ. პარტია არ არის მხოლოდ საარჩევნო ნომერი, ლოგო. ეს არის ღირებულება, არის ფასეულობა, არის იდეა და ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და თუ ვინმემ დატოვა პარტია,
„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ პარტიის ხელმძღვანელობაა. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამ პარტიას მართავს ლევან ხაბეიშვილი, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მოსაზრებაში, უბრალოდ მე მირჩევნია დავრჩე ჩემს სიმართლესთან და ამ პოზიციაზე, იმიტომ, რომ ეს ასე არის და ასე მჯერა. იესო ქრისტე რო, მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ, რომ ეს სიმართლე არ არის", - განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა" თავის არსებობის ბოლო პერიოდს გადის, წინასაარჩევნო პერიოდი და 2024 წელი იქნება ალბათ გადამწყვეტი ამ კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მალე, სულ მცირე ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია ვეღარ იქნება.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე როგორც სისტემური დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა არ გასამართლდა და როგორც მაშინდელმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მათ მოექცნენ არა ისე, როგორც იმსახურებდნენ, არამედ როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ნათელი გახადა, რომ ვერ გაიაზრეს და გაითავისეს ის დანაშაულები, რაც ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი. არა დემოკრატიის შუქურა, არამედ ავტოკრატიის და ტირანიის ბუდე იყო საქართველო „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ეს დაპირისპირება არის მცირე ნაწილი დუღილისა, სადაც სიბინძურე ზემოდან ექცევა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ხდება, მაგრამ შიდა დინებებიც იმდენად მძიმე და ბინძურია, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოუდგენელია ჰქონდეს რაიმე პერსპექტივა მომავალ არჩევნებზე," - განაცხადა მათიკაშვილმა.