
ყოფილი სახალხო დამცველი მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებამ მმართველი ძალის კრიტიკა გამოიწვია. კობახიძემ პირდაპირ დასცინა ოპოზიციას და თქვა, რომ ასეთი დაგეგმარების გამოისობით აგებს ის ყოველთვის არჩევნებს და ასე მოხდება მომავალ წელსაც. როგორც „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება" „მშვიდად თუხთუხებს თავის ქონში და არაფერს არ აკეთებს", დიდი ალბათობით ის ისევ მოიგებს არჩევნებს, რადგან მას ჰყავს ორი მოკავშირე - ოპოზიციის სისუსტე და ხალხის სიღარიბე.
„ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს" წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები," - უთხრა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში... ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას, ხომ?! შესაბამისად, ისინი მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ", - თქვა კობახიძემ. ფიქრობს, რომ ლომჯარია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" დააფუძნა, სუსტი პროექტია.
„ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე იყო თავის დროზე „ლელო" და გახარია. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცი" საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი პროექტებიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება, იყოს რომელიმე სხვა გვარი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული. უბრალოდ ვერ შეასაღებ ქართულ საზოგადოებას ლომჯარიას არანაცად და იმ ადამიანებს, რომლებიც მის გამო არიან შეკრებილი. ისინი არიან ჩვეულებრივი ნაცები", - დასძინა „ოცნების" თავმჯდომარემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" კობახიძის განცხადებას აფასებს, როგორც წინასაარჩევნო მოთელვას, ოპოზიციის დაკნინებას და სამომავლოდ კანდიდატის სტატუსით ხალხის მანიპულირებას.
„კობახიძის გამოსვლა ამ შემთხვევაში ჯდება რაღაცა წინასაარჩევნო ამორალურ პრაქტიკაში, რაც საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია და მსოფლიოშიც მიღებულია, ავტორიტარულ და ნახევრად ჰიბრიდულ რეჟიმებში, სადაც დემოკრატია არავის არ ადარდებს. ის არის პოლარიზაციის მთავარი წამყვანი ფიგურა, და ეს არის ერთერთი უსუსური ნიმუში როცა მას უფრო „ბრილიანტი" და „ოქრო" გამოსვლები აქვს პოლარიზაციის გაღრმავებაში. აშკარაა, რომ ორი ძალა აქვს მხოლოდ „ქართულ ოცნებას" - ოპოზიციის სისუსტე და [მოსახლეობის] სიღარიბე.
„უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მეტი ღარიბი ადამიანი იქნება საქართველოში მით უფრო იოლი იქნება მათი მოსყიდვა, უფრო იოლი იქნება მათი გაბითურება, მანიპულირება. იმიტომ რომ ღარიბ ადამიანს არ სცალია ტელევიზორისთვის, რომ განსხვავებული აზრი მოისმინოს, მას სჭირდება ტომარა ფქვილი და რაღაც სოციალური დახმარებები.
„ამიტომ „ქართული ოცნება" მშვიდად თუხთუხებს თავის „ქონში". არაფერს არ აკეთებს არაფერზე არ დარდობს, იცის, რომ როგორმე უნდა გაანადგუროს და ოპოზიციას ესროლოს ტალახი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა".
„ნაციონალური მოძრაობა" არაპოპულარულია საზოგადოებაში, რაღაც ნაწილი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ეს არის სააკაშვილის დამსახურება და არა ხაბეიშვილის, მელიას, ლომჯარიას, მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის. სააკაშვილი კი „ქართული ოცნების" პროპაგანდით იგივდება „სისხლიან 9 წელიწადთან", შესაბამისად ძალიან იოლია ლომჯარიას, პეტრეს, პავლეს თუ გახარიას დააბრალონ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პროექტია და მოსახლეობის ღარიბი მასა ამას იჯერებს.
„ამიტომ ასე მშვიდადაა თავის წარუმატებლობაში „ქართული ოცნება". იციან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არაფერს წარმოადგენენ, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტი არარაობაა...
„არარაობა „ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ყოველთვის მოერეოდა არარაობა დღევანდელ „ქართულ ოცნებას". მაგრამ დღეს არარაობა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ამიტომ ერევა „ნაციონალურ მოძრაობას". ყველაფერს აბრალებს მას. ეს არის ძალიან კარგად გათვლილი ეფექტური მექანიზმი. სამწუხაროდ „ქართული ოცნება" ნამდვილად მოიგებს შემდეგ არჩევნებს, თანაც დამაჯერებლად, თუ ასე გაგრძელდა.
„რაც შეეხება იმას, თუ რა სჭირს ოპოზიციას, მან არ იცის რა შესთავაზოს საზოგადოებას, ერთადერთი რასაც სთავაზობს ეს თუთიყუში ხაბეიშვილი არის „რუსული ოცნება". კი ბატონო, გავიგეთ, „რუსული ოცნება" მუშაობს რუსულად. სავიზო რეჟიმი მოხსნა რუსეთთან, ფრენები აღადგინა, ყველაფერს იბრალებს - ანუ ვარ „რუსი ოცნება", ვაკეთებ რუსულ საქმეს.
„მაგრამ, შენ რომ ხარ დემოკრატია და ევროპული - რას აკეთებ? ამისათვის ამომრჩეველი კითხვას დაუსვამს ამ თუთიყუშ ხაბეიშვილს.აპირებ თუ არა ჩაატარო სასამართლო რეფორმა. ეს ის სასამართლოა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუტოვა „ქართულ ოცნებას," ეს არის მურუსიძის სასამართლო. შენ „ნაციონალური მოძრაობა" აღიარებ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო თუ მომავალში მოხვალ და მურუსიძის ახლობელს დანიშნავ ისევ? რას აპირებ, რომ შენი ხალხი აღარ მართავდეს სასამართლოს? ასევე უსაფრთხოების სამსახურები, მერაბიშვილ-ბერიას სისტემა რომელიც დაუტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ოცნებას" და მან ის იოლად შეითვისა. რომ მოხვალ, რას უპირებ ამ უშიშროების სამსახურებს? ისევ დატოვებ ძველებურად თუ შეცვლი? რაღაცას ამაზე ხმას არ იღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სიტემა - რას უპირებ? რა დაუტოვე, რასაც იყენებს ასე ეფექტურად „ქართული ოცნება" - შეცვლი თუ არ შეცვლი? ადგილობრივი თვითმმართველობები, დეცენტრალიზაცია, ფული წავა თუ არა რაიონებში, რაიონები ხარჯავენ მას თუ თბილისი მართავს ყველაფერს. თუ არაფრის შეცვლას არ აპირებ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, საშუალო სტატისტიკის მქონე ვიღაცა ამომრჩევლისათვის, ერთი და იგივე მმართველს „ნაციონალური მოძრაობა" ერქმევა თუ „ქართული ოცნება"? მთავარი საკრალური კითხვაა - რატომ უნდა მოგცე ოპოზიციას ხმა, როცა არაფერს არ მთავაზობ?!
„ჩემთვის მთავარია საქართველო და არა „ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ „ქართული ოცნება". კანდიდატის სტატუსი დიდი ნახტომია საქართველოსთვის. 30 წლის მერე „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" პოლიტიკაში არ იქნებიან, სამაგიეროდ ვიქნებით ევროკავშირში. თუ ახლა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, „ოცნება" ამას რა თქმა უნდა თავის ქულებში ჩაიწერს, მაგრამ მთავარია, აუცილებლად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
„მაგრამ „ოცნებას" არ უნდა ეს სტატუსი, ნამდვილად არ უნდა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რუსეთთან თანამშრომლობს, ჩინეთთან, რომ სტატუსი ვერ დავიმსახუროთ. მაგრამ თუ სტატუსი მაინც მისცეს ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ის იმსახურებს ამას. მაშინ, რა თქმა უნდა, ამას „ოცნება" გაიფორმებს როგორც წარმატებად. მაგრამ ურჩევნიათ არ მოგვცენ სტატუსი და დააბრალონ ყველაფერი ოპოზიციას და ევროპას - ჩვენ ყველაფერი გავეკეთეთ, დავიმსახურეთ, მაგრამ არ მოგვცესო," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.