თამთა ჩაჩანიძე
08.09.2023

საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, არის და იქნება, ითანამშროლოს, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჯოზეფ ბორელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ესაა ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ღარიბაშვილმა მადლიერება გამოხატა გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივის მინიჭების გამო და დასძინა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

როგორც ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, რომელიც ვალდებულებების შესრულებას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ კი სწორედ ამ მიზნით და სულისკვეთებით 12 რეკომენდაციაზე მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ რაც ეს პრიორიტეტები ქვეყანას გადმოეცა.

თავის მხრივ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სამი მთავარი გზავნილი გააჟღერა, ამბობს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, თუმცა, პრიორიტეტების შესრულება აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობით. მეორე გზავნილი საქართველოს საგარეო პოლიტიკას და რუსეთის უკრაინაში აგრესიას უკავშირდება. მესამე გზავნილზე საუბრისას კი ბორელმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ პარლამენტთან და სხვა აქტორებთან ერთად ‘უზარმაზარი სამუშაო გასწიეს პრიორიტეტების შესრულების კუთხით.

„ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ვუზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე მოწვეული იყო ამ პროცესში.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და მეტიც, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის.

„ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყო მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საუბრისას ღარიბაშვილმა ბორელს მიმართა, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია და რამდენიმე რეკომენდაციაა დარჩენილი, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ერთ-ერთი კი მისი თქმით დეოლიგარქიზაციაა, რის თაობაზეც მთავრობას ევროკომისიასთან კონსულტაციები ჰქონდა და ხელისუფლებამ მათი რეკომენდაცია გაითვალისწინა, კანონი არ იქნა მიღებული.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ორ კვირაში სამოქმედო გეგმას ელოდება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციის სულისკვეთებას სრულად ასახავს. მისი თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაცია პროცესშია, რომელიც სასამართლოს ეხება, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო სისტემაში ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყებამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია კომპლექსური და რთული საკითხია.

„რჩება კიდევ ერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

„მთავარი მინდა ვთქვა, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ამას იყენებენ რადიკალური ძალები, რათა მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის შეფასებით, ბოლო ათ წელიწადში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ხელშესახები რეფორმები გაატარა. პრემიერი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ევროკომისია საბჭოს დადებითი რეკომენდაციით მიმართავს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს აის „ქართული ოცნება", მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. მჯერა და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ასეთი გამოწვევის წინაშე, ალბათ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა.

„იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ეს თქვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს კარგად გესმით, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარი.

„პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების და სამოქალაქო პირების. ჩვენ მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა, მინდა შეგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენი თანამონაწილეობა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო და სანდო პარტნიორი ნატო-ს მისიებისთვის: ავღანეთში, ერაყში, ასევე, ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში - ცენტრალურ აფრიკაში.

„ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ, ჩვენ თავად ვართ მონაწილენი და კონტრიბუცია შეგვაქვს საერთო მიზნების მიღწევაში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების 55%-ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60-%-ზე მეტი, ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევ კოორდინაციას, აი, ამ პროცესს.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გადავეცი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რა გზავნილები გააჟღერა თბილისში ჟოზეფ ბორელმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ საქართველოს წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს, ვინაიდან მისი თქმით, ესაა ერთადერთი სწორი ისტორიული გადაწყვეტილება და სიტყვა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს გადასცა. ბორელმა თავის მხრივ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლოს საქართველოში 16 წლის წინ იყო, დღეს კი ხედავს, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და „აბსოლუტურად შეცვლილია".

ბორელმა საქართველოში სამი ძირითადი გზავნილი ჩამოიტანა, პირველი ისაა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს მიაკუთვნება, რისთვისაც ქვეყანამ ყველა ძალის ჩართულობით რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

„ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

„ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.

„რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.

„პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი.

„ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეორე გზავნილს რაც შეეხება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს უკრაინაში რუსეთის აგრესიას და საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.

"მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას," - თქვა ბორელმა.

მესამე გზვანილზე საუბრისას კი ბორელმა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ერთად დგომას გააგრძელებს და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით მტკიცდება.

„ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყველაზე ძლიერია, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, ჩვენ „გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში 15 წელია მუშაობს. ეს მისია ყოველდღიურად დიდ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. სასაზღვრო ზონაში პირადად მექნება შესაძლებლობა ადგილზე ვნახო არსებული მდგომარეობა.

„მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მსოფლიოში ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი. თქვენს მხარეს ვართ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალები გაძლიერდეს, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას აპრილში განვაცხადებთ.

„საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს. ჩვენ გვინდა საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ გვინდა, რომ გაიმარჯვოთ და ამისთვის საჭირო მხარდაჭერას მოგაწვდით", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. მისი თქმით, ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×