რუსეთს უკრაინასთან ომში ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. „ნადირობა" დაწყებულია რუსეთში მყოფ შრომით მიგრანტებზე. გარდა ამისა, დასავლური მედიის ცნობით, კრემლს მიზანში ძირითადად ცენტრალური აზიის, აფრიკის და არაბული სამყაროს ქვეყნები ჰყავს ამოღებული. ამასთან, კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტრეფიქინგის ქსელი გამოავლინეს, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს რუსები აიძულებდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიეღოთ მონაწილეობა. სომხეთსა და ყაზახეთში კი უკვე შესაბამისი რეკლამებიც გამოჩნდა. ხდება თუ არა მსგავსი რამ საქართველოში?
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას არ სმენია, რომ მიზანში საქართველოც იყოს, რადგან საქართველოდან და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებიდან მოხალისეები ფაქტიურად არ არიან, ჯამში დაახლოებით 6 კაცია. მისი თქმით, გადაბირებისას ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ცენტრალური აზიის მოსახალეობაზე და აზერბაიჯანელებზე. აზერბაიჯანელების შემთხვევაში კრემლს ვერაფერი გამოსდის, თუმცა ცენტრალური აზიის მკვიდრებზე რუსული მხარე ბევრად უფრო მკაცრ ზეწოლას ახორციელებს.
ამასთან, არეშიძის თქმით, ამ ხერხით რუსებმა დაახლოებით 16 ათასი მოხალისე მოკრიბეს. მისივე შეფასებით, რუსებს ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით სეიოზული პრობლემები აქვს და კრემლის პროპაგანდისტები იმასაც აღიარებენ, რომ მოსკოვს, საბოლოო ჯამში, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს, რასაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამდენ ხანს თავს არიდებდა მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების გამო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, სომხეთსა და ყაზახეთში ონლაინ რეკლამები გამოჩნდა. განცხადების ავტორები მსურველებს 495 ათასი რუბლის (დაახლოებით 13.4 ათასი ლარი) ერთჯერად გადახდას და მომავალში ყოველთვიური ხელფასის სახით 190 ათას რუბლს (დაახლოებით 5.16 ათასი ლარი) ჰპირდებოდნენ.
დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უზბეკეთიდან ჩასულ მშენებლებს პასპორტები წაართვა და ჯართან კონტრაქტების გაფორმებას აიძულებდა.
„რუსეთი 2023 წლის მაისიდან მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას სთავაზობს და ამის სანაცვლოდ, მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და 4 160 დოლარამდე ხელფასს ჰპირდება. რუსეთს, ალბათ, სურს თავიდან აიცილოს მობილიზაციასთან დაკავშირებული შემდგომი არაპოპულარული ზომები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოყენება კრემლს საშუალებას აძლევს, მზარდი დანაკარგების ფონზე, მოიზიდოს დამატებითი ადამიანური რესურსი თავისი სამხედრო ოპერაციებისთვის", - წერია ანგარიშში.
ამასთან, კუბაში ტრეფიქინგის ქსელი გამოავლინეს, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს რუსები აიძულებდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიეღოთ მონაწილეობა - ეს ცნობა ოფიციალურად კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კუბა არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე და ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და „დამახინჯებულ ინფორმაციას ქვეყნის მტრები ავრცელებენ იმიჯის შესალახად"..
„კუბის მტრები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იმიჯის შელახვას", - ნათქვამია დოკუმენტში.
„კუბა იკავებს მტკიცე და მკაფიო ისტორიულ პოზიციას დაქირავებულობის წინააღმდეგ და აქტიურ როლს თამაშობს გაეროში ზემოხსენებული პრაქტიკის უარყოფაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კუბას სურს შეუერთდეს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ალიანსს, ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნალედი პანდორმა განაცხადა.
კითხვაზე, მსგავსი ნადირობა თუ აქვს რუსებს გამოცხადებული საქართველოში და რუსეთში მყოფ ეთნიკურ ქართველებზე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონასთან" ამბობს, რომ ამაში ეჭვი ეპარება, თუმცა, მისი ინფორმაციით, რუსულ არმიაში ქართველი მოხალისეები მაინც არიან - სულ 6 კაცი.
„ეჭვი მეპარება და არ მგნია, რომ საქართველოში (რუსეთის მხარეს ბრძოლის მსურველი) მოხალისეები იყვნენ, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი მოხალისეები ძალიან ცოტაა - 6 კაცია, მაგრამ არიან. გარდა ამისა, არიან რუსეთის მოქალაქე ქართველებიც. დაღუპულთა შორისაც კი არის, მაგალითად, მფრინავი ქართული გვარით რუსეთიდან.
„რაც შეეხება გადაბირებას, აქცენტი ძირითადი გაკეთებულია ცენტრალური აზიის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანელებზე. აზერბაიჯანელების შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რამე გამოსდით, მაგრამ ცენტრალური აზიის მკვიდრებზე რუსული მხარე ბევრად უფრო მკაცრ ზეწოლას ახორციელებს. წაყვანა იყო ძალით. რაც შეეხება ნებით წასვლას, მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფულადი დაპირება არის.
„რაც შეეხება კუბის შემთხვევას, მე ისეთი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს მაშტაბური ღონისძიება იყო. კუბა ამ საქმეში მეორეხარისხოვანი ქვეყანაა. აქ მთავარი არაბული სამყაროს რიგი ქვეყნების წარომადგენლები და სირიის მოქალაქეები არიან. ისინი საკუთარი ნებით მიდიან და რუსებიც ქირაობენ. ამ წუთში ბანაკებში დაახლოებით 16 ათასი კაცია და ზოგიერთი მათგანი უკვე უკრაინაშია.
„გარდა ამისა, აფრიკის ქვეყნებში პროპაგანდა და შესაბამისად, ადამიანის დაქირავება ძალიან აქტიურია. რაც შეეხება საქართველოს, მე არ მსმენია, რომ მასიურად მოენდომებინოთ იქ გასვლა, ეს მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ქართველებსაც ეხება.
„რუსეთს ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. რუსეთიდან დაახლოებით ორ მილიონამდე მოქალაქეა გასული, მსურველების რაოდენობა კლებულობს და თუ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოცხადდა, როგორც ამას კრემლის მომხრე ექსპერტები ამბობენ, რუსეთს ხანგრძივი საომარო მოქმედების წარმოება ძალიან გაუჭირდება.
„რუსეთის ხელმძღვანელობას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ძალიან არ უნდა, რადგან იცის, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ", -განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".