საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიცია კი მძიმე პოლიტიკურ სეზონს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ 2024 საარჩევნო წელი მთავარი წყალგამყოფი იქნება საქართველოს მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. იცვლება თუ არა ოპოზიციის ტაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიისას და აქვს თუ არა დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი, ამაზე ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები და მოსაზრებები აქვთ პოლიტიკურ მიმომხილველებს.
ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია იმავე წრეზე ტრიალებს, რითაც არათუ დამატებით ამომრჩეველს მიიზიდავს, არამედ, შესაძლოა სტაბილურმა ელეტორატმაც გული აიცრუოს.
ნაწილი კი საწინააღმდეგოს ფიქრობს და იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო წელი აქტიურ ფაზაში შევა და ოპოზიცია საზოგადოებას ისეთ პროგრამებს წარუდგენს, რომელიც დამატებით ამომრჩეველს მოიზიდავს, რადგან, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება" ცუდია, ეს ოპოზიციას თავადაც გაცნობიერებული აქვს, რომ არ კმარა.
რას აცხადებს ოპოზიცია
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ეს წელი გადამწყვეტი იქნება და ოპოზიციამ „ოცნება" „ნამდვილად უნდა დაამარცხოს".
„ეს წელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია, იმიტომ, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ჩვენ ნამდვილად უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ვინც კავშირებს ამყარებს პუტინთან და პუტინიზმთან.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ საერთაშორისო იზოლაციის კონტექსტში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი ძალიან ძვირფასი და საინტერესო სტუმრის ხილვა, მათი მოსაზრებები და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი", - განაცხადა დეკანოიძემ.
„ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი აღნიშნა, რომ შემდეგი არჩევნები იქნება მთავარი წყალგამყოფი საქართველოს მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით და წინ მძიმე თვეები გველოდება.
„საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ უკვე გაიგო ის სიმართლე, რომ დღეს ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. რა თქმა უნდა, რუსული რეჟიმის ხელისუფლებაში დატოვებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ამიტომ რუსულმა ოცნებამ იცის, რომ შემდეგ არჩევნებზე რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში, განწირულნი არიან მარცხისთვის, სწორედ ამისი გამოძახილია ძალადობის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
„ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები მარტივად პოზიციების დათმობას ჩვენს ქვეყანაში არ აპირებენ, მითუმეტეს მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლების და ივანიშვილის ხელისუფლების მარცხი ასევე, გარდაუვალია უკრაინაში.
„ერთი რამ არის ნათელი, რომ შემდეგი არჩევნები და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები იქნება მთავარი წყალგამყოფი ამ ქვეყნის მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. არაერთხელ გააფრთხილეს „ქართული ოცნება", რომ ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი და ნებისმიერი სხვა გზით, მათ შორის, 2020 წელს როგორც ჩატარდა არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე, მსგავსი მეთოდებით ჩატარებულ არჩევნებს ცხადია, არ ექნება აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აქვს თუ არა ოპოზიციას ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და თუ ისევ ასე გაგრძელდა, მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ.
„ნაცოპოზიციას ერთ რაღაცაში დავეთანხმები, რომ მათ ნამდვილად მძიმე თვეები ელოდებათ არჩევნებამდე და უფრო მძიმე, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან. რადიკალებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ, ვითომ ახალს იგონებენ, მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ძველი სქემებია. რაღაც გაუგებარ ალიანსებს, ე.წ. ჩრდილოვან პარლამენტს თუ ტექნიკურ მთავრობას აყალიბებენ, მაგრამ 2012 წლიდან შედეგი ერთი და იგივეა, ისინი ყოველთვის წაგებულები არიან.
„ისინი ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თითქოს ხელისუფლებაში კოალიციურად მოვლენ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, ერთი კონკრეტული პარტიის სიით უნდა გამოვიდნენ, მხედველობაში ენმ მაქვს, რომელიც ნაცოპოზიციურ ველზე ყველაზე რეიტინგულია. ნებისმიერ მათგანს ეს „ლელოს" წარმომადგენელი იქნება, „გირჩის" თუ სხვა, „ნაცმოძრაობასთან" იურიდიული შერწყმა მოუწევს, როგორც გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მშვენივრად იციან, რომ სხვანაირად კოალიციები დაუშვებელია, მაგრამ საკუთარ ამომრჩევლებსაც ატყუებენ",-განაცხადა ანალიტიკოსმა.
აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ტაქტიკაში ვერაფერს ახალს ვერ ხედავს.
„მათ საარჩევნო ტაქტიკის ცვლილებაში ვერაფერს ახალს ვერ ვხედავ, თუმცა შესაძლოა უფრო მეტი რადიკალიზაცია დაიწყონ - ისევ სავარაუდოდ კანონს გადააბიჯონ, მაგრამ კანონი მათ პასუხს გასცემს, როგორც კი ამას გააკეთებენ.
„ველოდები, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, თუ მან სააკაშვილი არ შეიწყალა, როგორც პირობა დაუყენეს და შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც 300 ხმოსანი ჩაატარებს, ე.წ. უკანონოდ, მიტაცებულად, არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამითაც ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს შეეცადონ.
„ის, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს ალტერნატიული კონსტრუქციული საარჩევნო პროგრამები შესთავაზოს, ეს აბსოლუტურად განორიცხულია, რაც განვლილმა წლებმა დაგვანახეს. ნამდვილი ოპოზიცია მაშინ იქნებოდა, რომელიც ამომრჩეველს დარგობრივად არაპოპულისტურ პროგრამებს შესთავაზებდა, პროფესიონალების ჩართვაა საჭირო და ეჭვი მეპარება, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოში ჰყავდეს.
„თუ ისინი საზოგადოებას საქმიან პროგრამებს ვერ შესთავაზებენ და მხოლოდ მთავრობის ჩამოგდებაზე და ანგარიშწორებაზე იქნებიან ორიენტირებულები, კვლავ დამარცხდებიან, როგორც განვლილმა წლებმა გვანახეს",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
საწინააღმდეგოს ფიქრობს „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, იგი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან მცდელობები ნამდვილად არის, რომ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ.
„პოლიტიკური სეზონი იწყება და ჯერჯერობით ოპოზიციის ქმედებებში რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, თუმცა, უკვე გარკვეულწილად მცდელობებია, რომ პოტენციური ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ, მაგალითად, ენმ-ს თავჯდომარის შეთავაზებაა, რომ პირველ ეტაპზე პენსია 400 ლარი გახდეს და მამაკაცთა საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიკლოს.
„ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ისეთ პროგრამებს წამოაყენებს, რომელიც დამატებით ამომრჩეველს მოიზიდავს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ცუდია, ეს არ კმარა. მოსახლეობის 50% გადაუწყვეტელია. ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა დაუმტკიცოს, რომ სწორედ ისაა პროდასავლური ძალა.
„ასევე, ამომრჩეველს ისიც უნდა აუხსნან, თუ „ოცნება" დეზინფორმაციას როგორ ეწეოდა, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაა და რომ თითქოს წინა ხელისუფლებამ დავით გარეჯი გადასცა და 9 წელი სისხლიანი იყო და მაგალითად მოიყვანონ, რომ 2012 წელს ივანიშვილი მოსახლეობას რა დაპირებებს აძლევდა და მოატყუა.
„გარკვეულწილად წარსულზეც უნდა ისაუბრონ და მომავალზეც თუ რას სთავაზობენ მოსახლეობას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".