თამთა ჩაჩანიძე
03.09.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ორშაბათიდან იწყება. 4 სექტემბერს უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტზე დეპუტატები ხელს მოაწერენ. „ოცნებას" იმპიჩმენტის აღსრულებისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიციას „ხვეწნას არ დაუწყებენ". ენმ და სხვა ოპოზიციური პარტიები ღია განცხადებებში ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. ამის პარალელურად კი ევროპულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ენმ-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისათვის ერთგვარი ულტიმატუმის წაყენების შესახებ.

გერმანული გამოცემა „ტაგესშაუ" თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობა წაუყენა - თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან. მანამდე ენმ-ს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს თუ ნამდვილად სურს გამოიყენოს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი".

ეს სცენარი ანალიტიკოსებს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ, რადგან ამ შემთხვევაში ენმ დილემის წინაშე აღმოჩნდება - თუ იმპიჩმენტს ხმა მისცეს, გამოვა, რომ „ოცნების" თამაში ითამაშეს.

რაც შეეხება იმას, აწყობს თუ არა თავად ზურაბიშვილს ერთი წლით თანამდებობაზე დარჩენის სანაცვლოდ სააკაშვილის შეწყალება, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად აწყობს, რადგან როგორც თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკურ მოღვაწეობას პოსტის დატოვების მერეც აპირებს, იმპიჩმენტი კი მის კარიერაში დიდი დაღი იქნება.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტზე „50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება" და „ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი კანონი დაარღვია".

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა", რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში.

„არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ". ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას", - განაცხადა მდინარაძემ.

გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა დაიწყოს, მდინარაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობს, რომ არ ჰგონია, რეპუტაციულად ისედაც ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ „საკუთარი პერსონის აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს".

„ოცნების" მიზანი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი გადათვალა და „ოცნება" ას დეპუტატს ვერ აგროვებს. მისი თქმით, მმართველ გუნდის სავარაუდო მიზანია საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად სცნოს, ოპოზიცია კი - კონსტიტუციის დამრღვევის მხარდამჭერად.

„დიდი ალბათობით, ასი დეპუტატი ვერ შეგროვდება, მაშინ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს. ყველანაირად დავითვალე მათი არსებული თუ პოტენციური მოკავშირეები და ასი ხმა ნამდვილად არ გროვდება.

„უმრავლესობაში 84 დეპუტატია, ამას დავამატოთ ფრიდონ ინჯიას ფრაქცია „ევრპელი სოციალისტები", ასევე შესაძლოა 50/50-ზე შანსით მხარდაჭერა ჰქონდეს ენმ-დან წასული დეპუტატების, მაჭუტაძისა და ნატო ჩხეიძისგან. „გირჩმა" ისევე, როგორც სხვა პატარა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ მხარს არ დავუჭერთო და მერე თუ დაუჭირეს, ეს არ ვიცი. გახარიას ფრაქცისგან უცნაურიც იქნებოდა, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი დაეჭირა. საბოლოო ჯამში ასი დეპუტატი არ გამოდის, თუ რაღაც მართლა სასწაული არ მოხდა და ვიღაცა გარიგებაზე არ წამოიყვანეს, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მეჩვენება.

„ქართულ ოცნებას" სავარაუდოდ ის უნდა, რომ როცა იპიჩმენტის საკითხს დააყენებენ და სავარაუდოდ ენმ და სხვა ოპოზიციური ფრაქციები მის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, შემდეგ თქვან, რომ ეს ხალხი საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს. ფორმალურად ასე გამოდის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამას არც ხელისუფლების ოპონენტები უარყოფენ და გამოვა, რომ ოპოზიციური ფრაქციებიც კონსტიტიციას უგულებელყოფენ და ალბათ ამაზე ააწყობენ მათ საწინააღმდეგო პოლიტიკურ, საინფორმაციო პიარ კამპანიას.

„როცა გამოვა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს ფართოდ გავრცელდება და საზღვარგარეთაც გაიგზავნება. იქ კი კონსტიტუცია წმინდათა წმინდაა. ხოლო თუ ამის დამრღვევი პრეზიდენტია, რომელიც კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს ერისა და ღვთის წინაშე ფიცი აქვს დადებული, ეს ძალიან მძიმე დარღვევად აღიქმება. ახლაც, როცა პრეზიდენტი ევროპაშია და იმპიჩმენტის პროცედურაა დაწყებული, ეს მის ვიზიტს აუფასურებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია და „ოცნების" მიზანი მისი რეპუტაციის შელახვაა.

„ჩემი შეფასებით, იმპიჩმენტის დაწყება საკმაოდ არასერიოზულია, რადგან პრეზიდენტისთვის საზღვარგარეთ ვიზიტების დაგეგმვა და მისი განხორციელება არავის აუკრძალავს. არც ოფიციალურ პირებდან შეხვედრაა ვინმესთვის აკრძალული, ასეთი რამ კონსტიტუცაში არ წერია.

„ოცნებამ" ეს პროცედურა იმიტომ დაიწყო, რომ დღეს დასავლეთსა და საქართვეოში მომწიფდა აზრი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სტატუსი შეიძლება მაინც მოგვანიჭონ. ახლა „ოცნება" ცდილობს თქვას, რომ სტატუსი მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მოგვანიჭეს, 12 პუნქტს ვგულისხმობ. საერთოდ იმპიჩმენტის თემა პოლიტიკური პროცესია და უნდათ ამით რაღაცეები გადაფარონ.

„ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ხდება და რაც მთავარია, მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაცილებით მეტად ენდობიან, ვიდრე პრემიერს და „ოცნების" მიზანია, რომ რეპუტაცია შეელახოს", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

როგორ გამოიყენებს ოპოზიცია შექმნილ სიტუაციას

„ქართული ოცნების" მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას, გერმანული მედია ეხმაურება. „ტაგესშაუს" სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პირობებს უყენებს - თუ ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. აღნიშნული გამოცემა ქართული ოპოზიციის კულუარულ მოლაპარაკებაზე საუბრისას კონკრეტულ წყაროს არ უთითებს.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, თუ ეს საკითხი კულუარულად მართლაც მუშავდება, ეს ენმ-ის რეპუტაციას დიდ ზიანს მიაყენებს.

„ინფორმაცია, რაც გერმანულმა გაზეთმა გაავრცელა, არავინ იცის საიდან და ვინ შეუგდო. თუმცა, სერიოზული გაზეთია და შეიძლება ეს ენმ-ს კულუარებში მართლაც მუშავდებოდეს. თუმცაღა „ნაცმოძრაობა" საზოგადოებისა და თავის ამომრჩევლის წინაშე თავს როგორ გაიმართლებს, როცა მთელი ეს დღეები ამბობდნენ, რომ მხარს არავითარ შეთხვევაში არ დაუჭერენ. რა გამოდის, რომ სააკაშვილზე ჰყიდის თავის პოლიტიკურ პრინციპებს?!

„ენმ-ს ეს ძალიან ცუდი კუთხით წარმოაჩენს. მეორეც, სააკაშვილის მიმართ სასამართლო პროცესები გრძელდება და რთულად წარმომიდგენია, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალოს. რომც შეიწყალოს, ხელისუფლებას შეუძლია ახალი ბრალი წაუყენოს და ისევ ციხეში შეაბრუნოს. იურიდიულ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ, როგორც ვიცი, შეწყალება ხდება მაშინ, როცა განაჩენი დამდგარია.

„სასწორის ერთ მხარეს დევს, რომ სააკაშვილის შეწყალებით ზურაბიშვილი საკუთარ რეპუტაციას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს, მაგრამ მას ისიც არ უნდა, რომ ის საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელიც იმპიჩმენტით გადააყენეს. ეს მის მომავალ კარიერას ხაზს გადაუსვამს, მას კი, როგორც ვიცი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მერე პოლიტიკური მოღვაწეობა გაგრძელება სურს.

„გარკვეული დაშვებით შეიძლება ეს უღირდეს, მაგრამ ის სცენარი, რაც გერმანულმა გაზეთმა აღწერა, წარმოუდგენლად მიმაჩნია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ იმპიჩმენტი საბოლოო ჯამში ვერ შედგება და თუ ენმ ამას მხარს დაუჭერს, ის უფრო „ოცნების" მხარდამწერი გამოვა, ვიდრე სააკაშვილის.

„თუ ენმ-დან ვინმეს ასეთი რამ უნდა, ესეც მცდელობაა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ქვეყანა დააშანტაჟოს, რადგან ზურაბიშვილი იმაზე ლაპარაკობს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი ჩვენთვის სტატუსის მონიჭებაა, რასაც სააკაშვილის შეწყალებასთან საერთო არაფერი აქვს.

„არანაირი იმპიჩმენტი არ იქნება, ეს არის შანტაჟი და თუ ენმ ამას მხარს დაუჭერს, ის „ოცნების" მხარდამჭერი იქნება და არა სააკაშვილის განმათავისუფლებელი, გამოდის, რომ მთელი ენმ ხელისუფლების თამაშს თამაშობს", -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×