ია აბულაშვილი
31.08.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას იწყებს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის ევროპული ტურნე უკვე შეფასდა როგორც კონსტიტუციის დარღვევა, რადგან მთავრობასთან შეთანხმება არ ყოფილა.

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება ევროპაში პოლიტიკური მოლაპარაკება აწარმოოს, რადგან კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი პარლამენტთან ერთად არის მთავრობა.

პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები შეზღუდულია და სავალდებულოა მთავრობის თანხმობა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშივილი უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოებს, ის არის ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი და პირველი არღვევს ამას!

"ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უხეშად ირღვევა კონსტიტუცია და ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

"საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, რომ განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარკებებში.

"აქედან გამომდინარე ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ; მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს ამას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარშე ვერ დავტოვებთ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგულისხმება თუ არა რეაგირებაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, კობახიძე აცხადებს, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან; ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას არ დაარღვევდა.

"ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს, მნიშვნელობა არა აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან;

"რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას არ დაარღვევდა.

"მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და "ნაცმოძრაობას" ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას.

"საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ , გათვითცნობიერებულია იმაში, რომ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაშ კი მიიჩნევენ, რომ ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეუშალოს ვიზიტის განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება.

"დღეს საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

"ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ლობირებას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკოსნტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"-აცხადებს "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, რომ, რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და სხვა სამართლებრივი ბერკეტი პრეზტიდენტის თანამდებობოდან გადაყენების არ არსებობს.

"კონსტიტუციის თანახმად გარდა იმპიჩმენტისა სხვა სამართლებრივი ბერკეტი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების არ არსებობს. თუ უნდათ, რომ სამართლებრივი რეაგირება მოხდეს მაშინ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცესი.

"რაც შეეხება სხვა ზომებს პრეზიდენტის დასჯის, რა იგულისხმა კობახიძემ ვერ გეტყვით. შეიძლება ბიუჯეტი შეუმცირონ... მე ვფიქრობ, რომ "ოცნება" მაინც მიმართავს საკოსნტიტუციო სასამართლოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ეს იყოს პოლიტიკური განცხადება"- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ მთავრობას შეუძლია ოფიციალურად გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის თანხმობა და ჩადის როგორც კერძო პირი და ეს ინფორმაცია ოფიციალურად მიაწოდოს შესაბამისი ქვეყნების მთავრობებს.

"ის , რომ საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა და მანდატი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა აპრიორი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც ქალბატონი პრეზიდენტი იტყვის თავის შეხვედრებზე.

"ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ასეთ შეხვედრებზე ის წარმოადგენს კერძო პირს და საუბრობს საკუთარ პირად პოზიციებზე, საკუთარ აზრზე, რომელიც შეიძლება იმ შეთმხვევაში სულაც არ ეთანხმება საქართველოს მთავრობის პოზიციას.

"მთავრობას შეუძლია ოფიციალურად გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს არ აქვს მიღებული თანხმობა და მანდატი და ჩადის ამ ქვეყნებში როგორც კერძო პირი და ეს ინფორმაცია ოფიციადურად მიაწოდოს შესაბამისი ქვეყნების მთავრობებს"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×