ნაზი ბერიძე
30.08.2023

„ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე", - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს წინააღმდეგობა ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ორივე მხარის განცხადებათა შინაარსი და არგუმენტები ლოგიკური და დამაჯერებელია. უბრალოდ, შარლ მიშელს თავისი განცხადება არ შეუთანხმებია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ეს პოლიტიკურად არაკორექტულად ჩაუთვალეს.

რეალურად როდის დაიწყება ევროკავშირის გაფართოება, როცა ევროსტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება და რა არის წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი და როგორ ჩამოყალიბდება, საბოლოოდ ევროკავშირის პოზიცია პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ რომ ყველაფერი კოორდინირებულად, შეთანხმებულად ხდება ევროკავშირში, მათ შორის ევროკავშირის ასეთი მნიშვნელოვანი თემის გაფართოების საკითხის დემონსტრირება. თუმცა ყველაფერი უკვე ნათელია. 2030 წელი არ იქნება მთავარი, მთავარი იქნება როგორ გაგრძელდება მუშაობა.

ორი დღის წინ სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი და ასპირანტი ქვეყნები „2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის". მან ისაუბრა მკაფიო, თუნდაც ამბიციური, ვადების დაწესების აუცილებლობაზე, რათა „შენარჩუნდეს სანდოობა".

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა; ჩვენ კი უნდა ვიმოქმედოთ" და რომ ევროპელი ლიდერები განიხილავენ გაფართოებას და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე „დააფიქსირებენ პოზიციას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით... და მე ველი, რომ ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საკითხები დაბრუნდება დღის წესრიგში".

ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღის დასახელება მიუღებელი აღმოჩნდა ევროკომისიისათვის და ეს პოზიცია ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტიმ გაახმოვანა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია" და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად", - აცხადებს სპინანტი.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ორივე ევროპელული სტრუქტურა მართალია. ამასთან, მისი შეფასებით, გამოჩნდა, რომ ევროკომისიას გაფართოებასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური ხედვა აქვს.

„დაპირისპირება არ არის, უბრალოდ ამაზე იქნება მსჯელობა. საქმე ისაა რომ ორივე მართალია ამ შემთხვეავაში, მაგრამ შარლ მიშელი არ გულისხმობდა იმას, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეასრულონ პირობები და ისე შევიდნენ 2030 წელს ევროკავშირში. უბრალოდ შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ ჩვენ ყველამ რაღაცნაირად უნდა მოვინდომოთ, რომ 2030 წლისათვის ეს ქვეყნები რომლებიც ამდენი ხანია გაწევრიანებას ელოდებიან, გაწევრიანდნენ. დაუმსახურებლად გაწევრიანდნენო არ უთქვამთ.

„ევროკომისია თავისთავად არის ის ორგანო, რომელიც ამ დამსახურებას ამოწმებს და რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებას დაეხმაროს. ამიტომ მას თავისი შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, უფრო პესიმისტური ხედვა აქვთ და ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც გულისხმობდა შარლ მიშელი, 2030 წლისთვის ვერ იქნებიან მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

„მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა იქნება. 2023 წლის ოქტომბერში გრანადაში იმსჯელებენ რა თქმა უნდა და რაღაც დასკვნებს გამოიტანენ. შარლ მიშელის წინადადება თუ გავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ გაიზრდება ალბათ დახმარება ამ ქვეყნების მიმართ და გაიზრდება მონიტორინგიც. შეეცდებიან, რომ ამ ქვეყნებში რეფორმები უფრო სწრაფად გატარდეს.

„მაგრამ თუ ქვეყნები არ იქნებიან თავისთავად დაინტერესებული, ცალმხრივად ეს არ მოხერხდება. სწორედ ამაზე თქვა შარლ მიშელმა, რომ ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ქმედებები", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს წინააღმდეგობა დაპირისპირებად არ უნდა აღვიქვათ. უბრალოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოქმედებდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეუთანხმებლად, რაც უბრალოდ პოლიტიკურად არასწორად ჩაუთვალეს.

„მე ამას დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი. ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი კომუნიკაცია. პირდაპირ იყო ნათქვამი ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტის განცხადებაში, რომ შარლ მიშელმა ეს განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციის გარეშე. ევროკავშირის სტრუქტურები კი არიან უბრალოდ წესებზე დაფუძნებული სტრუქტურები და არა ისე, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, როცა ერთი ერთს იტყვის და მერე აღმოჩნდება, რომ ვიღაცასთან არ არის შეთანხმებული. იქ ყველა ასეთი ტიპის განცხადებები უნდა იყოს შეთანხმბული. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ თემაზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება და მისი ვადები.

„ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება შარლ მიშელს ჩაუთვალეს პოლიტიკურად არასწორად, რადგან ის შეიძლება ქმნიდეს, ერთი მხრივ, არასწორ მოლოდინებსა და ილუზიებს ევროკავშირის ასპირანტ და კანდიდატ ქვეყნებში, მათ შორის ევროსკეპტიკურ განწყობილებებს, და მეორე მხრივ ქმნიდეს ზედმეტად ოპტიმისტურ მოლოდინებსაც.

„გასაგებია, რომ ხვალ ან ზეგ ამ ქვეყნებს ევროკავშირში არ მიიღებენ, იმიტომ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მაგრამ, ჩემი აზრით, კონკრეტული თარიღის დასახელება ჩაითვალა პოლიტიკურად არაკორექტულ გამონათქვამად და ამაზე ჰქონდა რეაქცია ევროკომისიას.

„როგორ ჩამოყალიბდება ევროკავშირის პოზიცია გაფართოებასთან დაკავშირებით ამ წინააღმდეგობის ფონზე? ეს ძალიან რთული კითხვაა. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია. არ ვიცით წინასწარ რა ძალები გაიმარჯვებენ და როგორ გადანაწილდება თანამდებობები, ევროკავშირის ხელმძღვანელ სტრუქტურებში რა ადამიანები მოვლენ და ა.შ. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ ზოგადი განწყობებით, რასაც ახმოვანებენ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები, როგორც ჩანს, გაფართოების პოლიტიკა, შეიძლება პრაქტიკულად გადაწყვეტილად ჩაითვალოს.

„მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორი იქნება გაფართოების რიგითობა. ჩემი აზრით, ჯერ უნდა დასრულდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების აბსორბირება, შარლ მიშელის სიტყვები რომ გავიმეოროთ, და ამის შემდეგ დადგება უკვე სხვა ქვეყნების ჯერი და სულ ბოლოს იქნება საქართველო", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×