
პრემიერი ღარიბაშვილი „სამარცხვინო კამპანიას" და „ქვეყნის მტრობას" უწოდებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების აქტივობებზე გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციის კორუფციად მონათვლა „მავნებლობაა".
„მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია. ბიძინა ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ 75 ათასად შესაძლებელია ამის გაკეთება, იქირავონ ბატონო, 3 კომპანია", -ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ჩართული არიან კორუფციულ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია. ამ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რამდენიც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. სხვათა შორის, კითხვა უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს ას მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე, ოთხშაბათს გავრცელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ. საუბარია ორი ლობისტი კომპანიის, „აკერმანისა" და ჯიპი ინტერნეიშენლის" საქმიანობაზე, რაც ეხებოდა სხვადასხვა სახის ლობიზმს სააკაშვილის სასარგებლოდ და საქართველოს ხელისუფლების საწინააღდმეგოდ.
მათ შორის საუბარია ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადებაზე, სხვადასხვა დასავლური გამოცემებთან (როიტერზი, სიენენი) მუშაობაზე, ისევე როგორც კომუნიკაციაზე ევროპარლამენტაფრებთან, ამერიკისა და ბრიტანეთის მთავრობებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე, და ა.შ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კომპანია „ჯიპი ინტერნეშენლის" დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილია 96 ათასი დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი". მათგან ყველაზე მსხვილი გადარიცხვა თემურ ალასანიამ განახორციელა თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამასთან, კომპანია „აკერმანის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო ლობისტური საქმიანობისთვის თემურ ალასანიასგან, საერთო ჯამში, 75 ათასი დოლარი მიიღეს.
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, არც საქართველოზე და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის საკითხზე ევროპარლამენტართა სრული შემადგენლობა ინფორმირებული არაა. ამაზე ქვეყნების მიხედვით გარკვეული ჯგუფი მუშაობს. აქ კი იმ ჯგუფმა იმუშავა, რომელიც „ნაცტელევიზიებში ხშირად გამოდის".
„ლობისტებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებზე აქ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თავის მართლებაა - ერთი გიული ალასანიას მხრიდანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს იურიდიული ფირმა იყო და სხვა მეტი არაფერი. მეორე მხარეს იყო პარლამენტში „ნაცოპოზიციის" განცხადებები.
„დეპუტატი მანჯგალაძე ყოველთვის ტრაგიკომიკური გამონათქვამებით და ძალიან უხეში მანიპულაციებით გამოირჩევა და მინდა შევახსენო, რომ ევროპარელამენტში არც საქართველოზე და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის საკითხზე ევროპარლამენტართა სრული შემადგენლობა ინფორმირებული არაა. ამაზე ქვეყნების მიხედვით გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომელიც დანარჩენ კოლეგებს ინფორმაციას აწვდის. ზუსტად ეს ჯგუფი, რომელიც ნაც-ტელევიზიებზე ხსირად გამოდის, კუბილიუსი იქნება, ფონ კრამონი, თუ სხვა ცნობილი ევროპარლამენტარები, რომლებიც ნაც-მესიჯბოქსით გამოირჩევნიან, ამ გჯუფის მიერ იქნა შეცდომაში შეყვანილი დანარჩენი კოლეგები, ეს არ ნიშნავს, რომ თურმე დანარჩენები გიული ალასანიამ ან თემურ ალასანიამ მოისყიდა.
„ამიტომაც ვამბობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელისა" და ნაც-ოპოზიციის სპექტრის წარმომადგენლები ძალიან უხეში მანიპულატორები და ტყუილების გამავრცელებლები არიან.
„რაც შეეხება თავად „ფარას" დოკუმენტაციას, ირკვევა, რომ ეს მთლიანობაში საქართველოს სახელწიფოს წინააღმდეგ დაფინანსებული აქტივობაა. ეს მხოლოდ სააკაშვილის გარეთ გამოშვების მორიგი უშედეგო მცდელობა არაა, ესაა შეტევა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულები არიან, როგორც ენმ და სააკაშვილის ოჯახი, ასევე მათთან აფილირებული სხვადასხვა ურეიტინგო პარტიები", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება მართლაც იყოს პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ზეწოლა სააკაშვილის შეწყალებაზე და რას უნდა ველოდოთ, აბაშიძემ განაცხადა:
„ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის განცხადებების და ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ თუ ის მზადაა, არა ხოლოდ როგორც პიოლიტიკოსი, არამედ როგორც პიროვნება, რომ საკუთარი ნათქვამი „არა და არასდროს" ბოროტად დაარღვიოს, ეს მის პიროვნულ არაადეკვატურობაზე მიუთითებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მსჯავრდებულ სააკაშილის მიმართ, იურიდიულად სხვა საქმეებიც მიმდინარეობს. ეს ზურაბიშვილმა საფრანგეთის ერთ-ერთ მედიასაშუალების ეთერში თავად თქვა, რომ ამ შეწყალებას აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ გამოხატული ნება იქნება და არა კონკრეტული ქმედება, რომ სააკაშვილი გარეთ გამოვიდესო.
„თუ ზურაბიშვილი მზადაა, რომ თუნდაც ეს ნება გამოხატოს და თავის სიტყვებს გადაახტეს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება თუ, მისი პიროვნული მახასიათებლები რა დონეზე დაეცემა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".