თამთა ჩაჩანიძე
19.07.2023

მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს და თავისი სიტყვები უკან წაიღოს, რადგან, მასზე „მძლავრი ზეწოლაა". ანალიტიკოსთა ნაწილი „ოცნების" მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ ლობისტურმა კომპანიამ, რომელიც საკაშვილის ოჯახმა დაიქირავა, „პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იმუშავა".

ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები ნამდვილად შეილახა, ამას კი „ლობისტობა არ სჭირდება" და დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციაც შესაბამისია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

„ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ - გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლობისტები სააკაშვილის გათავისუფლების ინსტრუმენტად ზურაბიშვილის ფაქტორს განიხილავს.

მდინარაძე აცხადებს, რომ მძლავრი ზეწოლის მიუხედავად, ზურაბიშვილს გაუჭირდება საკუთარი სიტყვების უკან წაღება.

"ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში "ნაცმოძრაობას" გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა.

„თუმცა, საბოლოო ჯამში მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს "არა და არასდროს" უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება,"- განაცხადა მდინარაძემ.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილმა „ჭაობზე სახელმწიფო შექმნა" და დაქირავების გაეშეც ჰყავს მოკავშირეები.

„შექმნა ჭაობზე სახელმწიფო, ის არის მთავარი რეფორმატორი რეგიონში და ამას აფასებს ცივილიზებული სამყარო. შესაბამისად, ასევე სააკაშვილი არის პირველი, ვინც პუტინის ტერორისტულ რეჟიმს გაუწია წინააღმდეგობა და შევინარჩუნეთ სახელმწიფო, ცხადია, ჩვენი გმირი ბიჭების დამსახურებით.

„პრეზიდენტ სააკაშვილს ცივილიზებულ სამყაროში აუცილებლად ეყოლება მოკავშირენი. თუ ვინმეს არასდროს ეყოლება მოკავშირეები, თუ ვინმეს ფული აქვს და მოკავშირეების ყიდვა, ლობისტების დაქირავება შეუძლია, არის ბიძინა ივანიშვილი. იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე ვინმეს დაესიზმრება.

„ერთად რომ არიოთ ყველა გვარი - ხაბეიშვილები, ალასანიები, სააკაშვილები, ყველა გვარი რომ არიო, იმაზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს ივანიშვილს. ცოტა ანეკდოტია, როცა ვინმეს დაქირავებაზე ლაპარაკობენ. რატომ ვერ ქირაობს ივანიშვილი? რატომ ვერ პოულობს მოკავშირეს? აა, იმიტომ, რომ პუტინისტი რუსია? ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინისტი რუსია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ სააკაშვილის უფლებები შეილახა, რაც გამოქვეყნებულ ვიდეოებში გამოჩნდა და ამას ლობისტობა არ სჭირდება. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი შიწყალოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვა გადათქვას და სააკაშვილი გაათავისუფლოს. ყოველ შემთხვევაში გარედან არის არა ზეწოლა, როგორც „ოცნება" ამბობს, არამედ ინიციატივებია, რომ სამართლებრივი მექანიზმებით ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით შეიწყალოს.

„აქ ზეწოლაზე საუბარი არაა, მხოლოდ სურვილი და ინიციატივაა, რომელიც თავად „ოცნების" ქმედების შედეგია მესამე პრეზიდენტის მიმართ, მისი უფლებები შეილახა, ამას კი ლობისტობა არ სჭირდება, ეს კადრები ყველამ ნახა და ყველა აღშფოთებულია.

"სააკაშვილის გათავისულფებას მგონია, რომ საპროტესტო აქციები მოჰყვება, თუმცა არა მგონია ეს მასობრივი იყოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, სავარაუდოა, რომ ზურაბიშვილზე ზეწოლა მართლაც იყოს, რაც შესაძლოა ლობისტური საქმიანობის შედეგია.

„ოთხშაბათს, ამერიკული "ფარას" მონაცემები გამოქვეყნდა იმაზე თუ გიული ალასანიას დაქირავებული კომპანია როგორ მუშაობს. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის ნამუშევარი, ეს იქნება უცხოელი პარლამენტარები, პოლონელი ექიმი თუ ა.შ. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილზე უცხოელ პარლამენტარების ზეწოლაც ამგვარი ლობისტური საქმიანობის შედეგია.

შესაბამისად, თუკი ეს მონაცემები უფრო ფართო მსჯელობის საგანი გახდება, გამოდის, რომ სააკაშვილის გამოშვება დემოკრატიის იდეების გამო კი არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადეს. ეს კი პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმისგან ათავისუფლებს, რომ ზეწოლას დამორჩილდეს.

„ზეწოლას იმ შემთხვევაში ემორჩილებიან, თუკი ეს აღიქმება, როგორც რეალური პოლიტიკის გამოვლინება. თუ ასეთი ზეწოლები ლობისტური ქრთამის შედეგია და პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ საქართველო, როგორც ქვეყანა ხიფათის ქვეშ არაა.

„ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული თუ ასეთ ზეწოლაზე პრეზიდენტის რეაგირების სტრატეგია როგორ აიგება", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის გათავისუფლებას საყვარელიძემ გვითხრა, რომ შესაძლოა ქვეყანაში „რევოლუციური კლიმატი მომწიფდეს".

"ადამიანი, რომელიც ციხეში ზის და იძახის მე დამნაშავე არ ვარო, რომ გაათავისუფლონ, მითუფრო დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ის ამ გათავისუფლების ღირსია და ყველა ნაბიჯს უფრო ენერგიულად გადადგამს იმისთვის, რომ საქართველოში რევოლუციური კლიმატი მოამწიფოს.

„ამას სააკაშვილი ციხიდან ცდილობს და თუკი გათავისუფლდა, რა თქმა უნდა უფრო ეცდება, რასაც ქვეყანაში პოლარიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა მოჰყვება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×