ნაზი ბერიძე
19.07.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, გაეროს კიდევ სამი თვე აქვს იმისთვის, რომ მარცვლეულისა და სასუქის გატანის შესახებ რუსეთთან დადებული მემორანდუმი შეასრულოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რუსეთი მარცვლეულის საკითხზე მსჯელობას დაუბრუნდეს.

„გაეროს კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად"-განაცხადა ზახაროვამ

17 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანმხებიდან" გადის, რადგან მათივე თქმით, რუსეთის მოთხოვნები არ სრულდება.

17 ივლისის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას, გაეროს და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და გემების შემოწმება. და ეს მსოფლიოში ყველასთვის აუცილებელია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაერო რუსეთის მორიგ შანტაჟს დათანხმდება და ის არ გაწირავს ადამიანებს შიმშილისთვის.

„სამწუხარო რეალობაა, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიის დიპლომატია დიპლომატიურ ნორმებში არ ჯდება, ეს არის აგრესიული და შანტაჟის პოლიტიკა. ის ამუნათებს და აგრესიულად ეპყრობა, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ასევე მის ეგრედ წოდებულ პარტნიორებს, თუ ჰყავს ასეთები, ეგეც საკითხავია.

„ის, რაც განაცხადა ლავროვის უწყების წარმომადგენელმა, ახალი ნამდვილად არ არის, ისინი კვლავაც მისდევენ შანტაჟის ენას. არ ერიდებათ არც გაერო, არც საერთაშორისო სტრუქტურები, არც მითუმეტეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არც თავისი პარტნიორები. ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ბენეფიციარები უკრაინული მარცვლეულის მიღების.

„ანუ შიმშილის ზღვარზე ტოვებს თავისსავე პარტნიორებს, ბევრ სხვადასხვა ქვეყანას, რომელმაც უნდა მიიღონ მარცვლეული პურისთვის. მაგრამ, რადგანაც დასავლური სამყარო მოქმედებს ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ ჰუმანიზმი უფრო წინ დადგება და დათანხმდებიან რუსეთის ამ მორიგ შანტაჟს, ვიდრე გაწირავენ მილიონობით ადამიანს მარცვლეულის გარეშე.

„ეს დღესაც სამწუხარო რეალობაა მსოფლიოში - რუსეთის აგრესიული შანტაჟის პოლიტიკა დომინირებს გლობალურ საერთაშორისო ურთიერთობებში.

„რაც შეეხება რუსეთის პირობებს, ის იქნება იმპერიალისტური, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯოს დატანჯულ უკრაინას, შეიძლება აქ იყოს სხვადასხვა პირობები გლობალურად. რუსეთმა ისევ რომ სარგებელი მიიღოს მტაცებლურად, გაერო და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები აყენებენ ჰუმანიზმს პირველ რიგში და არ გაწირავენ ადამიანებს შიმშილისთვის. რასაც რუსეთი აკეთებს, ადამიანთა სიცოცხლე მისთვის არაფერს წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში.

„რუსეთი უწინარესად ითხოვს, რომ მოეხსნას მას სანქციები, ისედაც სხვადასხვა გზებით ახორციელებს თავის საექსპორტო საქმიანობას - იქნება ეს ჩინეთი, ინდოეთი თუ არაბული სამყარო, მაგრამ მას სურს სანქციების მოხსნა და რომ აღიდგინოს ის სავაჭრო ბალანსი, რაც უკრაინაში შეჭრამდე არსებობდა და ჰქონდა.

„მემორანდუმში კონკრეტულად რა წერია, პირობებს ვერ ვიტყვი, მაგრამ, ზოგადი მათი მიმართულება ასეთია, რომ მოგვიხსენით სანქციები და ჩაგვთვალეთ თანასწორ პარტნიორად, მაგრამ ისინი თანასწორ პარტნიორად კი არ მიიჩნევენ თავს, არამედ, უპირატეს პარტნიორად, გლობალურ დომინანტად.

„გაერო დათმობაზე წავა? აქ შეიძლება ჩაერთონ შუამავლები, არ გამოვრიცხავ თურქეთის როლს, იმიტომ, რომ თუ არ ვცდები უახლოეს მომავალში პუტინი უნდა ეწვიოს თურქეთს და აქ როგორც გვახსოვს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტში მონაწილეობდა თურქეთის მხარე ძალიან აქტიურად. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ პრეზიდენტ ერდოღანის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომ ის გამოვა გლობალური შუამავალი და არა დასავლელი აქტორი.

„შესაბამისად, მიიღწევა შედეგი, განახლდება შავი ზღვის მარცვლეულის საკითხზე მსჯელობა და რუსეთის ჩართულობა. რასაკვირველია, ასე მოხდება, იმიტომ რომ ჩიხში ყოფნა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩიხში ყოფნა, გულისხმობს მილიონობით ადამიანის შიმშილზე გაწირვას და ეს ჰუმანიზმში არ ჯდება. იმპერიალისტური რუსეთისთვის ეს არაფერი არ არის, მაგრამ ცივილიზებული დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესია" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" რუსეთის ხელისუფლების მორიგ შანტაჟის განხორციელებას არ პროგნოზირებს იმიტომ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო პასუხიმგებელია სხვა ქვეყნების მიმართაც.

„რუსეთი არასდროს არ იქცევა სამართლიანად, ყოველთვის როდესაც რაღაცას აცხადებს, ეს არის დემაგოგია, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის შეცდომაში შეყვანა მსმენელისა.

„შესაბამისად, როდესაც რუსეთმა შეცვალა პოლიტიკა, 2007 წლიდან გადავიდა იმპერიულ აგრესიაზე და პირველი მსხვერპლი იყო საქართველო, იქედან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ, რომ მათი განცხადებები როგორ არ შეესაბამება რეალობას. სულ სხვა რამეს აცხადებენ და სულ სხვა რამეს აკეთებენ.

„ამ ფონზე, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ რუსეთის ხელისუფლებისგან, პირველ რიგში მათი არ მჯერა, მორიგ პროპაგანდად აღვიქვამ, შესაბამისად რუსეთს არ უნდა რომ მას დაბრალდეს მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლა. გამოსვლა ერთია, მაგრამ, ჩაშლა არ უნდა მოხდეს. უკრაინამ და თურქეთმა უკვე განაცხადეს რომ მაინც აპირებენ მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას.

„რუსეთი მიხვდა, რომ შეიძლება მის გარეშე განხორციელდეს ყველაფერი. ამიტომ მან დიდი ხნის შემდეგ პირველად დაბომბა ოდესის პორტი, საიდანაც გადის მარცვლეული. შესაბამისად, ასე მან აშკარად მიანიშნა რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელი იქნება მარცვლეულის შეთანხმების რეალიზაცია.

„ამიტომ ახლა რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა გაეროს, თუ თქვენ ჩემს პირობებს შეასრულებთ... რა არის რუსეთის პირობების შესრულება? რუსეთს უნდა, რომ შერბილდეს სანქციები, რუსეთის ზოგიერთი კომპანიის მიმართ და რომ რუსეთმა ისევ ისე თავისუფლად ატაროს ტვირთები, როგორც მარცვლეული.

„მარცვლეული სჭირდება მსოფლიოს, განსაკუთრებით აფრიკულ სახელმწიფოებს, სადაც შეიძლება შიმშილობა დაიწყოს და რუსეთს დაბრალდება ეს ყველაფერი. რუსეთს უნდა ბარემ ამას ააწებოს სხვა საკითხები, მათ შორის ზოგიერთ ბანკს მიეცეს სვიფტის გამოყენება, ანუ საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გამოყენება, რომელიც ჩაკეტილი არის და რუსეთის მოქალაქეებს და ბიზნესს არ შეუძლიათ გამოიყენონ ყველაზე მაღალი დონის ეს საბანკო სისტემა. მას უნდა რომ ეს დაუბრუნონ.

„ასე რომ, რუსეთი აშანტაჟებს მსოფლიოს, აშანტაჟებს გაეროს, მას უნდა, რომ გაერო გაიხადოს როგორც მომსახურე პერსონალი რუსეთის, რომ გაერო გახდეს „აგენტი" საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფოების წინაშე, რომ მასთთან ილაპარაკოს, ხომ არ მოვუხსნათ რუსეთს სანქციების ნაწილი, რათა რუსეთი არ გამოვიდეს მარცვლეულის შეთანხმებიდან და არ დაგვეწყოს შიმშილობა აფრიკაში.

„ეს უკვე, გაეროს საქმეა შიმშილობა, არც უკრაინის და არც არავის საქმე ეს საკითხი არ არის. გაერომ უნდა უზრუნველყოს, მოშიმშილეების მხარდაჭერა. გაერო არ აწარმოებს მარცვლეულს, ის აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოებთან. სახელმწიფოებთან თანამშრომლობს და კოორდინაციას უწევს რომ აფრიკაში შიმშილობის მორიგი ტალღა არ აგორდეს.

„გაეროს აყენებს რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში, ერთი მხრივ მზადაა რომ არ დაიშალოს მარცვლეულის შეთანხმება, მეორე მხრივ აშანტაჟებს გაეროს რომ შენი საქმეა ეს, კეთილი ინებე ისე, რომ მე მივიღო გარკვეული შერბილება, ეკონომიკური სანქციების მიმართულებით. მე ასე ვხედავ მათ დღევანდელ განცხადებას.

„რუსეთს შეუძლია აღადგინოს შეთანხმება, ოღონდ უკვე ულტიმატუმს აყენებს, მაგრამ, გაერო რომ წავა დათმობაზე, ეჭვი მეპარება. გაერო ვერ წავა დათმობაზე, გაეროს მართავს უშიშროების საბჭო, იქ არის რუსეთი, რომელიც ბლოკავს რაღაცეებს, იქ არის ბრიტანეთი იქ არის საფრანგეთი, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დაბლოკონ რაღაცა, მეეჭვება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს მისცეს საშუალება ამ დათმობაზე წავიდეს" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×