
მორიგი იერიში ოკუპირებულ ყირიმზე - ამჯერად უკრაინამ კიროვის რაიონში მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საწყობი დაბომბა - მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. რა იქნება რუსეთის პასუხი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები გვეუბნებიან, დიდი ალბათობით მსგავსი იერიშები უკრაინის მხრიდან გაგრძელდება.
ანალიტიკოსებისვე შეფასებით, ეს ყირიმის ხიდის ინციდეტის მასშტაბებთან შედარებით მცირეა, თუმცა, ჩანს, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ყირიმის დეოკუპაციის მნიშვნელოვანი გეგმა აქვს დადებით შედეგზე გათვლილი. ამასთან, მსგავს ინციდენტებზე რუსეთისგან საპასუხო იერიშები მოსალოდნელია.
ოკუპირებული ყირიმის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის კიროვის რაიონში მდებარე სტაროკრიმსკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის.
მისივე განცხადებით, უკრაინის ჯარმა საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, გრძელდება დეტონირება, რის გამოც გადაკეტილია მოძრაობა ტავრიდის გზატკეცილზე.
„პოლიგონთან ახლო მდებარე ზონიდან 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუირება არის დაგეგმილი - ეს ორ ათასზე ადამიანზე მეტია", - განაცხადა აქსიონოვმა.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა.
რუსული მედია წერს, რომ 250-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი „ტავრიდა" პირველი კატეგორიის გზაა, რომელიც რუსეთის გეგმით უნდა იქცეს ყირიმის საგზაო სისტემის მთავარ მაგისტრალად. ქერჩიდან სევასტოპოლამდე ამ 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა რუსეთმა 2017 წელს დაიწყო.
17 ივლისს გამთენიისას ყირიმის ხიდისა და 19 ივლისს სამხედრო საწყობის აფეთქების შემდეგ, რუსი ტურისტები და მოსახლეობა ნახევარკუნძულს მასობრივად ტოვებენ.
ყირიმის ხიდის ინციდენტზე რუსეთის პასუხი იყო ის, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა და მეორე დღესვე ოდესაზე და სხვა რაიონებზე იერიში მიიტანა. ამჯერად კი უცნობია რა საპასუხო ზომებს მიმართავს კრემლი 19 ივლისის ინციდენტზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის მისამართით სამხედრო ობიექტებზე იერიშებს კვლავ უნდა ველოდოთ, მას უჭირს თქმა რა იქნება რუსეთის პასუხი, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ იერიშების ინტენსივობას მოუმატოს.
„ეს შედარებით უფრო მცირე დარტყმაა, რომელიც ყირიმის ხიდზე განხორციელებულ იერიშს ვერ შეედრება, თუმცაღა, რუსი საოკუპაციო ძალების მისამართით ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ ე.წ. რუსული საზფხულო სეზონი ჩაიშალოს. უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების პოლიტიკას ახორციელებს - საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელობას და მათ მიმდევრებს ფსიქოლოგოურ ტერორში ამყოფებს.
„ეს უკრაინის სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელიც მალე ალბათ დადებით შედეგს მოიტანს. ბუნებრივია, რომ ოკუპირებული ყირიმის მისამართით იერიშებს კვლავ უნდა ველოდოთ, საომარი მდგომარეობაა და ყირიმი საბრძოლო მოქმედებების ზონაა.
„როგორც ჩანს, უკრაინის ხელმძღვანელობას ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით თავისი გეგმები და ამოცანები აქვს. ვფიქრიბ, რომ იერიშები სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაგრძელდება, ყირიმის ხიდიც სამხედრო ობიექტად ითვლება. შემთხვევით არაა, რომ კრემლის პროპაგანდა საკმაოდ განიცდის, რადგან ეს ხიდი მთავარი მომარაგების არტერია იყო.
„მარცლვეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ, ახლა ამ ინციდენტზე რუსეთის პასუხი რა იქნება, ძნელი სათქმელია, შესაძლოა სარაკეტო იერიშების ინტენსივობა გაზარდოს, მათ შორის კიევისა და საპორტო რეგიონებზე",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის მიზანი ერთია, რომ ომში გამარჯვებისთვის ოკუპანტებს მომარაგების გზები გადაეჭრათ და დარტყმებიც ძირითადად ასეთ ობიექტებზე ხორციელდება.
„ომში გამარჯვებისთვის უკრაინისთვის მთავარია, რომ ოკუპანტებს მხარდაჭერა, უზრუნველყიფა, ლოჯისტიკა ჩამოეშალოთ და თავიანთი ძალების მომარაგება შეუწყდეთ. რუსებს ძალების ნაკლებობაც აქვთ, ამიტომ, დარტყმები ძირითადად იმ ობიექტებზე ხორციელდება, რომლებიც საოკუპაციო ზალების უზრუნველყოფას ხელს შეუშლის", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".