ნაზი ბერიძე
18.07.2023

არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, თუმცა პარტიებმა უკვე დაიწყეს ფიქრი საკუთარ მომავალზე და ადგილზე მომავალ პარლამენტში. უკლებლივ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ოცნების", ენმ-სა და შეიძლება გახარიას პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ხელისუფლება კი ბარიერის დაწევას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ამ სიტუაციაში, კოალიციებმა შეიძლება უჩვეულო სახე მიიღოს.

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არ გაგიკვირდეთ, არჩევნების შემდეგ კოალიცია „ნაცებმა" და „ქოცებმა" შექმნანო. ამბობს, როდესაც „ქართულ ოცნებას" სჭირდება, მას ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა" ეხმარებაო. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის" კოალიციას ამ ორ პარტიასთან არ შექმნის არც არჩევნებამდე და არც არჩევნების მერე, რადგან ორივე პარტია წარსულია და მათ სამომავლო რესურსი არ გააჩნიათ.

„შექმნის დღიდან ჩვენი გუნდის პოზიცია უცვლელია - არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ! ჩვენთვის განსაკუთრებული წითელი ხაზია „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". ჩვენი გუნდის მიზანია „ნაცებმა" და „ქოცებმა" ჯამში ხმების 50%-ზე მეტი არ აიღონ. ვისურვებდი, რომ სხვა პარტიების მიზანიც ეს იყოს. საზოგადოება „ნაც-ქოცური" პოლიტიკური დღის წესრიგით დაიღალა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ „ქოცებთან" და „ნაცებთან" კოალიცია არ გვექნება, ამაში იგულისხმება, რომ კოალიცია არ გვექნება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ენმ-სა და „ოცნებათან" თანამშრომლობას გამორიცხავს პარტია „ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი, თუმცა სხვა პარტიებთან თანამშრომლობის წინააღმდეგი არ არის.

„ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან". გარდა „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნებისა", ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს ამ ქვეყნის მომავალზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე. რაც შეეხება გახარიას, მან საკუთარი საქმიანობის დროს არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც დააზიანა ამ ქვეყნის ევროალანტიკური მომავალი. მათ შორის, უშუალოდ მონაწილეობდა, მაგალითად, საუკუნის პროექტის შეჩერებაში, რომელიც სრულიად სხვა დატვირთვას მისცემდა დღეს ჩვენს ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, ამიტომ გახარიასთან დაკავშირებით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსული დავალების შესრულებაში, ცხადია, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" პროგნოზირებს, რომ შეიქმნება ცალკეული კოალიციები საერთო სამოქმედო სტრატეგიითა და ქმედებებით.

„შესაძლებელია შეიქმნას გარკვეული კოალიცია, შეიძლება იყოს ერთობლივი ქმედება ოღონდ ოფიციალური კოალიცია და ალიანსი პარტიებს შორის არ გაფორმდეს, მაგრამ იქნება ერთობლივი სტრატეგია, ერთობლივი შეხვედრები მოსახლეობასთან, სემინარები და ა.შ. დღეს არის ამის ნიშნები მაგალითად „ნაც მოძრაობასა" და „სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. არის შესაძლებლობა სხვა პროდასავლურმა პარტიებმაც, მაგალითად, „დროამ", „ლელომ" და „გირჩმა" ითანამშრომლონ. პარტია საქართველოსთვის" რაც შეეხება, ის ალბათ არ შევა კოალიციაში, რადგან მას აქვს გარკვეული რეიტინგი, სადღაც 10%-იანი რეიტინგი, წინი არჩევნებიდან ვიცით. „ოცნებაც" რა თქმა უნდა არავითარ კოალიაციაში არ შევა. შეიძლება იყოს თანამშრომლობა პარტია „ხალხის ძალასთან", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" პატარა პარტიებს ცალ-ცალკე სამოქმედო გეგმების წარდგენას ურჩევს, რამაც შეიძლება საზოგადოება უფრო დააინტერესოს, ვიდრე რომელიმე პარტიასთან ინტეგრაცია.

„საინტერესო რამეა - თუ არ გეპატიჟებიან, როგორ მიხვალ? ვხედავთ, უფრო პატარა პარტიები ჩქარობენ მაგ საკითხის განხილვას. ეგ უკვე მიუთითებს რომ დიდი პარტიების ინტერესში არ არის ალიანსების კეთება, პატარა პარტიები კი ამ განცხადებებს რომ მე იმასთან არ მივალ და ა.შ. დაახლოებით იმ ინტონაციაში აკეთებენ, რომ ანახონ საზოგადოებას რომ განზე გამდგარები არიან ამ დაპირისპირებიდან და არცერთს არ უერთდებიან. არ ვიცი, რამდენად ღელავს საზოგადოება იმაზე, დავუშვათ განზე არის გამდგარი იგივე „ევროპული საქართველო" თუ არა. თანამშრომლობა ერთმანეთთან შეუძლიათ, მაგრამ ამდენი ხნით ადრე არჩევნებამდე, პირველი რაც თავში მოსდით და სალაპარაკოს ხდიან, ისაა, ვისთან ითანამშრომლებენ იმის მაგივრად, წარმოადგინონ, რას სთავაზობს ამომრჩეველს. იქნებ ისეთ რამეს სთავაზობენ, რაც ამომრჩეველს არ სჭირდება მისი სხვებთან ურთიერთობა და აირჩევს ამ ერთ და განუმეორებელ პარტიას?!" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×