
საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო 12 რეკომენდაციიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე პრობლემურად მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა მიიჩნევა. ქართველი ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას ასეთ შეფასებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მედიის პოლარიზაციის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე მედიის მრავალფეროვნების.
ევროკომისია 22 ივნისს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ევროპული რეკომენდაციების გაუმჯობესების ხარსხზე იმსჯელებს. „რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარ იოზვიაკი „ტვიტერზე" წერს, რომ ევროკომისიის შეფასებით, მოლდოვასა და უკრაინას კარგი პროგრესი აქვთ, საქართველოს კი მეტი ძალისხმევა სჭირდება. ყველაზე პრობლემურად კი მედია პლურალიზმის საკითხია მიჩნეული, სადაც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი საერთოდ არ აქვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში მედიის პოლარიზაციის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე მედიის თავისუფლების.
„ზოგადად რომ შევხედოთ ქართულ მედია სივრცეს, უფრო პოლარიზებულს ვიტყოდი, ვიდრე იმას, რომ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით ინტერნეტ მედია უფრო პროპაგანდისტულია, ვიდრე თავისუფალი. მაგრამ როგორ არის ეს ასახული შესრულებული რეკომენდაციების ნუსხაში, ამაზე გამიჭირდება საუბარი.
„პოლარიზებულია მედია იქედან გამომდინარე, რომ პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი და ამის ასახვა ხდება მედია სივრცეშიც. დღეს არსებობს ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებიან, მაგრამ მშვენივრად არიან ოპოზიციური პარტიების გავლენის ქვეშ. ამიტომ ის თავისუფალი არ არის, ის არის პარტიული ტელევიზია.
„როგორ მოგვარდება მედიაპლურალიზმის პრობლემა? არ არის ეს ისეთი პრობლემა, რომ ერთმა კანონპროექტმა შეძლოს მისი მოწესრიგება. მთლიანობაში უნდა გატარდეს რეფორმები, ანუ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ცალკე ვერ დავწერთ ისეთ კანონს, რომელიც თავისუფალ მედიას შეგვიქმნის თუნდაც ამ სისტემაში, რა სისტემაშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
„როდესაც სასამართლოსადმი ნდობა არა აქვს პოლიტიკურ სპექტრს, იქ რა მედიის თავისუფლებაზეა საუბარი?! მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, დემოკრატიის სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს და მაშინ გახდება მედია მართლა თავისუფალი. ეს უნდა განხორციელდეს არჩევნების სანდოობიდან სასამართლო თავისუფლებამდე", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს რომ დასავლეთის ზოგიერთი წრეები ცდილობენ რომ „ქართული ოცნების" პირობებში საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამგვარი განცხადებებით, ახდენენ ხელისუფლების შეცვლის, რევოლუციის მოწყობის და „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების პროვოცირებას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ მედია პლურალიზმის საკითხთან „მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხის დაკავშირების მცდელობა იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოომ წელს ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება აქციებისა და ხელისუფლების ცვლილების საფუძველი გახდეს.
„გვარამიას საკითხით აპელირება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული წრეები დასავლეთში ცდილობენ ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა" მოიყვანონ. ამ ფონზე აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, რომელიც ხელს შეუშლის „ქართული ოცნების", თუ შეიძლება ასე ითქვას, წარმატებებს, რადგან თუ ვერ მიიღო ქვეყანამ „ქართული ოცნების" ხელში კანდიდატის სტატუსი, მაშინ დიდი შანსია, რომ გამოვა ხალხი ქუჩაში და მოხდება რევოლუცია. ამ რევოლუციისკენ ცდილობენ უბიძგონ ქვეყანას", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.