ელზა პაპოშვილი
20.06.2023

შემზარავი ფაქტი თბილისში, პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელიც არასრუწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდათ. გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. 38 წლის მალხაზ ბარსეგიანს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. 

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვების შრომით ექსპლუატაციას დაკავებული სისტემატურად ახდენდა, უარის შემთხვევაში კი მათ სცემდა. გამოძიება მამინაცვალს არასრუწლოვნების ტრეფიკინგს ედავება და ამბობს, რომ ის ბავშვებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ბავშვებს კი აშინებდა, რომ თუკი ისინი ამბავს პოლიციაში მოჰყვებოდნენ  ან ვინმეს ეტყოდნენ, მათაც და დედასაც მოკლავდა. მამაკაცს ამ ეტაპზე  ადვოკატი არ ჰყავს და უცნობია აღიარებს თუ არა ის თავს დამნაშავედ.  

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 38 წლის კაცი გერებს ვაზისუბნიდან ვარკეთილში წასვლას, ყუთების მოგროვებას, ჩაბარებას, ფულის კი მასთან მიტანას აიძულებდა. და-ძმას დღეში 40 ლარი მაინც უნდა ეშოვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფიზიკურად უსწორდებოდათ. 

მამაკაცი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ის გერებს არასდრoს არაფერს აიძულებდათ და მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. პროკურორი კი ამბობს, რომ ბრალდებული ბავშვების ექსპულატაციას 3 წლის გაანმავლობაში ახდენდა. 

ვარკეთილში არსებული ობიექტის მფლობელები და გამყიდველები ამბობენ, რომ ბავშვებს იცნობენ და ისინი წლების განმავლობაში გამთენიისას მათთან  ყუთებისთვის მიდიოდნენ, უფროსებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ყუთები გასაყიდად სჭრიდებოდათ, რათა მათი მშობლებისთვის შემდეგ ფული მიეტანათ. 

„ბავშვებს ვიცნობთ, რადგან ყოველ დილას, გამთენიისას მოდიოდნენ  და ყუთებს ითხოვდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ უნდა ჩავაბაროთ და მოგვიგროვეთო. ნაგავში იქექებოდნენ და რაღაცეებს აგროვებდნენ. სად მიჰქონდათ, რას აკეთებდნენ,  არ ვიცით. რამდენჯერმე ვკითხეთ რად გინდათ თქო და ამბობდნენ, რომ მშობლები ავალებდნენ. ფული უნდა ვიშოვოთ, რომ მათ მივცეთო. არ უთქვამთ, რომ რაიმე ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და ამის გაკეთებას ვინმე აიძულებდათ. ერთი კვირაა რაც არ გამოჩენილან“,-ამბობს ვარკეთილში არსებული ობიექტის მფლობელი. 

კიდევ ერთი ობიექტზე დასაქმებული ყვება რომ, რომ ბავშვები ცივ ზამთარშიც კი გარეთ იყვნენ და რაღაცეებს ეძებდნენ. ხშირად ქუჩაშიც მძინარეები დაუნახია. ურიკით დადიოდნენ  და ყუთებს 50 თეთრად აბარებდნენ. 

„არ ვიცი საწყალი ბავშვები რას აგროვებდნენ. ურიკა ჰქონდათ და იმაზე ტვირთავდნენ. და-ძმანი ვართო გვითხრეს. დილით ადრე მოდიოდნენ და ჩვენს მიერ გატეხილ ყუთებს, რომელიც აღარ გვინდოდა იღებდნენ. რას აგროვებდნენ არ ვიცი. სულ რაღაცა 50 თეთრი ღირს ასეთი ყუთების ჩაბარება. რამდენი უნდა ჩაებარებინათ, რომ რაღაცა ეშოვათ. ხან ქუჩაშიც მინახია, რომ იყვნენ და ეძინათ. ალბათ სახლშიც არ უშვებდათ თუ ფულს არ მიიტანდნენ. როგორც ჩანს,  ვიღაცამ პოლიციას შეატყობინა და კაცი დააკავეს. ეს დღეებია აღარ გამოჩენილან“,-ყვება მამაკაცი. 

სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვანებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების - 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×