„ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი"
ნაზი ბერიძე
20.06.2023

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ რეფორმების შესახებ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კი საქართველოზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

რა იქნება ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რამდენად მნიშვნელოვანია იგი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აღნიშნავენ, რომ ეს იქნება გარკვეული მინიშნებების და პრობლემატური საკითხების ანალიზი, რაც საქართველოს აქვს რეკომენდაციების შესრულების ხარისხში - თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღება მაინც და მაინც ამ ანგარიშით არ გადაწყდება.

ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ.

როგორც „რადიო თავისუფლება" ავრცელებს ინფორმაციას, ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად" ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა: ეს არის დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. არანაირი წარმატება არ აქვს საქართველოს მედია პლურალიზმში და დანარჩენი რვა პუნქტი მეტ-ნაკლებად შესრულებულია.

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი მაღალი დონის შეფასება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვანიჭონ რაღაც დათქმებით.

„რეფორმებთან დაკავშირებით - რეფორმები რომ ჩვენთან უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინაში, ეს ფაქტია. ჩვენთან დემოკრატიზაციის ხარისხი და პოლიტიზაციის დონე იმდენად მაღალია და იმდენად არის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვლილი, რომ ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით მე ცოტა პესიმისტურად წარმოვაჩენ სცენარს.

„შეიძლება ჩვენ უბრალოდ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, ოღონდ რაღაცა დათქმების ფონზე, მაგრამ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ შეასრულებს. იმიტომ, რომ უკვე აშკარაა რომ სერიოზული დაპირისპირებაა და სერიოზული ღრმული ჩვენს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის.

„ხედვებში, წარმოდგენებში, თუნდაც ის არსებული ინცინდენტიც რომ ავიღოთ - ქვების სროლა ბორჯომში, ესეც გარკვეულწილად ეს არის პოლიტიკური მომენტი, რომელიც პირდაპირპროპორციულია არსებული ტიპის სიტუაციის. და როცა მაღალია პოლიტიზაციის დონე, დაპირისპირების ხარისხი, საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში არის გარკვეული ცვლილებები, ეს საკმაოდ პრობლემატურია. ეს ყველაფერი დემოკრატიის კონტექსტში ერთიანდება.

„ეს ანგარიში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი მაღალი დონის შეფასება ევროკავშირის მხრიდან პირდაპირპროპორციულია ამ სტატუსის მიღებასთან მიმართებით" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მნიშვნელობაზე საუბრობს, სადაც სავარაუდოდ, გავიგებთ საით მიდის ხელისუფლება და რა ტენდენციები უნდა შეიმუშაოს. ამასთანავე, ჯერ კიდევ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მინიმუმ ორი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია შეუსრულებელია, თუმცა, წლის ბოლომდე არის დრო.

„მოლოდინებთან დაკავშირებით ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ, რომ ზუსტად არავინ არ იცის რანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი ცდილობს ყველანაირად შეუწყოს ხელი საქართველოს, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სწორედ ამის გამო იყო რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა როგორც წევრ სახელმწიფოებთან გერმანიაში, ასევე ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ამათი მთავარი მიზანი გახლდათ, რომ მიეტანათ საქართველოს ხელისუფლებისათვის ის საკითხები, რომლებიც მათი აზრით ყურადღებამისაქცევი არის და რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება. იმედია რომ ხელისუფლებამ შეისმინა ეს ყველაფერი და მეტ-ნაკლებად აკეთებს ამას.

„რაც შეეხება შუალედურ შეფასებას, რა თქმა უნდა, ის ახლა ძალიან ზოგადი იქნება, კონკრეტული რაღაც ისეთი შეიძლება ვერ აღმოვაჩინოთ, რამე ხელშესახები, რომ რა შედეგები გვექნება წლის ბოლოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ შუალედურ ანგარიშსაც მნიშვნელობა ექნება. მაგრამ, აქ გამოჩნდება რომელი საკითხები არ არის შესრულებული და მიაჩნია ევროკავშირს, რომ არ არის გაკეთებული და ასევე, გამოჩნდება ის საკითხები რომლებიც მეტ-ნაკლებად შესრულებულია.

„ყველაზე ძნელი საკითხი, რომელიც ძალიან ძნელი იქნება შესასრულებლად, ეს არის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციის ხარისხი. პირველი დაკავშირებულია იმასთან რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა ეს დაუკავშიროს ბიძინა ივანიშვილს და ფიქრობს რომ ეს კანონი მიღებულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა ვერ იქნება ასეთი გაგებით მიღებული. მეორე - დეპოლარიზაცია, უფრო პოლარიზაციისკენ მიდის უფრო ქვეყანა. ეს ორი მინიმუმ არ იქნება შესრულებული.

„ყველაზე პრობლემური ასევე რჩება კანონის უზენაესობის და სასამართლოს თემები. ასევე ადამიანის უფლებები და მედია. ეს თემები არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ აქ არის სხვადასხავა ინტერპრეტაცია, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასრულებს ამ ყველაფერს, ამ დროს საქართველოში როგორც ოპოზიციას და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას ისე არ მიაჩნია, როგორც ევროკავშირს.

„კარგი ის არის რომ წლის ბოლომდე კიდევ არის დრო, მაგრამ, ეს ანგარიში არ განაპირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ეს უბრალოდ მოგვცემს მიმართულებას, სწორად თუ მიდის ხელისუფლება ამ მიმართულებით, და გარკვეულ ტენდენციებს გამოავლენს" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×