ნაზი ბერიძე
20.06.2023

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა "რეალურია" - მან დაგმო ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსება ბელორუსში.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს, არსებობს მსოფლიო ქაოსის საფრთხე, მსოფლიო წესრიგის და მსოფლიო მშვიდობის განადგურების საშიშროება. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთს ასეთი თვითმკვლელი ნაბიჯისგან დასავლეთი შეაჩერებს და ის კატასტროფუული შედეგები რაც შეიძლება მოჰყვეს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას პუტინის მხრიდან, რუსეთი ალბათ, არ ჩაიდენს.

შაბათს, ბაიდენმა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა ბელორუსში თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში განათავსა - "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა.

„როდესაც აქ ვიყავი დაახლოებით ორი წლის წინ და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, და რომ პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და ეს რეალურია ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი", - თქვა ბაიდენმა.

გასულ კვირას ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანამ დაიწყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება, რომელთაგან ზოგიერთი, მისი თქმით, იმაზე სამჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე აშშ-მ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკზე ატომური ბომბი ჩამოაგდო.

მაისში რუსეთმა უარყო ბაიდენის კრიტიკული ბრალდება ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმის შესახებ და თქვა, რომ აშშ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა ასეთ ბირთვული იარაღის განლაგებას ევროპაში.

რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებას ყურადღებით აკვირდებიან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ისევე როგორც ჩინეთი, რომელმაც არაერთხელ გააფრთხილა მსოფლიო, რომ რუსეთი უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი პუტინის არაპროგნოზირებადი ქმედების განსაზღვრას ზუსტად ვერ ახდენს, მაგრამ, არსებობს იმის საფრთხე, რომ რუსეთმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუმცა არა სტრატეგიული. შესაბამისად, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე შეიძლება ავირიდოთ.

„მე მგონია რომ ბაიდენს აქვს მეტი ინფორმაცია და რადგან ეს გამოიტანა საჯაროდ, ესე იგი სერიოზულად არიან ამით შეწუხებული ამერიკელები. ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს, პუტინს ჭკუა არ მოეკითხება, როგორც იტყვიან და რუსეთში კიდევ ცოტაა ვინც შეეწინააღმდეგება მის ასეთ არაადეკვატურ მოძრაობებს.

„ამერიკა ყველანაირად აჩერებს, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყველანაირად ემუქრება და სიგნალებს აწვდის, რომ ძალიან მაგრად დაისჯები თუ ამას იზამო, მაგრამ, საბოლოო ჯამში არაადეკვატური ადამიანის შეჩერება ძალიან რთულია, ან შეუძლებელია, გამოყენების საფრთხე არსებობს.

„თუ გამოიყენებს რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მაშინ ამერიკელები რუსეთის მთელ ჯარს, რომელიც უკრაინაში იმყოფება, გაანადგურებენ. როგორც მინიმუმ ეს მოხდება და შეიძლება რუსეთის ტერიტორიებიც დაბომბონ, მათ შორის რაღაც ობიექტები.

„მაგრამ, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და აქ არ არის საუბარი სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე. ამაზე ჯერ არ საუბრობენ. იმიტომ, რომ სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება, ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და, რა თქმა უნდა, ურთიერთგანადგურებას.

„რუსეთს აქვს 6 ათასი ქობინა, ეს არის 6 ათასი ბირთვული მუხტი, ამერიკას აქვს დაახლოებით მაგდენივე, და ეს რომ ერთმანეთს დაუშინონ და 10% მაინც ჩამოვარდეს ამერიკასა და ევროპაში და ამდენივე რუსეთში, ორმხრივად განადგურდება ორივე ბანაკი.

„თუ არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე? ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე, ეს არის ისეთი, რომ გაანადგუროს ერთი პატარა ქალაქი ან საჯარისო დაჯგუფებები, 15 -20 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს, სტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებზე აქვთ დამონტაჟებული, ეს მიფრინავს 5-6 ათას კილომეტრზე და შეუძლია დაარტყას ამერიკას, ამერიკის ქალაქები გაანადგუროს და მიწასთან გაასწოროს დიდი ტერიტორიები, ზუსტად ამ იარაღს, ალბათ, არ გამოიყენებს რუსეთი.

„მაგრამ, შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. რომელიც მცირე მასშტაბის არის. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ამერიკელები ემუქრებიან რუსეთს, რომ ჩვენ მთელ თქვენს ავიაციას ავწევთ ჰაერში და მართლაც ახლა ამერიკელები ატარებენ საავიაციო მანევრებს, ნატო ატარებს. ვიცით რომ უმეტესობა ამერიკული თვითმფრინავებია ჩართული და ევროპულებიც დიდი ნაწილი.

„სპეციალურად აკეთებს ამას ამერიკა, რომ აჩვენოს რამოდენა ძალა აქვს და როგორ შეუძლია ამერიკულმა და ევროპულმა თვითმფრინავებმა გაანადგურონ რუსეთის მთელი ჯარი, უკრაინაში. ალბათ, ამით, ატარებენ წვრთნებს ახლა, რომ იყოს შეთანხმებული მოქმედება, თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს" -განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არსებობს, რუსეთმა თუ გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ნამდვილად იქნება დასავლეთიდან საპასუხო რეაქცია, და იმაზე უფრო კატასტროფული სცენარი შეიძლება განვითარდეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო - სწორედ ეს აჩერებს ცივილიზებულ სამყაროს.

„ამ საკითხზე პროგნოზების კეთება ძალიან უმადური რამ გახლავთ, უმადური არის იმიტომ, რომ ბატონი პუტინის თავში რა ტრიალებს დღეს, ამის მცოდნე ადამიანი მე არ მეგულება.

„მან ისეთ ჩიხში შეიყვანა მსოფლიო უსაფრთხოება და კერძოდ, რუსეთი, რომ ერთი მხრივ ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, იმ ნაბიჯების შემდეგ, რომელიც მან გადადგა, არ უნდა გაგიკვირდეთ ალბათ, რომ იგი წავიდეს ამგვარ გართულებაზეც. მაგრამ, მეორე მხრივ ძალიან ადვილი წარმოსადგენია, რა კატასტროფული შედეგი მოჰყვება ამას რუსეთისათვის. მე იმედი მაქვს რომ რუსეთს კეთილგონიერება ეყოფა და ამგვარ უგუნურ თვითმკვლელობას არ ჩაიდენს.

„თუ გამოიყენა რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მსოფლიოსთვისაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, იმიტომ რომ რუსეთის ამგვარ ნაბიჯს იგივე გამანადგურებელი დარტყმა მოჰყვება დასავლეთიდან.

„წარმოიდგინეთ ახლა დასავლეთის ტექნოლოგიური დაწინაურება და მათი შეიარაღება და მათ მიერ განხორციელებული საპასუხო დარტყმა. ეს იქნება რა თქმა უნდა, სრული კატასტროფა, რუსეთისათვის.

„თუმცა, არც მსოფლიოს დაადგება კარგი დღე, იმიტომ, რომ ამდენი ბირთვული აფეთქება მძიმე კვალს დატოვებს მთელი დედამიწის მოსახლეობისთვის. სწორედ ეს არის, რაც აშინებს ცივილეზულ სამყაროს და იწვევს მათგან ასეთ ფრთხილ დამოკიდებულებას, ამგვარი გამანადგურებელი სცენარის მიმართ.

„რა თქმა უნდა, ვართ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ის რაც ხდება, მეორე მსოფლიო ომზე უარესი სცენარია. მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ ამ კატასტროფის შესაძლო სიმძიმე შეაჩერებს რუსეთს და მის მესვეურებს, ამგვარი თვითმკვლელური ნაბიჯებისაგან" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×