ელზა პაპოშვილი
20.06.2023

პიატიხატკას გარდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში, კიდევ 8 დასახლება გაათავისუფლეს. ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო ჯამში სამხედროებმა 113 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.

შეტაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალამ, მხოლოდ ერთ კვირაში 4600-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ოფიციალური კიევის ცნობითვე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აგრესორის ინფრასტრუქტურას და მძიმე ტექნიკას.

უკრაინელების წინსვლა ფრონტის ხაზზე 

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ­- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასასხმელად „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და 30 დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელებმა 28 მათგანი გაანადგურეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი დაახლოებით 70-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა მომავალში მაღალი რჩება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 15 დარტყმა მიაყენა. 

რუსეთის არაერთი ბრალდების მიუხედავად, კიევი უარყოფს კავშირს ბელგოროდში მომხდარ აფეთქებებთან. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მძიმე დაზიანებები მიიღო 8 მშვიდობიანმა მოქალაქემ.

2 სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსული იერიშის შედეგად სუმში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ოლქში მინიმუმ 200 აფეთქება დაფიქსირდა. კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო სამიზნე ნიკოპოლში. საჰაერო შეტევა ოკუპანტებმა ოდესის და ხარკოვის მიმართულებითაც განახორციელეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ბოროტ სახელმწიფოს ისეთი სიმაგრეები და რეზერვები არ აქვს, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს. უკრაინის პრეზიდენტმა ყველა მებრძოლს თითოეული გათავისუფლებული და დაცული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ დაკარგული პოზიციები არ გვაქვს, - მხოლოდ გათავისუფლებები, მათ კი – მხოლოდ ზარალი. ზოგადად, ეს არის ჩვენზე ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს დროშას გზა გავუხსნათ.

ლურჯი და ყვითელი ფერები მთელ ჩვენს სამხრეთსა და აღმოსავლეთში იქნება. ბოროტ სახელმწიფოს ისეთი რეზერვები და სიმაგრეები არ გააჩნია, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს უდიდეს ძალას გვაძლევს.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ სერჟანტს, ყველა ოფიცერს და ყველა გენერალს, რომლებიც ახლა ჩვენს აქტიურ შეტევასა და თავდაცვით მოქმედებებში ჩართულნი არიან. მადლობას გიხდით თითოეული გათავისუფლებული და დაცული პოზიციისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ.    

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით.

„უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამცველები „მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ და ყველაზე დიდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არის აუცილებელი სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან ოპერაციას რამდენიმე ამოცანა აქვს, რომელიც უკვე ხორციელდება.

დაპირისპირება რუსეთში 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „ვაგნერის“ რუსული ჯგუფის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავტორიტეტის შელახვას ცდილობს, რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი, უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარების ფონზე მის ქმედებებს უადგილოს უწოდებენ.

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან „მოხალისეთა ფორმირებებისთვის კონტრაქტის“ მისეულ ვარიანტზე პასუხს და რეაქციას ელოდება. „ვაგნერის“ ვარიანტი უწყებას რამდენიმე დღის წინ გაეგზავნა.

„მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის დოკუმენტის შინაარსი გამოქვეყნებული არ არის, თვით მისი გაგზავნის ფაქტი ზრდის ფსონებს და, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ავტორიტეტის შელახვის კიდევ ერთ შეგნებულ მცდელობას წარმოადგენს. პრიგოჟინის ტონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისამართით ერთმნიშვნელოვნად კონფრონტაციული გახდა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რეალურია, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„დაახლოებით ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.

გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღების შესახებ, რომელიც მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი. პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი“ უწოდა.     

გრძელი და დამქანცველი ბრძოლები

საქართველოს შეიარაღეებლი ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კონტრშეტევა თავის აქტიურ ფაზაში შევიდა და ის უკვე დიდი ხანია დაწყებულია. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ის რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, ტაქტიკური ბრძოლებია.    

„რუსებს თავდაცვითი ხაზი  ყველა მიმართულებაზე გამაგრებული აქვთ. ამიტომ უკრაინელებისთვის მანევრის შესაძლებლობა ჯერჯერობით რთულია. ბრძოლით დაზვერვა მიდის და ტაქტიკურად ბრძოლის სხვადასხვა მანევრი გამოიყენება. 

„ალბათ, საქმე მაინც გვექნება იმასთან, რომ უკრაინელები ყველა მიმართულებაზე შეტევაზე გადავლენ. იქ, სადაც შესაძლებელი იქნება და ნახავენ, რომ რუსებს შედარებით სუსტი წერტილები აქვთ, შეტევას იქ უფრო დიდი  მასშტაბით და აქტიურად დაიწყებენ. ჯერ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე საუბარი ალბათ ადრეა, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ დინამიკა იქით მიდის, დიდი წარმატებები იქნება. საქმე იმაშია, რომ რუსებს რამდენიმეშრიანი თავდაცვა აქვთ და მათ ამის რესურსი ჯერ კიდევ  გააჩნიათ. 

„მარტო უკრაინელებს არ უსწავლიათ წარსულის გამოცდილებიდან. აშკარად ჩანს, რომ გარკევული ხარვეზები რუსებმაც აღმოფხვრეს. განსაკუთრებით, რუსული არტილერია ეფექტური იქნება. 

„რაც შეეხება ფორტიფიკაციულ ნაგებობებს, მთელი ფრონტის თავდაცვით ხაზზეა განლაგებული და რუსები ამას ძალიან კარგად იყენებენ. ესენია ბეტონის ნაგებობები, რომლებიც ზოგან ერთ ეშელონიანია, ზოგან ორი და სამი. ეს ომი ძირითადად მაინც დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს. ფორტიფიკაციული ნაგებობები ძირითადად დასახლებულ პუნქტებშია გამოყენებული. 

„ეს არის ასევე გადამღობი მოწყობილობები, რათა იქ, სადაც შეიძლება ჯავშანტექნიკამ გაიაროს, მანევრი გნახორციელოს, რუსებს გადაღობილი აქვთ. თუმცა, ეს ნაგებობები მხოლოდ უკრაინელებს ვერ შეაჩერებთ. უკრაინელების შესაჩერებლად ასევე საჭიროა კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა“,-ამბობს პოლკოვნიკი. 

მისივე თქმით, ახლა ომის საწყისი პერიოდია და რუსების მთელი თავადცვითი ძალები, რომელიც ხერსონში იყო განლაგებული და კახოვკას კაშხალის აფეთქების შემდეგ გამოიყვანეს, ზაპროჟიეს და მელიტოპოლის მიმართულებაზე ჰყავთ გადაყვანილი. 

პოლკოვნიკი ამბობს, რომ რუსებმა კახოვკა სწორედ მაგიტომ ააფეთქეს, რათა იქიდან ძალები გამოეთავისუფლებინა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, რომ უკრაინელების დიდ ხნიან შეტევას გაუძლონ. შესაბამისად,  ბერიძე ამბობს, რომ ეს არ იქნება სწრაფი კონტრშეტევები და  ნელი სვლით უკრაინელები მათ გატეხვას ეცდებიან. მომქანცველი გრძელი ბრძოლები იქნება. უკრაინელები ყოველ დღიურად 2-3 სოფელს გაათავისუფლებენ.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×