ელზა პაპოშვილი
19.06.2023

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინელებმა ოკუპანტებისან დაიბრუნეს ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს. 

ხოლო გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში კი  ნათქვამია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, რუსეთმა, დიდი ალბათობით  დაიწყო დნიპროს ძალების ჯგუფის (DGF) ნაწილების გადაყვანა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის სექტორების გასაძლიერებლად.

უწყების ცნობით, ეს ძალები პოტენციურად 49-ე არმიის რამდენიმე ათას ჯარისკაცს, მათ შორის 34-ე ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ასევე მედესანტეებსა და საზღვაო ქვეითებს.

"DGF-ის გადანაწილება, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის აღქმას, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევისა და შედეგად დატბორვის შემდეგ უკრაინის დიდი შეტევა დნეპროზე ნაკლებად სავარაუდოა", - წერს დაზვერვა. 

სოციალურ ქსელში კი უკრაინელი დამცველების ვიდეო გამოჩნდა, რომლებმაც ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი პიატიხატკი გაათავისუფლეს.

„რაშისტები" გაიქცნენ, მიატოვეს ტექნიკა და საბრძოლო მასალა. დიდება უკრაინას!" - აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი ვიდეოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ახლა უნდა აღელვებდეს, როგორ მოამზადოს თავისი საზოგადოება უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვისთვის.

„რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მათ ახლა უნდა აწუხებდეს, არის ის, თუ როგორ მოამზადონ თავიანთი საზოგადოება, რუსული საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ანგრევენ თავიანთი სახელმწიფოს მომავალს. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება. ჩვენი სამხედროები მოძრაობენ: პოზიცია-პოზიცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მომავალ კვირას მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ექნება პარტნიორებთან. „სწორედ ჩვენი მოძრაობისთვის, სწორედ იარაღისთვის, სწორედ იმისთვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.   

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი დაჩქარების გარეშე უნდა განვითარდეს. ამის შესახებ Welt-ი იუწყება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ომის დასრულებისთვის მისაღები პირობები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის მხარის მიერ ნაკარნახევი არ უნდა იყოს.

"ყველას გვინდა, რომ ეს ომი დამთავრდეს. მაგრამ იმისთვის, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იყოს, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას არ ნიშნავს”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„უკრაინის სამხედრო წარმატება განამტკიცებს მის პოზიციას მოლაპარაკებების პროცესში: რაც უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებს უკრაინა, მით უფრო დიდი შანსი ექნება მას სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებათა მაგიდასთან", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მოთხოვნები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ ვერ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ეს რუსეთის წარმატებას ნიშნავს.   

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა ძალიან კარგ დროს დაიწყო და წარმატებებიც სახეზეა. 

პროფესორი „რეზონანსთან“ აცხდებს, რომ უკრაინა რაც უფრო გვიან დაიწყებდა კონტრშეტევას, რუსეთი მითუფრო უკეთესად მოემზადებოდა. 

„ამ ეტაპზე უკრაინული კონტრშეტევა, ყველა ანგარიშის მიხედვით, ძალიან კარგად მიმდინარეობს. უკრაინელები ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით წინ მიიწევენ, რაც ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქის მომიჯნავედ მდებარეობს. უმნიშვნელოვანესი კვანძია, რომელიც მარიუპოლის მიმართულებით მიდის. 

„უკრაინელებმა სულ ცოტა 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ რუსები დიდი ხანია ამ მიმართულებას ყველა რესურსით ამაგრებენ. ნახევარი წელია აქ თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, მაგრამ უკრაინელებმა მისი გარღვევა მაინც შეძლეს. 

„უკრაინელები შეტევას წარმატებით ახროცილებენ. ამ შეტევაში უკრაინული ძალების მხოლოდ 10%-ია ჩაბმული. 6 000-მდე სამხედრომ უკვე შესანიშნავად გაართვა თავი ამ შეტევას - რუსების დაცვის პირველ ზღუდამდე მიაღწია. 

„ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსების საპასუხო კონტრშეტევა, რომლითაც უკრაინელების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დაკავებას ციდლობდნენ, ჩავარდა. 

„ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინელებს აქვთ. ისინი რუსებს უტევენ როგორც სამხრეთში, ასევე ბახმუტის მიმართულებითაც. ვფიქრობ, რაც უფრო გაიზრდება კონტრშეტევის მასშტაბები, რუსების შანსები კიდევ უფრო შემცირდება“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება კონტრშეტევის  მასშტაბს და უნდა ველოდოთ თუ არა ამ პატარა შეტევების შემდეგ დიდ გენერალურ კონტრშეტევას, კობერიძე ამბობს, ჯერჯერობით უკრაინელები ცდილობენ ფრონტის ყველა მიმართულებაზე რუსებს პრობლემებს შეუქმნიან და სხვადასხვა მონაკვეთებზე დარტყმების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაზრდიან.

„უკრაინელები რუსებს ახლა სამხრეთის მიმართულებით 4 ადგილას ურტყამენ, თუმცა ასეთი დარტყმების რაოდენობა მთელს ფრონტის ხაზზე გაიზრდება. შესაძლოა ეს იყოს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის ოლქებში. 

„ამ დარტყმების შედეგი, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ იქნება. სადაც რუსებს ყველაზე დიდი სისუსტე აქვთ, იქ უკრაინელთა დიდი დანაყოფები იქ უფრო ღრმად გაიჭრებიან. პარალელურად შეტევა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, რათა რუსებმა იქიდან ფოკუსი ვერ მოხსნან. თუკი იქიდან ფოკუს მოხსნიან, მაშინ გენერალური შეტევის მიმართულებაც შეიცვლება. 

„ახლა კონტრშეტევის იმ ეტაპს ვუყურებთ, რომელსაც მომზადების ეტაპი ჰქვია და უკრაინელებმა რუსების საკვანძო ტერიტორიები უკვე აითვისეს. ბრძოლა გადადის კრიტიკულ ზღვარზე. თუ უკრაინელებმა რუსების დაცვითი ხაზი გადალახეს, რუსებს მათი შეჩერება გაუჭირდებათ“, - ამბობს პროფესორი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×