
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ნაწილებმა 20-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსების დაცვის პირველი ხაზიც გადალახეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კონტრშეტევისას ე.წ. მაფორმირებელი ოპერაციების ეტაპი დასრულდა და უახლოეს დღეებში ფრონტის ეს ან რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელთა კონცენტრირებულ დარტყმას ვიხილავთ.
პარალელურად რუსული მედია უკრაინელთა დიდ დანაკარგებზე წერს და აქცენტს ბრძოლის ველზე განადგურებულ დასავლურ ტექნიკაზე აკეთებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი შედეგის ერთ-ერთი მიზეზი რუსების მიერ დანაღმული ველებია, თუმცა ეს დანაკარგები არ არის იმ მასშტაბის, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე აისახოს.
უკრაინული მიმომხილველები კი წერენ, რომ ამინდის გაუარესება და კოკისპირული წვიმები უკრაინულ არმის გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ამავე მიზეზით პრობლემა ექმნებათ რუსებსაც - რუსი სამხედრო მიმომხილველების ცნობით, უამინდობის გამო რუსული ავიაციის მოქმედება შეზღუდულია. თუმცა, კვირის ბოლოსთვის უკრაინაში გამოდარებასა 30-გრადუსიან სიცხეს ელიან, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსთან ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა იჩქარეს კონტრშეტევის დაწყება და ჯობდა დასავლეთისგან „ეფ-16“ ავიაგამანადგურებლების მიღებას დალოდებოდნენ.
უნდა დალოდებოდა თუ არა უკრაინა „ეფ-16“-ების მიღებას
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევა ძალიან დროულად და კარგ დროს დაიწყეს, რადგან „ეფ-16“-ს რომ დალოდებოდნენ, ამით რუსებს მოსამზადებლად კიდევ დამატებით დროს მისცემდნენ.
„უკრაინა რაც უფრო გვიან დაიწყებდა კონტრშეტევას, რუსეთი მით უფრო უკეთესად მოემზადებოდა. ამ ეტაპზე უკრაინული კონტრშეტევა, ყველა ანგარიშის მიხედვით, ძალიან კარგად მიმდინარეობს. უკრაინელები ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით წინ მიიწევენ, რაც ზაპროჟიეს და დონეცკის ოლქის მომიჯნავედ მდებარეობს. უმნიშვნელოვანესი კვანძია, რომელიც მარიუპოლის მიმართულებით მიდის.
„უკრაინელებმა სულ ცოტა 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. ეს საკმაოდ კარგი შედეგია მიუხედავად იმისა, რომ რუსები დიდი ხანია ამ მიმართულებას ყველა რესურსით ამაგრებენ. ნახევარი წელია აქ თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, მაგრამ უკრაინელებმა მისი გარღვევა მიანც შეძლეს.
„რაც შეეხება უკრაინელების დანაკარგებს, ეს შედარებით მცირეა. თუკი ვიტყვით, რომ 16 „ბრედლი“ და 6 ტანკი „ლეოპარდ 2“ დაკარგეს, საერთო ჯამში ეს არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა რუსების თავდაცვით ზღუდეს მიუახლოვდნენ.
„ბრედლი“ რეალურად ქვეითთა საბრძოლო მანქანაა და მისი დაკარგვა რელურად არაფერს ნიშნავს. თუმცა, რადგანაც დასავლური მანქანებია, რუსებმა ამაზე აჟიოტაჟი ატეხეს. სინამდვილეში „საოცარი ტექნიკა“, რომელიც ფრონტის ხაზზე არ გაჩრედება და აფეთქებების შედეგად არ დაზიანდება, არ არსებობს“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება „ეფ-16“ ავიაგამანადგურებლებს, კობერიძე ამბობს, რომ ეს არის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, რომელსაც შეუძლია როგორც ბრძოლა, ასევე ბომბდამშენის ფუნქციაც აქვს. შესაბამისად, უკრაინელთა მხარეს კონტრშეტევის დროს დიდ უპირატესობას შექმნიდა. მიუხედავად ამისა, კობერიძის თქმით, რუსებს ჰაერში გადამწყვეტი უპირატესობა მაინც არ აქვთ, რადგანაც უკრაინული შვეულმფრენები და ჰაერსაწინააღმდეგო საშალებები აქტიურად მუშაობენ.
„საბოლოო ჯამში უკრაინელები შეტევას წარმატებით ახროცილებენ. ამ შეტევაში უკრაინული ძალების მხოლოდ 10%-ია ჩაბმული. 6 000-მდე სამხედრომ უკვე შესანიშნავად გაართვა თავი ამ შეტევას - რუსების დაცვის პირველ ზღუდამდე მიაღწია. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსების საპასუხო კონტრშეტევა, რომლითაც უკრაინელების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დაკავებას ციდლობდნენ, ჩავარდა.
„ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინელებს აქვთ. ისინი რუსებს უტევენ როგორც სამხრეთში, ასევე ბახმუტის მიმართულებითაც. ვფიქრობ, რაც უფრო გაიზრდება კონტრშეტევის მასშტაბები, რუსების შანსები კიდევ უფრო შემცირდება“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება კონტრშეტევის მასშტაბს და უნდა ველოდოთ თუ არა ამ პატარა შეტევების შემდეგ დიდ გენერალურ კონტრშეტევას, კობერიძე ამბობს, ჯერჯერობით უკრაინელები ცდილობენ ფრონტის ყველა მიმართულებაზე რუსებს პრობლემებს შეუქმნიან და სხვადასხვა მონაკვეთებზე დარტყმის დარტყმების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაზრდიან.
„უკრაინელები რუსებს ახლა სამხრეთის მიმართულებით 4 ადგილას ურტყამენ, თუმცა ასეთი დარტყმების რაოდენობა მთელს ფრონტის ხაზზე გაიზრდება. შესაძლოა ეს იყოს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის ოლქებში. ამ დარტყმების შედეგი, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ იქნება. სადაც რუსებს ყველაზე დიდი სისუსტე აქვთ, იქ უკრაინელთა დიდი დანაყოფები იქ უფრო ღრმად გაიჭრებიან. პარალელურად შეტევა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, რათა რუსებმა იქიდან ფოკუსი ვერ მოხსნან. თუკი იქიდან ფოკუს მოხსნიან, მაშინ გენერალური შეტევის მიმართულებაც შეიცვლება.
„ახლა კონტრშეტევის იმ ეტაპს ვუყურებთ, რომელსაც მომზადების ეტაპი ჰქვია და უკრაინელებმა რუსების საკვანძო ტერიტორიები უკვე აითვისეს. ბრძოლა გადადის კრიტიკულ ზღვარზე. თუ უკრაინელებმა რუსების დაცვითი ხაზი გადალახეს, რუსებს მათი შეჩერება გაუჭირდებათ“, - ამბობს პროფესორი „რეზონანსთან“.
დასრულდა თუ არა ე.წ. მაფორმირებელი შეტევების ეტაპი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, უკრაინელები კონტრშეტევას სწორედ იმის გამო აგვიანებდნენ, რომ დასავლეთისგან „ეფ-16“-ებს ელოდნენ. თუმცა, კონტრშეტევის დაწყების დრო სწორად იყო შერჩეული.
„უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტებით იბრძვიან. 4 ივნისიდან დაწყებული იყო ე.წ. მაფორმირებელი მოქმედებები. ეს გულისხმობს მომზადებას შეტევის ძირითადი ღონისძიებისთვის. ამის შემდეგ კი ეს შეტევები ნელ-ნელა გაიზარდა. ჩემი აზრით, იყო თავდაცვის ზღუდის გარღვევა და შემდეგ აი, ამ გარღვევის მონაკვეთში, ძირითადი ძალების შემოყვანა.
„უკრაინელების შეტევის ორი მიმართულებაა - ეს არის ერთი კურსკის მიმართულება, რომელიც წარმოადგენს დამხმარეს და რუსების ყურადღების გადასატანად ხდება. მეორეა სამხრეთით, დონეცკიდან ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელიც უკვე მთავარი დარტყმის მიმართულებად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელებმა აქაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, 1-1.5 კილომეტრში შეძლეს რუსების თავდაცვაში შეღწევა, თუმცა რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ არის.
„ცუდი ისაა, რომ უკრაინელები არ არიან აღჭურვილი იმ რაოდენობის განნაღმვის შესაძლებლობით, რაც მათ მისცემდა დანაღმული ველების გადაკვეთის საშუალებას. რუსებმა ძალიან მჭიდროდ დანაღმეს დიდი ტერიტორიები“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“.
მისივე შეფასებით, უკრაინელებმა გარკვეული ოდენობის საბრძოლო ტექნიკა სწორედ ამ დანაღმულ ველებზე დაკარგეს. შესაბამისად იძულებული არიან გამოიყენონ არსებული გზები და ხოლო ამ გზებზე რუსები საცეცხლე ზემოქმედება ახორციელებენ, რაშიც დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაოდენობრივი თვალსაზრისით.