ელზა პაპოშვილი
14.06.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები ერვოკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ცნობით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს პროგრესს და ხელისუფლების ძალისხმევასა და მონდომებას იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრ  შეხვედრით დაიწყო.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.

ამის შემდეგ საქართველოს პრემიერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. 

შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის   ჩართულობის მნიშვნელობა როგორც  მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.   

მოგვანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება და შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასევე გააკეთა განცხადება შარლ მიშელმაც.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, რომელიც თან ახლავს პრემიერს. მისი თქმით, ეს იყო სამუშაო ლანჩის ფორმატში გამართული შეხვედრა, სადაც ორმა ლიდერმა პირისპირ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, იმ გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში და დროს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველ რიგში, გამოხატა მადლიერება პრეზიდენტის მისამართით მისი ძალისხმევისთვის, რომელსაც ის სწევს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს, პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც გადადგა ხელისუფლებამ და იმ ძალისხმევას, რომელსაც ზოგადად სწევს ჩვენი ქვეყანა.

„ზოგადად, განწყობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ ძალისხმევას და მონდომებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება სწევს იმისთვის, რომ საქართველომ, პირველ რიგში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მეორე მხრივ, გააგრძელოს აქტიური რეფორმების დღის წესრიგი და გავაგრძელოთ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, საბოლოო წევრობისკენ სწრაფვა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც პრეზიდენტთან მოწმობს ამას, რადგან ეს შეხვედრები არის ძალიან ინტენსიური და ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რაოდენ მოტივირებულია პრეზიდენტი მიშელი, რომ ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე, პარალელურად, მართავს ოფიციალურ ვიზიტს ბელგიის სამეფოში. მას ჰქონდა შეხვედრა კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, თუმცა ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, თუ რაოდენ აქტიურად იქნება ჩართული ბელგიის სამეფო ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და მინდა, გითხრათ, რომ ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი კოლეგისგან დღეს მიიღო“, - განცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის მეორე ნახევარში კი გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

პრემიერი ღარიბაშვილი ოთხშაბათს ასევე შეხვდა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. 

შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა „ევროპალია”. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.

ირაკლი ღარიბაშვილმა  საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×