ნაზი ბერიძე
14.06.2023

26 მაისის აღლუმსა და შემდეგ 27 მაისს დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ აღარ შევიდოდა პოლემიკაში პრეზიდენტთან. თუმცა, 7 ივნისს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც იმაზეა საუბარი, თუ რა დაბრკოლებას უქმნის პრეზიდენტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. 13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სწორედ ამ დღეს გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ პარტიას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს და რომ ამ დაპირისპირების დეტალებზე შესაძლოა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადება გააკეთოს.

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი არ მოაწერა და მისი ვეტოს განხილვა პარლამენტში სამშაბათს გაიმართა.

კენჭისყრამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს აშანტაჟებდა და ამაზე პრეზიდენტმა შესაძლოა დეტალური განცხადება გააკეთოს. პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით უპასუხა:

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ - რომ თვითონ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ". კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ამაზე ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა, მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მსხილაზე გულისხმობდა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს 7 ივნისის განცხადებას, რომ პრეზიდენტის გამო პრობლემები ექმნება სხვადასხვა ინსტიტუტებს.

„პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.ზურაბიშვილმა ასევე უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე საუბარია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც და პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების იგნორირებაშია დადანაშაულებული.

„ამჟამად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.

„ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.

„ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია.

„საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის", - ნათქვამია „ქართული ოცნების" მიერ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მომხდარის საკუთარი ვერსია ექნება და სწორედ ამაზე გააკეთებს განცხადებას. შეც შეეხება „ოცნების" მიერ ნახსენებ ჩაშლილ შეთანხმებას, ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტი თავდაპირველად მართლაც შეუთანხმდა მმართელ პარტიას, თუმცა, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებიდან გამომდინარე შეცვალა გადაწყვეტილება.

„ალბათ იქნება ბრიფინგი. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა გამოეხმაუროს ამ ყველაფერს, რადგანაც მის სახელს დაუკავშირდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პერიპეტიები და რადგანაც „ქართულმა ოცნებამ" ის გამოიყვანა ქართული საბანკო სისტემის ინსტიტუციური შერყევის ერთერთ ავტორად, სავარაუდოდ, პასუხი იქნება.

„ოცნების" ვერსია ასეთია, რომ თითქოს პრეზიდენტთან იქნა მიღწეული თანხმობა, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა ეს თანხმობა დაარღვია და არ წარადგინა მათი კანდიდატურა და ეს გახდა ვეტოს დაძლევის მიზეზი. ახლა ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი, ეს რთული გასარკვევია იმიტომ, რომ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველა საკუთარ სიმართლეს იცავს. ამ შემთხვევაში ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა და სავარაუდოდ, პრეზიდენტს ამაზე ექნება რეაქცია.

„ზურაბიშვილმა შეიძლება „ქართული ოცნების" მიერ ნახსენები შეთანხმების საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინოს, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მმართველი გუნდის ვერსიისგან. რთულია ამაზე მარჩიელობა. ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას" შორის.

„აქ მეორე საკითხიც არის - პრეზიდენტის პოზიციას, როგორც გაირკვა, ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ისიც წინააღმდეგი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების და მიაჩნდა, რომ ამით ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას კარგავდა. ვნახოთ, შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა იცოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია და ამიტომ ის დადგა საერთაშორისო ინსტიტუტების მხარეს და არა იმ შეთანხმების მხარეს, რაც მან თითქოს მიაღწია „ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×