ნაზი ბერიძე
14.06.2023

ვენეციის კომისიისგან უარყოფითი დასკვნის მიღების მიუხედავად, სამშაბათს საღამოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ევროკომისიასა და ვენეციის კომისიას გასნხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც გაურკვევლობას იწვევს. შესაბამისად, „ოცნებამ" გადაწყვიტა მაინც მიიღოს კანონი და მისი ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1-ლი მარტი. ხოლო თუკი მანამდე, ამ საკითხზე ვენეციის კომისია და ევროკომისია ერთიან ხელდვას ჩამოაყალიბებენ, ამის შესაბამისად კანონი შეიძლება უკან გაიწვიონ, ან დატოვონ. ოთხშაბათს კი ევროკავშირმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და უარყო „ოცნების" შეფასება, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მიდგომებში არსებითი განსხვავებაა.

ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ",- ნათქვამია განცხადებაში.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად გამართლებული იყო დეოლიგარქიზაციის კანონის მეორე მოსმენით მიღება? ანალიტიკოსთა შეფასებები ამ საკითხზე არაერთგვაროვანია.

პოლიტიკური ძალების პოზიციები

„ოცნების" წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი და ვენეციის კომისია თვითონ უნდა შეთანხმდნენ ერთმანეთში და უთხრან საქართველოს კონკრეტულად რას ითხოვენ დეოლიგარქიზაციის კუთხით და რასაც გვეტყვიან, იმას გავაკეთებთო.

„მე მეჩვენება, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ევრორეკომენდაცია, მისი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით, როცა უკრაინული კანონმდებლობა შეფასებული იყო პოზიტიურად და მოგვიანებით ვენეციის კომისიის შეფასებები მთლად ერთმანეთთან ჰარმონიული არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიმართება მსჯელობა, ოღონდ ეს მსჯელობა არ იქნება საკმარისი მხოლოდ საქართველოს პარლამენტში.

„ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც საქართველოს წინაშე დგას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის პოზიციები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება და პარლამენტს ეს კანონი მეორე მოსმენით გუშინ არ უნდა მიეღო

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატამანჯგალაძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

„ქართული ოცნების" პროპაგანდაა, რომ თითქოს არეულობაა ევროპაში, თითქოს ერთი ერთს გვავალებს, მეორე - მეორეს და ვეღარ გაიგო ირაკლი კობახიძემ, რა უნდა ქნას. სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ სისტემურად უნდა მოვაგვაროთ ოლიგარქიის პრობლემა და არა უკრაინული კანონის კოპირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში რასაც ვამბობდით, ის თქვა ვენეციის კომისიამ.

„კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა. უკრაინაში ხელისუფლება თავს იცავს ოლიგარქიისგან და აქ ოლიგარქის მიერ არის ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებული. სად უნდა გავასაჩივროთ ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? ვინც ოლიგარქიის არსებობის მტკიცებულებაა, იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ივანიშვილი ოლიგარქი არის თუ არა? „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" რომ არის ნათქვამი, ამაზე სასაცილო მდგომარეობაში ვართ - ბიძინას „კუდებმა" უნდა გადაწყვიტონ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია თუ არა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

არის თუ არა წინააღმდეგობა ორი ევროპული სტრუქტურის მოთხოვნებში

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციებს შორის განსხვავება არ არის და ორივე მოითხოვს ოლიგარქიის მმართველობის გაუქმებას საქართველოში.

„მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა ვენეციის კომისიას, ბუნებრივია, არის საფუძვლიანი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

„რაც შეეხება უკრაინას, უკრაინამაც მიიღო დეოლიგარქიზაციის კანონი, მაგრამ უკრაინაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ომამდე დაახლოებით 8-9 ოლიგარქი ჰყავდა უკრაინას, იქ არ იყო, ვთქვათ, ერთი მონოპოლისტი და ოლიგარქებს შორის მიმდინარეობდა მუდმივი კონკურენცია. მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში საერთოდ ოლიგარქია არ უნდა იყოს

„არ არის მართალი, რომ განსხვავებებია ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მიდგომებს შორის. ორივე მხარის მიდგომა არის, რომ ქართულმა მხარემ აღიაროს, რომ ოლიგარქი არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ფულადი რესურსი, მაგრამ ერთვება სახელმწიფო მმართველობაში. ვიცით, რომ ევროკავშირმა თავის დროზე ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი, რამდენიმე ევროპარლამენტარმა. „ქართული ოცნების" მიზანია თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი და დავით კეზერაშვილი - ოლიგარქი", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ევროკომისისს და ვენეციის კომისიის პოზიციებს შორის არსებითი განსხვავებებია. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ანალოგიურმა კანონმა უკრაინაში არ იმუშავა და რადგანაც კართული კანონპროექტი უკრაინულიდან არის გადმოღებული, უკრაინის გამოცდილების გაანალიზების შემდეგ თვადა ევროპაში გაჩნდა ეჭვი, საჭიროა თუ არა საერთოდ ასეთი კანონის მიღება.

„ეს დაპირისპირება სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს შორის ნაწილობრივ იმიტომაც მოხდა, რომ ნახეს რომ უკრაინაში ამ კანონმა არ იმუშავა. ერთის მხრივ მიხვდნენ, რომ მარტო კანონის მიღება არ არის საკმარისი ამ კანონის ამოქმედებისთვის. მეორეს მხრივ, უკრაინაში ოლიგარქების რაოდენობაზე დიდი გავლენა ამ კანონის მიღებამ არ იქონია. ნაწილობრივ ამ სურათმაც ალბათ შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ გამოითქვა ეჭვები არის თუ არა მისაღები ასეთი კანონი.

„განსხვავება ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციებს შორის ნამდვილად არის. დღესაც არის მსჯელობა ამაზე ქართული მხრიდან, რომ ქართული მხარე მზად არის გაიზიაროს ევროპული რეკომენდაციები, ოღონდ ეს რეკომენდაციები უნდა დაზუსტდეს, რაშიც იგულისხმება, რომ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს; არ იყოს ისეთიო სიტუაცია, როდესაც ერთი ევროპული სტრუქტურა გვაკრიტიკებდეს იმის გამო, რომ ჩვენ მეორე ევროპულ სტრუქტურას გავუწიეთ ანგარიში. ასეთი სიტუაცია იქმნება ამჟამად, მეტი არაფერი", - განაცხადა საყვარელიძემ.

უნდა მიეღო თუ არა პარლამენტს კანონი მეორე მოსმენით

ნიკა ჩიტაძე პარლამენტის მიერ კანონის მეორე მოსმენით მიღებას ნეგატიურად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას გაართულებს და ეს გადაწყვეტილებაც ამ კომტექსტში უნდა განვიხილოთ.

„მე მგონია მიიღო იმიტომ რომ მნიშვნელოვანწილად „ქართული ოცნება" იგნორირებას უკეთებს ევროკავშირის ინტერესებს და მოთხოვნებს. ჩვენ ვიცით რომ არსებობს ლობისტთა ჯგუფი „ქართული ოცნების" ფლანგებში რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და მათ აწყობთ ასეთი კანონის მიღება.

„თუ მმართველი პარტია დასავლეთის ინტერესებს ითვალისწინებს, ბუნებრივია, რომ ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც გაითვალისწინებდა, მაგრამ არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას" სურს მიიღოს ისეთი კანონი, რომ ევროკავშირს არ ჰქონდეს საფუძველი მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. თუ „ოცნება" მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ ექნება ვალდებულება, რომ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, განახორციელოს სხვადასხვა მიმართულებით დემოკრატიული რეფორმები და ეს არ აწყობს „ოცნებას".

ევროკომისია და ვენეციის კომისია შეჯერდებიან და „ოცნება" მერე გაითვალისწინებს ამას - ეს არადამაჯერებელია. ფაქტია, რომ დაჩქარებული წესით იღებენ", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი კანონის მეორე მოსმენით მიღებას გამართლებულად მიიჩნევს. მისი შეფასებით, თუ დავუშვებთ, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მოთხოვნებს შორის გასხვავება და საქათველოს ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება უწევს, მაშინ ბუნებრივია, რომ ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭოს ევროკომისიის მიდგომას, რადგანაც სწორედ ევროკომისია აფასებს, თუ როგორ შესრულდა 12 რეკომენდაცია და იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„გვეუბნებიან, რომ ჩქარა უნდა შევასრულოთ 12 პუნქტი და ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია. რომელი უნდა გაითვალისწინონ - ვენეციის თუ ევროკომისიის რეკომენდაციები? საქართველო არ არის ის ქვეყანა რომელიც ერთმანეთს დააჯახებს, ვენეციის კომისიას და ევროკომისიას და ამით კმაყოფილი იქნება. ორივე შემოუტრიალდება და საქართველოს დაუწყებს კრიტიკას. მაგრამ ჩვენთვის ევროკომისიაა უფრო მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ევროკომისიამ უნდა გასცეს დასტური იმაზე, რომ 12 პუნქტი შესრულდა და არა ვენეციის კომისიამ. როცა ევროკომისია და ვენეციის კომისია შეთანხმებიან, მაშინ უფრო გართულდება კანონის მიღებაზე უარის თქმა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×