ელზა პაპოშვილი
09.06.2023

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.

„პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში" წერს, რომ ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.  

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია,“ - აღნიშნავს პრემიერი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×