
ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა არ არსებობს, რადგან ისინი იდეების გარშემო კი არ ერთიანდებიან, არამედ რევანშიზმის და პოლიტიკური სკამების მოპოვების იდეით, რაც მათთვის დამღუპველია. მით უმეტეს ატარებენ პოლიტიკურ ნეგატიურ კამპანიას, რომელიც პოლიტტექნოლოგიაში არ არის მომგებიანი. უნდა იყო ძალიან პოზიტიური და პოზიტივით მოიზიდო ამომრჩეველი. ნეგატიური ნარატივის წყალობით კი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდება, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივაზე საუბრისას.
„იურიდიულად საარჩევნო ბლოკები ვერ იქნება საარჩევნო რბოლაში, უნდა იყოს ერთ პარტიაში ჩაწერილი სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სხვა პარტიებზე უფრო მეტი ამბიცია მიუხედავად იმისა, დაშლილია, ჩამოშლილია თუ ა.შ. რეიტინგულად აქვს იმის ამბიცია, რომ მან უფრო მოიზიდოს მეტი, თან კეზერაშვილი ფულს იკით კი არ იხდის, არამედ კეზერაშვილს უნდა გადაუხადონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა ოპოზიციონერებმა, რომ მოხვდნენ გამსვლელი სიის სათავეში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხარო რეალობა ქართული პოლიტიკისთვის," - ამბობს აბაშიძე.
მისი აზრით, სხვა ოპოზიციურ ძალებს კიდევ უფრო ნაკლები პერსპექტივა აქვთ.
„ტექნიკურად და იურიდიულად რომ ვთქვათ, 2024 წლის არჩევნები იქნება პროპორციული 5%-იანი ბარიერით, რაც ძალიან მაღალია და თანაც არ იქნება პოლიტიკური ბლოკების შესაძლებლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სიაში უნდა გაერთიანდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. აქ მიმდინარეობს მარტივი ქორ-ვაჭრობა, ვინ რამდენს ჩაიტანს ხაზარაძესთან, ვინ რამდენს ჩაიტანს კეზერაშვილთან და ა.შ. მეტი სხვა არაფერი არ ხდება. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ დღემდე იმის შნო და რესურსი, რომ საზოგადოებას შესთავაზონ „ქართულ ოცნებაზე" უკეთესი პროგრამები. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" არ არის იდეალური და ვერც იქნება, მაგრამ მასზე უკეთესი პროგრამები უნდა გქონდეს და არ უნდა დაიწყო კულუარული ვაჭრობა ადგილების გაყიდვაზე და განაწილებაზე. მე პირადად ასე ვუყურებ ამ პოლიტიკურ პროცესს.
„ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას, და კიდევ რომ მივუმატოთ სხვა მარგინალები, ამათ გაერთიანებაზე ვიტყოდი, ნულს მივუმატოთ ნული უდრის ნულს. ოპოზიციაში სამწუხარო რეალობაა, და ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად -ნებისმიერ ოპოზიციურ რადიკალურ სიაში, ადგილების განაწილება ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენ ნიშნა თანხას ჩაიტანს რომ გამსვლელ სიაში იყოს.
„მამუკა ხაზარაძეს თუ ჰგონია, რომ მან რაღაც კულტურული ღონისძიებები დააფინანსა და რაღაც ფესტივალები გაიმართა მისი ეგიდით, და თუ ფიქრობს, რომ ის დამკვიდრებულია საზოგადოებაში როგორც ავტორიტეტული სპონსორი-მეცენატი, ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა. სხვადასხვა კვლევები, თუნდაც წინააღმდეგობით აღსავსე ენდიაისა და აირაის კვლევები აჩვენებს, რომ „ლელოს" პოლიტიკური პულსი ფსკერზეა. ეს მცდელობა, რომ დამკვიდრდეს ვითომ გავლენიანი ავტორიტეტული მოთამაშე, არის მისთვის აბსოლუტურად თვითდამაზიანებელი," - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძე