
წვრილი ოპოზიციური პარტიების მიმხრობის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას" მეტი აქვს, ვიდრე „ლელოს". თუმცა ყველაფერი საბოლოოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რომ როგორი იქნება საარჩევნო ბარიერი. ასე ეხმაურებიან ანალიტიკოსები დაწყებულ დისკუსიას იმის შესახებ, თუ სად არის „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები და როგორ ოპოზიურ გაერთიანებას ექნება არჩევნებზე წარმატების მეტი შანსი - ენმ-ის გარეშე, თუ ენმ-ის მონაწილეობით შექმნილს.
„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება. შესაბამისად, „ლელო" სწორედ ასეთი გაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოდის.
ენმ-ში კი მიიჩნევენ, რომ მოქმედი ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ „ნაცმოძრაობის" გარშემო ოპოზიციის კონსოლოდაციით არის შესაძლებელია. ამასთან, კოლეგა ოპოზიციონერებს საყვედურობენ, რომ ზოგიერთებს პერიოდულად ავიწყდებათ, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებაა" და არა რომელიმე ოპოზიციური პარტია.
გამოხმაურება „ლელოს" შეთავაზებაზე
„სტრატეგია აღმაშენებელის" წარმოადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ წითელი ხაზები მათთვის არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ არსებობს.
„სტრატეგია აღმაშენებლისთვის" იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე დაბრკოლების - „ქართული ოცნების" ჩამოშორება, რომ წითელი ხაზები არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გვაქვს. თუ გამარჯვების ინტერესი გვიბიძგებს რომ ვიყოთ კოალიციაში - ვიქნებით, თუ საჭირო იქნება რომ გავიდეთ მარტო - გავალთ მარტო. საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, „სტრატეგია აღმაშენებელი" არის ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე და არა ერთიანობის, რომ ერთიან სიაში ჩავეწეროთ ყველა. პოლუსებიც აუცილებელია, რადგან რასაც ერთი პოლუსი ვერ შეძლებს, შეძლოს მეორე პოლუსმა. მრავალფეროვანი არჩევანი პრობლემა არ არის, მთავარია „ქართული ოცნების" ნაცვლად ერთმანეთის დემონიზება არ მოვახდინოთ. არჩევნებს ახასიათებს რადიკალიზმი და ზოგიერთი ოპოზიცია ჩვენთან, ერთმანეთთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან" მიმართებით", - განაცხადა მანჯგალაძემ.
„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ლელოს" შეთავაზებასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ლელომ" რაც დახარჯა, მაგის მეათედი ჩვენთვის რომ მოეცათ და პარტნიორობა შემოეთავაზებინათ, ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა პოლიტიკაში მათი მოღვაწეობა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ თუ „ლელოს" წარმატების მიღწევა უნდა, ის ხალხი უნდა დააფინანსოს, ვისაც უფრო ესმის პოლიტიკა.
„მათ ესმით ის, რაც სხვა ბევრს არ ესმით - ეს არის ფულის შოვნა, ბიზნესის წარმატებით გაკეთება, მაგრამ ყველაფერი ერთად არ გამოგდის. „ლელომ" არჩევნებზე 20 მლნ დახარჯა და მე - 300 ათასი. ჩვენ 4 კაცით შევედით (პარლამენტში) და ისინიც. ოთხნი იყვნენ და ორნი დარჩნენ. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები ცხადია და ჩამოყალიბებული, „ლელოს" რაზე აქვს პოზიცია? რაზე ეპატიჟება ხალხს?
„პირადად ბადრი ჯაფარიძეს დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია. არ ვფიქრობ, რომ მას ვაკრიტიკებ პიროვნულად. მის ნიჭს ვაფასებ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, მაგრამ ეს ამბავი რომ არ გამოსდით, ხომ გასაგებია და ტაქტიკა ხომ უნდა შეცვალონ?!", - განაცხადა „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მას ქართველი ხალხი „ისეთი გიჟი" არ ჰგონია, რომ მათი კოლეგები პარლამენტში დატოვოს და „გირჩი" არ შეიყვანოს.
„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლო პარტნიორად არ განიხილავენ, მაგრამ ოპოზიციური ძალების გაერთიანება აუცილებელია.
„ევროპული საქართველოს" ამოცანაა, ახლა გავაფართოოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ჩვენი ძალის პოლიტიკური რწმენა ექნება. ამასთან, ვინც მზად იქნება, საარჩევნო ბრძოლისთვის და არჩევნების შემდეგაც, თუ საჭირო იქნება, საპროტესტო ბრძოლისთვის წამოგვყვეს. როცა სწორი მომენტი დადგება, მაშინ უნდა შევაფასოთ, როგორია ჩვენი ძალები და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ფასეულობებით ახლოს არიან ჩვენთან, ვიფიქროთ შესაძლო თანამშრომლობაზე", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.
ენმ-ის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ წვრილ პარტიებს, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში, არანაირი შანსი არ აქვთ.
„ყველა პარტია, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, უნდა იყოს გაერთიანებული ერთ რომელიმე, დიდ პირობით ბლოკში, პარტია რომელიც ცალკე გავა არჩევნებზე, განწირულია მარცხისთვის და ეს დააზიანებს ოპოზიციურ ერთობას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ენმ-ის პოზიცია
„ნაციონალურ მოძღაობაში" თავის მხრივ აცხადებენ, რომ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას სთავაზობენ და არა პარტიულ გაერთიანებას, ან ერთიანი სიის ფრომირებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია, აქვს 35%-ზე მეტი რეიტინგი, რაც დადგენილია საარჩევნო შედეგებით, აქვს გამოცდილება მუნიციპალურ არჩევნებში დიდ ქალაქებში გამარჯვების, ამიტომ პატარა, 2-3-4 პროცენტიან პარტიებს ვთავაზობთ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას და „ქართული ოცნების" იგივე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია საერთო იდეებზე, საერთო სტრატეგიაზე. ეს მათი გადასაწყვეტია.
„ეს არანაირ პარტიულ გაერთიანებას, ერთიან სიას არ გულისხმობს. საერთო სტრატეგია გულისხმობს ბრძოლის ხედვების ჩამოყალიბებას, როგორ უნდა მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გულისხმობს ანტიკორუფციულ მიმართულებას, ქვეყნის საგარეო კურსს და ნაბიჯებს ამ მიმართულებით, „ქართულ ოცნებასთან" დამოკიდებულებას - რა საზღვრები გვექნება, ერთმანეთთან მიმართებით, რა სტრატეგია გვექნება. როცა წინ მთავარი ბრძოლები გვაქვს, რა დროს გაერთიანებები და სიებზე საუბარია.
„ჩვენ არ ჩავერევით ამ პოლემიკაში. თითოეულ პოლიტიკურ ლიდერთან ან პარტიასთან მიმართებით ბევრი განცხადების გაკეთებაა შესაძლებელი, მათ შორის კრიტიკულის, მაგრამ დღეს სამიზნე არის „ქართული ოცნება", ანუ „რუსული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ამ მიზნის გარეშემო, მთავარი ამოცანის გარშემო ვთავაზობთ გაერთიანებას ოპოზიციურ პარტიებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ, მათ შორის „ლელოსაც", - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმოქმედოს იმ საარჩევნო სტრატეგიით, რომელიც მართებულად მიაჩნია.
„ყველა ადეკვატური უნდა იყოს საკუთარ საარჩევნო გათვლებში და მთავარი სამიზნე არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, რასაც აუცილებლად შევძლებთ, თუ მაქსიმალური კონსოლიდაციით შევალთ 2024 არჩევნებში.
„ლელოს" ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მათ თავიანთი საარჩევნო სტრატეგია აქვთ. უბრალოდ, წარსული ასევე გვიჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმა, თუ არის ისევ ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო სტრატეგია, ეს მაინცდამაინც კარგად არ მუშაობს. ამას აჩვენებს ახლო წარსული. იმედი მაქვს, ასეთ სტრატეგიას არ აირჩევენ პროდასავლელი პოლიტიკოსები. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ყველა უნდა ამოვიდეს აქედან და არ უნდა ჰქონდეს ვიწროპარტიული ხედვა, რომელიც მართლაც ძალიან დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ყველაფერს გადაწყვეტს ბარიერი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ლელოს" გარშემო პარტიების კონსოლიდაციას სკეპტიკურად უყურებს. მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტიების დაახლოების შანსი უფრო მაღალია, ვინაიდან მას მნიშვნელოვნად მეტი ამომრჩეველი ჰყავს. თუმცა, ვინ როგორ მიიღებს მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში, დამოკიდებული იქნება საარჩევნო ბარიერზე -რაც უფრო დაბალი იქნება ბარიერი, მით უფრო მეტი პარტია გადაწყვეტს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას.
„მე რაც ვიცი საჯარო ინფორმაციიდან, მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეხმაურა პოზიტიურად ხაბეიშვილის ინიციატივას - რომ გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშიაო". „გირჩის", „დროასა" და სხვებისგან, ვინც ახლოს არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან", კომენტარები არ მომისმენია, მაგრამ არის ალბათობა, რომ ისინიც რაღაც ფორმით ენმ-სთან თანამშრომლობაში შევიდნენ.
„კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ის პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც ახლა არიან გაერთიანებული „ძალა ერთობაშია" ბლოკში და „ნაცმოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციაში ჰყავთ წარმომადგენლები. სხვა პატარა პარტიებიც მივლენ „ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკუთარი რესურსებით ვერანაირად ვერ გადალახავენ ვერც 5 და ვერც 3%-იან ბარიერს.
„რაც შეეხება „ლელოს" ირგვლივ გაერთიანებას, ამის მსურველი პარტია ჯერ არ მინახავს.
„მარტო შეიძლება დარჩეს, ვთქვათ, ალეკო ელისაშვილის პარტია. ასევე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მათი და „ლელოს" შერიგება ვერანაირად ვერ გამოვა. თუმცა ჩვენს ტურბულენტურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მე მაინც არ მგონია, რომ ეს ალიანსი შედგეს.
„სხვა პატარ-პატარა პარტიებმა შეიძლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათი წარმატების იმედი ნაკლებია, რადგან სავსებით ნათელია, რომ ისინი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ყველა გამოკითხვა და თავად პარტიების საქმიანობაზე დაკვირვებაც ამას აჩვენებს.
„აქ შეიძლება ვახსენოთ „პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც ბოლო წლებში დათმო პოზიციები, მაგრამ ვნახოთ არჩევნებამდე რას იზამს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან" ვინც წავა, ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე მარჩიელობა, რადგან მნიშვნელოვანია როგორი იქნება საარჩევნო ბარიერი. საარჩევნო ბარიერი 5 იქნება 4 თუ 3 პროცენტი, ამაზე იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პარტიების ქცევა. თუ ბარიერი დაიწევს 2%-მდე, მაშინ პარტიებს ნაკლები მოტივაცია ექნებათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ან „ლელოსთან" გაერთიანდნენ. 2%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი რამდენიმე პარტიას აქვს, მაგრამ თუ, ვთქვათ, დარჩა 5%-იანი ბარიერი, მაშინ მსხვილ პარტიასთან გაერთიანების შანსი გაიზრდება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა რომ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. „ლელოსთან" დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, რის საფუძველზე აპირებს „ლელო", რომ გახდეს მიმზიდველი მესამე ალტერნატიული ძალა, მე ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია. ვერ ვხედავ მათგან რამე ისეთ შეთავაზებას ელექტორატისთვის, რომელიც მათ წარმოაჩენდა როგორც „ქართული ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" საპირწონეს.თუ არჩევნებამდე რამეს მოიფიქრებენ - ვნახოთ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ვის და რატომ არ აწყობს ენმ-ის „სახურავი"
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ლელოს" შეხედულებებს, სავარაუდოდ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ, რადგან ენმ-ის „სახურავი" უკვე ბევრს არ აწყობს, რადგან ის არაფრის გარანტიას არ იძლევა.
პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ საარჩევნო მარათონში ჩაბმას და არჩევნებში მონაწილეობას ვინაიდან არ დაკარგონ ხმები და ადგილები პარლამენტში.
„ლოგიკით რომ გავყვეთ, მოგეხსენებათ, „ლელომ" ახლახან დე-„ნაციონალიზაცია" გამოაცხადა. ვინც ფიქრობს, რომ უმჯობესია „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე იყოს, ისინი ალბათ უფრო „ლელოსკენ" გადაიხრებიან და ვისთვისაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არსებობა - „ნაციონალური მოძრაობისკენ". მაგრამ მემგონი ახლა ძირითადად ყველა პარტიას თავისი თავის სჯერა. თუმცა იმას, რაც თქვა „ლელომ", იზიარებენ სხვა პარტიებიც - მათ „ნაციონალური მოძრაობის" სახურავი უკვე აღარ აწყობთ, სახურავი რომელიც დიდი გარანტია არაფრისა არ არის. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევნია ცალკე გასვლა არჩევნებზე. ეს ურჩევნიათ არა იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, არამედ პრაქტიკულადაც. ვინმესთან ერთად რომ ხარ, უნდა გაყო ხმები, ადგილები უნდა გაყო და ა.შ.", -განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.