
ერთბაშად რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ უკრაინამ ხუთშაბათს, 8 ივნისს დაიწყო დიდი ხნის წინ დაანონსებული კონტრშეტევა. ოთხშაბათის ღამეს მასშტაბური იერიში იქნა მიტანილი რუსული არმიის პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქში. ამ ინფორმაციას მოსკოვშც ადასტურებენ. ინტენსიური ბრძოლა ახლაც გრძელდება და მისი შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის ფონზე კი მსოფლიო კვლავ იმის გაანალიზებაშია, თუ რა მოხდა კახოვკის ჰეს-ზე, რა ეკოლოგიური შედეგები ექნება მის აფეთქებას და როგორ აისახება მომხდარის გამო დაწყებული მასშტაბური წყალდიდობა ომის მიმდინარეობაზე.
ზაპოროჟიეში უკრაინელთა მასშტაბური შეტევის შესახებ პირველი განცხადება ზაპოროჟიეს პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ როგორვმა გააკეთა:
„მოწინააღმდეგემ ფრონტის ზაპოროჟიეს მონაკვეთზე სამხედროებისა და ტექნიკის მაქსიმალური ძალები გადმოისროლა. ასეთი ჩვენს მიმართულებაზე აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ. მოწინააღმდეგის დაწოლას ვუძლებთ“, - განაცხადა როგოვმა.
მოგვიანებით ზაპოროჟიეს მოვლენებზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც გააკეთა განცხადება. მისი ცნობით, უკრაინელებმა რუსული დაცვითი ხაზის გარღვევა სცადეს და ამაში 1 500 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობდა.
„დაზვერვამ მოწინააღმდეგის დაჯგუფება დროულად აღმოაჩინა. არტილერიის, ავიაციისა და ტანკსაწინააღმდეგო საშალებებით მათზე განხორციელდა პრევენტიული დარტყმა“, - აცხადებს შიგუ.
მისივე ცნობით, უკრაინელებმა ამ ბრძოლაში დაკარგეს 30 ტანკი, ქვეითთა 11 საბრძოლო მანქანა და 350 ჯარისკაცი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
უკრაინელთა მხრიდან ამასთან დაკავშრებით ჯერ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. დასავლური მედია კი წერს, რომ უკრაინელთა დიდი კონტრშეტევა სწორედ ზაპოროჟიეს ოლქიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ეი-ბი-სიმ“. „ვაშინგტონ პოსტი“ ოთხ უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანს ეყრდნობა, რომელთაც საჯაროდ განცხადებების გაკეთების უფლებამოსილება არ აქვთ. „ეი-ბი-სის“ ინფორმაციის წყარო კი ორი უკრაინელი მაღალჩინოსანია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვიდან.
რაც შეეხება კახოვკის ჰეს-ის აფეთქებასა და ამით გამოწვეულ წყალდიდობას, უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკვე დაღუპულია 5 ადამიანი. წყლის დონემ ნოვა კახოვკის რაიონში კი უკვე 11 მეტრს მიაღწია და სპეციალისტების თქმით, ეს შეიძლება მაქსიმუმი არ იყოს და მატება გაგრძელდეს. რუსების მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნაწილში 14 ათასი სახლი დაიტბორა და 4 300 ადამიანი ევაკუირებული.
ვითარება მძიმეა. იტბორება დნეპრის ორივე სანაპირო. ევაკუაცია მიმდინარეობს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
ოფიციალური მოსკოვი აფეთქებასთან კავშირს კვლავ კატეგორიულად უარყოფს. თუმცა ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელები კაშხლის აფეთქებას ვერ შეძლებდნენ. მეორეს მხრივ კი, კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინას არაფერში სჭირდებოდა კაშხლის აფეთქება. მათი შეფასებით, რუსებმა კაშხალი ააფეთქეს სწორედ იმის გამო, რომ დრო მოიგონ და უკრაინელების კონტრშეტევა შეაფერხონ.
რას ამბობენ რუსები და რას ამბობენ უკრაინელები
რუსეთის და უკრაინის მხარე ურთიერთბრალდებებშია. თავიდან რუსები ამბობდნნე, რომ არანაირი აფეთქება არ ყოფლა და სადგური მრავალთვიანი აფეთქებების შედეგად ჩამოინგრა. თუმცა მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის ბრალეულობა უარყო და პირიქით, უკრაინა დაადანაშაულა „საბოტაჟში“.
„უკრაინელების მიზანი ყირიმის უწყლოდ დატოვებაა, რადგან კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ყირიმის ნახევარკუნძული წყლით ვეღარ მომარაგდება“, - ამბობს პესკოვი.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს კაშხალსა და მთელ ჰესს, ამიტომ „ფიზიკურად შეუძლებელია მისი როგორმე აფეთქება გარედან - დაბომბვით“:
„იგი დანაღმული იყო. სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ იყო დანაღმული და მათ ააფეთქეს. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი“, - თქვა ზელენსკიმ.
მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ცნობით, პირველად გასული წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა და სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის არმიის ჯარისკაცი კახოვკის ჰეს-ის დანაღმვაზე საუბრობს:
„კახოვკაში ყველაფერი დავნაღმეთ... საახალწლო საჩუქარი მოვუმზადეთ... პირველ იანვარს ააფეთქებენ და მეორე ნაპირზე მთელ უკრაინულ არმიას წყალი წაიღებს“, -ამბობს ჯარისკაცი
როგორ აისახება წყალდიდობა ომის მიმდინარეობაზე
საქართველოს შეირაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა კაშხლის აფთქება დროის მოგების მიზნით გადაწყვიტეს, რადგანაც დატბორილი მიწის გამოშრობას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება, რაც აუცილებელი პირობაა მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად. ასევე წყლის დონის მატება უკრაინელ სამხედროებს კონტრშეტევისას დნეპრის გადალახვაში შეუშლის ხელს. გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ სანამ წყლის დონე არ დაიწეევს, უკრაინელებს კონტრშეტევა გაუჭირდებათ და ეს რუსებმაც.
„რუსებს ამ კაშხლის აფეთქებით ორი მნიშვნეწლოვანი მიზანი ჰქონდათ დასახული: ერთი - დროის მოგება და მეორე - უკრაინელებისათვის კონტრშეტევაში ხელის შეშლა. ახლა მდინარის კალაპოტი ძალიან ფართოა. წყალმა კუნძულები დაფარა მდინარე დნეპრის დელტაში, რომლებსაც უკრაინელები სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების საქმიანობისთვის იყენებდნენ. დიდი ალბათობით, ჰეს-ის აფეთქება სწორედ ამ დივერსიული ჯგუფების შეფერხებას ემსახურება.
„საინტერესო ისაა, რომ რუსებმა ერთი დეტალი ვერ გათვალეს - მდინარის წყალი გაცილებით უფრო უხვად წავიდა მარცხენა, შედარებით დაბალი ნაპირისკენ, სადაც თავად იდგნენ. წყალდიდობის გამო რუს სამხედროებს პოზიციებთან ერთად, სამხედრო ტექნიკის მიტოვებაც მოუხდათ, თუმცა წყლის დონის დაწევისა და ნიადაგის გამოშრობის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი კვლავ შეძლებენ ამ ზონაში ძველ ადგილას დაბრუნებას.
„თუკი უკრაინელთა კონტრშეტევის გეგმებში დნეპრის გადალახვა შედიოდა, წყლის დონის მატებამ ვითარება იმდენად შეცვალა, რომ უკრაინელ სამხედროებს გეგმის შეცვლა მოუწევთ. ამიტომ რუსები გაქცევა ვერაფერს უშველის, რადგან პრობლემები მდინარის გადალახვაში თავად უკრაინელებს გაუჩნდათ“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“
თუმცა, მისივე აზრით, უკრაინას გაუჩნდა შანსი დაიკავოს კინბურნის ნახევარკუნძული, რომლის დაცვის შესაძლებლობაც რუსეთის არმიას ნაკლებად აქვს მომარაგების სიძნელეებისა და ახლა მით უფრო, წყალდიდობის პირობებში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კახოვკის ჰეს-ის აფეთქება უკრაინულ მხარეს ტაქტიკურად არ აწყობდა და არც ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
„ყველამ იცის, რომ კახოვკას დამბა ძალიან კარგად დაცული ობიექტია და შესაბამისად, ის იმდენად კარგად იყო აგებული, დაბომბვით მისი განადგურება შეუძლებელი იქნებოდა. მისი აფეთქება შიგნიდან, ცენტრში მოხდა, სადაც უკრაინელების მისვლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. რუსეთმა ააფეთქა, რათა შექმნას ერთგვარი წყლის ზღუდე, რომლის გადალახვაც უკრაინელებსთვის კონტრშეტევის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.
„ეს არახალია, რადგან, რეალურად, რუსები ამ ტაქტიკას დიდი ხანია მიმართავენ. მაგალითად, 1941 წლის 18 აგვისტოს სწორედაც ზაპოროჟიეს კაშხალი ააფეთქეს და 100 ათასი უკრაინელი მოკლეს ისე, რომ მათ არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდეს, არავითარი გაფრთხილება არ იყო ამ აფეთქების შესახებ“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“
სად უტევენ უკრაინელები
რაც შეეხება უკრაინელების კონტრშერევას, კობერიძე ამბობს, რომ უკრაინული შეტევა ბახმუტის ირგვლივ საკმაოდ ეფექტურად ვითარდება. ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც უკრაინელები რუსულ პოზიციებს ინტენსიურად უტევენ. იმ ფონზე, რომ თავდაცვის ზღუდეები საკმაოდ სუსტად აქვთ მოწყობილი რუსებს, უკრაინელთა წინსვლა შესამჩნევია.
„ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება და უკრაინული არტილერია შებეკინოსა და მთლიანად ბელგოროდის ოლქში ღრმად მდებარე რუსულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. მიუხედავად მცდელობისა, რუსულმა სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
„უკრაინელები ზაპროჟიეს ოლქში კი რუსების პოზიციებს სინჯავენ. ამიტომ არცთუ მაღალი ინტენსივობით უტევენ. ზოგადად, ამ მიმართულებით ნელი და მეთოდური სამხედრო ოპერაცია რთულად ჩატარდება, რადგან უცაბედი შესკდომა კოლოსალურ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ უკრაინელები რუსების სისუსტეებს ამ ფრონტის ხაზზე სინჯავენ. მათ გამოყენებას შეეცდებიან ღრმად იერიშის წამოსაწყებად“, - ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.