ნაზი ბერიძე
05.06.2023

ოპოზიციის ნაწილი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ინიციციატივით გამოდის და ერთობლივი მინისტრთა კაბინეტის დასახელებას ითხოვს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ რომ ეს იდეა არ განხორციელდება, რადგან არ იქნება შედეგის მომტანი და არ ექნება საზოგადოების შესაბამისი მხარდაჭერა.

კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს-წყალგამყოფი უნდა იყოს კადიროვის საქართველო გვინდა თუ ევროპული დემოკრატია,-ამის შესახებს ჟურნალისთებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილს განცხადებას იზიარებს, რომ ოპოზიციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაზე უნდა ისაუბროს თუ სურს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და აღნიშნა რომ მას ეთანხმება, რადგან არ არსებობს ოპოზიციური ძალა საქართველოში, რომელიც მარტო 51%-პროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდა მოვეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს",-აღნიშნა ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტქალაქში" .

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას პარტია არ აპირებს

„ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია, არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ „ნაცინალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ"-განაცხადა ლილუაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" კოალიციური მთავრობის შექმნას არ ვარაუდობს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიერთებული პატარ-პატარა პოლიტიკური პარტიები მაინც ვერ მოაგროვებენ ხმათა უმრავლესობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

„გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს განსაკუთრებით მათ ვინც წარმოშობით „ნაციონალური" ფლანგიდან არის, ასეთი კოალიცია მათთვის არის მისაღები. მარტივი მიზეზის გამო, დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ როდესაც ვიღაცეები კოალიციებზე ლაპარაკობენ, მათ პირველი ის უნდა თქვან, შეუძლიათ მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თუ აქ დიდი კოალიცია რომ შეიქმნება, იქ თავის ადგილებს ეძებენ, მანდატები სჭირდებათ, თუ რეალური გამარჯვება,

„თუ რეალურ გამარჯვებაზე და კოალიციაზეა ლაპარაკი, მე შემიძლია ვთქვა, პირობითად ორად თუ გაიყოფა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რაც ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ აუცილებელად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, მიუხედავად იმისა ვის შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ვის არ შეუძლია, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად როგორი კოალიციაც არ უნდა შეიქმნას, ის ვერ აიღებს 51%-ს. ამას ადასტურებს ყველა ის არჩევნები რაც ჩატარებულა 2012 წლის შემდეგ, და ყველა სოცილოგიური გამოკითხვა. ამიტომ აზრი არ აქვს კოალიციის შექმნაზე ლაპარაკს" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კოალიციის შექმნის იდეას ხაბეიშვილის მხრიდან უწოდებს ყოვლად არასერიოზულ გზავნილს, რომელსაც არავითარი განვითარების პერსპექტივა არა აქვს, რადგან ის არის არასერიოზული პოლიტიკური ფიგურა, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელი" მას იმიტომ ეთანხმება, რომ ის არის ყოვლად ურეიტინგო პარტია, რომელსაც არ აქვს შანსი გადალახოს 5%-იანი ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. როგორც ექსპერტი აანონსებს, არჩევნები მმართველი პარტიის გამარჯვებით დასრულდება.

„რასაც ლევან ხაბეიშვილი იტყვის, აპრიორი არასერიოზულია, იმიტომ, რომ თვითონაც არის არასერიოზული პოლიტიკური ფიგურა, ის არის მარიონეტი კეზერაშვილის. ეს როგორც ჩანს, კეზერაშვილის იდეაა, მერაბიშვილთან ერთად.

„რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის" მხრიდან ამის მოწონებას გასაგებია, იმიტომ რომ გიორგი ვაშაძეს არანაირი რეიტინგი არა აქვს ისევე როგორც სხვა „ნაც მოძრაობის" სატელიტებს. და ნუ დაგვავიწყდება, რომ 2024-ში, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 5%-იანი ბარიერით და 5%-იანი ბარიერი საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თამასაა.

„აქ უკვე კონტურები ჩანს, რომ ორი ძირითადი მოთამაშე იქნება, რასაკვირველია, გამარჯვებული იქნება „ქართული ოცნება" და რასაკვირველია, თუ მანამდე კიდევ უფრო არ დაიშალა „ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. სხვა პარტიებს, სხვადასხვა მონაცემებით, ამისი არანაირი შანსი არა აქვთ

„ჩვენ ვიცით რომ ბლოკები მომდევნო არჩევნებში უკვე აღარ იქნება, პოლიტიკურ ბლოკებს ვგულისხმობ, ამიტომ ერთ სიაზე უნდა შეთანხმდენენ, რასაკვირველია აქ გაიმართება კულუარული ვაჭრობა იმასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" სიაში სხვა პარტიების წარმომადგენლები ვინ რომელ ნომერს დაიკავებს, და შესაძლოა ეს იყოს მორიგი საჯილდაო ქვა.

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიმღები არ იქნება ხაბეიშვილი და მისი ანტურაჟი, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი.

„რაც შეეხება წინასწარ იმის გაცხადებას რომ „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები გაიმარჯვებენ, და შექმნიან ეგრედ წოდებულ კოალიციურ მთავრობას, ეგრედ წოდებული იმიტომ ვახსენე, რომ მათ აქამდე არაერთხელ განუცხადებიათ ტექნიკური თუ კოალიციური მთავრობის ეგრედ წოდებული ალტერნატიული პარლამენტის და ა.შ. შესახებ.

„მე პირადად ამას ვარქმევ პოლიტიკურ „სახლობანას". ყველაფერს წყვეტს ამომრჩეველი, ვინ რა პროცენტს მიიღებს 2024 წლის შემოდგომაზე, ამის მიხედვით უკვე ჩამოყალიბდება მთავრობა და უდიდესი ალბათობით, მომდევნო არჩევნებსაც მოიგებს „ქართული ოცნება" თუ არ დასჭირდება პოლიტიკური კოალიცია, რაშიც ეჭვი მეპარება რომ დასჭირდეს, რასაკვირველია ის „ნაცმოძრაობასთან" არ იქნება. „ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, არსებული პოლიტიკური ლანდშაფტიდან გამომდინარე" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×