ელზა პაპოშვილი
05.06.2023

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია შედარებით მშვიდია, თუმცა სიმშვიდე არ არის, როგორც რუსეთის  ტერიტორიაზე, ასევე რუსულ ჯარში. “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ. 

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ინფორმაციით კი, რუსეთის ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. 

კერძო სამხედრო დანაყოფის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის დაპირისპირება რუსეთის თავდაცვია მინისტრს შოიგუსთან და ასევე რუსეთის  გენშტაბის უფროს გერასიმოვთან  გრძელდება. პრიგოჟინის პრესსამსახურმა ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, გამავრცელებლის თანახმად, ასახულია „ვაგნერის“ მიერ დატყვევებული რუსი ოფიცერი. 

ოფიცერი აღიარებს, რომ მან შურისძიების მიზნით ვაგნერების ავტომობილი დაცხრილა. ასევე, პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ 2 ივნისს ბახმუტიდან გამოსვლის დროს,  რუსეთის თავდაცვის საამინისტროს ბრძანებით მათ გზა დაუნაღმეს. 

რც შეეხება უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.   

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის განცხადება უარყო. მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ ტერიტორიას.

„ჩვენ ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას. მაგრამ ბახმუტი აღარ არის ქალაქი. რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. არც საცხოვრებელი კორპუსები, არც საბავშვო ბაღები, არც საავადმყოფოები. არაფერი. ეს ცარიელი ადგილია“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

როგორც უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალების ნაცვლად დაქირავებული სამხედროების გამოყენებამ არაკომპეტენტურობა და კრემლში უთანხმოება აჩვენა.   

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, კი რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე, რუს მებრძოლთა აღნიშნულმა ჯგუფებმა ბელგოროდის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ვიაჩესლავ გლადკოვს „არ ეყო სიმამაცე, თავისი ძვირფასი დრო ტყვეების სიცოცხლეზე გაეცვალა“ და მოლაპარაკებებზე არ მივიდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვიტეს დატყვევებული ჯარისკაცები „უკრაინულ მხარეს გაცვლის პროცედურისთვის“ გადასცენ.

ჯგუფი არ აკონკრეტებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი. 

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

მათი მტკიცებით, დრონების დახმარებით შებეკინოში განადგურდა 2 ტანკი, ერთი BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და BRDM ტიპის ჯავშანმანქანა.

„ჩვენ გადავდივართ რეჟიმის სრულ განადგურებაზე. რუსეთი იქნება თავისუფალი", - აცხადებენ “რუსეთის თავისუფლების ლეგიონში“.  

რაც შეეხება „ვაგნერის“ მიერ დატყვევებული რუს ოფიცერს, ის რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის მეთაური, პოდპოლკოვნიკ რომან ვენევიტინია.  მისთვის კადრს მიღმა დასმული შეკითხვების პასუხად „აღიარებს“, რომ მთვრალმა, „პირადი მტრობის“ გამო დაცხრილა „ვაგნერის“ ავტომობილი, მანამდე კი, 10-12 სამხედროსთან ერთად, „ვაგნერის“ ჯგუფი განაიარაღა.

გამომძიებელი ჟურნალისტი, გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ადასტურებს, რომ ვენევიტინი რუსეთის არმიის ოფიცერია.   

ბოლო ხანს უკიდურესად გამწვავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან პრიგოჟინის კონფლიქტი. „ვაგნერის“ დამფუძნებელი მინისტრ შოიგუს და გენშტაბის უფროს გერასიმოვს „რუსული მიწების“ ჩაბარებაში ადანაშაულებს და ანგარიშსწორებით ემუქრება. 

2 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან გასვლისას „ვაგნერელებს“ რუსეთის არმიის სამხედროებმა გზები დაუნაღმეს თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა, ქალაქს 1 ივნისამდე დატოვებენ და პოზიციებს გადასცემენ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს.   

საქართვეელოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ პრიგოჟინი ტიპიური მედროვეა, როემლიც დიდი ფულის წყალობით აღმოჩნდა იმ ადგილას,  რომელშიც ახლა  იმყოფება. 

ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას არც სამხედრო ნიჭი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საერთოდ აზრზე არ არის,  რა გამოწვევის წინაშე დგას რუსეთის საოკუპაციო ძალები. 

„როდესაც პრიგოჟინი ითოხვს, რომ მომეცით ბევრი საბრძოლო მასალა, ვერ მისცემენ, რადგან მეტი არა აქვთ. ვერ მოაშიშვლებენ მელიტოპოლს, ნოვოკახოვკას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. ასეთი რუსული სლენგია „ჩმორიკები“. სავარაუდოდ, პრიგოჟინმა „ვაგნერში“ ვინც ჰყავდა ჩმოერიკები და ვიზეც ამ რუსმა ოფიცერმა თავდასხმა განახორციელა, აჩვენა შოიგუს, რომ ისინიც კი მის ოფოცრებზე მაგარი ბიჭები არიან. დააჭერინათ ეს ოფიცერი და სულ ბოდიშები ახდევინა. 

„ჩვენ უკვეე ვხედავთ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ პუტინი ამ ომის ძალიან სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აზიანებს ომის მიმდინარეობას. პრიგოჟინი, სტრელკოვი, ესენი არიან რუპორები. რეალური ძალები რუსეთში, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო გავლენებით, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის არის გადანაწილებული. 

„ესენი არ არიან არც პრიგოჟინი და არც მისი მომხრეები. ყველაზე ძლიერი გავლენა ახლა რუსეთში ვისაც აქვს, ეს არის, ე.წ. უსაფრთხოების, ძალოვნების წარმომადგენლები, სადაც ძირითადად ეროვნული უშიშროების საბჭოში ჩამოყალიბდა. ესენი არიან ძალოვნები, რომლებიც არიან პუტინის უკან მდგომი ძალა. 

„თუმცა, რუსეთში ნელ-ნელა უკვე ყალიბდება აზრი, რომ მას თუ მოაშორებენ, რაღაცა გამოსავალი იქნება. სხვაგვარად კრემლშიც ხვდებიან, რომ რუსეთი დესტრუქციისკენ მიდის“, - ამბობს ბერიძე.   

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ახლა არიან ის ძალა, რომლებიც ამ ომში ბოლომდე გასვრილები არ არიან. ამიტომაც მათ ყველაზე მეტი პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ. მეორე ძალა არის არმია, თუმცა ბერიძე ამბობს, რომ ამ წარუმატებელი ომის ფონზე, დისკრედიტირებულია. პოლკოვნიკი ფიქრობს, რომ ამიტომაც არ არის გამორიცხული სიტუაცია უმართავიც კი გახდეს.    

„არ გამოვრიცხოთ ამ დაპირისპირებაში რუსი ოლიგარქების გავლენებიც. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს ისინი ძალიან სერიოზული კონტროლის ქვეშ ჰყავს, მაგრამ მათ დიდი ფული აქვთ. ამ ხალხს უნდათ, რომ გადარჩნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან. 

„დიდ დიქტატორულ რეჟიმში, უკვე სისუსტეები ჩნდება, რომლის გამოყენებასაც ყველა მხარე შეეცდება. ადრე თუ გვიან, ამ ნაპრალებს წარუმატებელი ომი კიდევ უფრო  გააფართოვებს. ამიტომ, მგონია ამ სამი დაჯგუფებიდან რომელიმე მათგანი მოახერხებს ძალის უზურპაციას. 

„პრიგოჟინს უნდა წაგებული ომის გმირი იყოს. მან ძალიან კარგად იცის ომი რომ წაგებულია. მიუხედავად პუტინის სიგიჟისა, რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. ეს ხალხი ძალიან კარგად ხვდება პუტინი რუსეთს რა უფსკრულისკენ მიაქანებს. ბევრი სხვა შიდა პრობლემები აქვთ, ამიტომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ამბობს ბერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×