ნაზი ბერიძე
05.06.2023

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივა პოზიტიურად შეაფასა. ამის შესახებ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ის, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე განახორციელა, ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც და აღნიშნავს, რომ ის არ იყო წარმატებული.

ბაიდენის მრჩევლის თქმით, უკრაინული ძალების სამხედრო მოქმედებები „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის" უკან დაბრუნებას გამოიწვევს.

"ზუსტად რამდენად, რა ადგილებში იქნება კონტრშეტევა ეს დამოკიდებულია განვითარებულ მოვლენებზე, რადგან უკრაინელები ამ კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები წარმატებით განახორციელებენ ამ კონტრშეტევას." კითხვაზე, დააჩქარებს თუ არა კონტრშეტევა სამშვიდობო პროცესს, სალივანმა თქვა, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს „ძირითადი გავლენა" ექნება უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებებზე.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თავად თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიური გზით დასრულდება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ თავის მოკავშირეებთან ერთად მან საკმარისად უზრუნველყო უკრაინის სამხედრო დახმარება მომავალი კონტრშეტევისთვის.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 ივნისს დილიდან წამოიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ სექტორში სამხრეთ დონეცკის მიმართულებით. მაგრამ უკრაინის არმიამ წარმატებას ვერ მიაღწია, იტყობინება რუსული TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ასევე დაადასტურა, რომ ამ თავდასხმის დროს კიევმა ჩართო ექვსი მექანიზებული ბრიგადა და ორი სატანკო ბატალიონი, სხვა სამხედრო ნაწილები და დივიზიები.

მტერი ცდილობდა გაერღვია რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვა ფრონტის ყველაზე დაუცველ ხაზზე, მაგრამ ჯგუფმა "ვოსტოკმა" მოიგერია თავდასხმა. "მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ის არ იყო წარმატებული", - ხაზგასმით აღნიშნა კონაშენკოვმა. მან დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა შეადგინა 250-ზე მეტი ცოცხალი სამხედრო ძალის დაკარგვა, ასევე განადგურდა 16 ტანკი, სამი ქვეითი საბრძოლო მანქანა, 21 ჯავშანტექნიკა.

პირველი ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ 4 ივნისს გავრცელდა. უკრაინის ჯარებმა შეტევა სცადეს ფრონტის ზაპოროჟიასა და უგლედარს შორის. „ბრძოლები დაიწყო ნესკუჩნის მიდამოებში, რუსმა სამხედროებმა მტერს ცეცხლი გაუხსნეს", - წერენ სამხედრო კორესპონდენტები.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" დარწმუნებით ვერ ამბობს განხორციელდა თუ არა უკრაინის მხრიდან მრავალჯერ დაანონსებული ფართომაშტაბიანი კონტრშეტევა, მიუხედავად იმისა რომ ამაზე ინფორმაციას ავრცელებს როგორც დასავლური მედია, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„ასე გადამწყვეტად იმის მტკიცება, რომ დაიწყო თუ არა უკრაინის არმიის მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების სერია, ძნელი სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ოთხი და ხუთი ივნისის განმავლობაში იყო რამდენიმე მიმართულებაზე შეტევა. რასაც აღიარებს თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, და რასაც ადასტურებს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები. თუმცა, თავად უკრაინული მხარე ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებს.

„ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რომ ეს არის სწორედ ის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევაა, რაც არაერთხელ იქნა დაანონსებული დღემდე, თუ ეს არის დაზვერვა ბრძოლით, ანუ რომელიც, მიზანს ისახავს აღმოაჩინონ, დღის თავდაცვის ზღუდეებში ყველაზე სუსტი წერტილი.

„თუკი უკრაინის მხარემ ამ დღეებში გააძლიერა შეტევა და ახალი ძალები ჩართო, მაშინ ეს იქნება მაჩვენებელი, რომ მართლაც დაიწყო, ეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში წინ მიიწევენ. „4 ივნისს უკრაინულმა ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში"-აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×