ნაზი ბერიძე
01.06.2023

როცა 1920 წელს ერთა ლიგაში მიღებაზე უარი გვითხრეს, ამან 1921-ში საქართველოს ოკუპაცია გამოიწვია, შესაბამისად, წელს თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ამან შეიძლება კიდევ ერთ ოკუპაციას გაუხსნას გზა, აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე საუბრისას.

„არ უნდა გავიმეოროთ ჩვენი წინაპრების ბედი, იმიტომ რომ გვყავს საკმაოდ ვერაგი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე შთანთქა საქართველო 1921 წელს და ახლაც ელოდება, რომ თუ ეს სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ, მოახდინოს ჩვენი სრული ოკუპაცია და ანექსია," - თქვა „რეზონანსთან" მაისაიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაიხსნება ფანჯარა, რუსეთს არ ასიამოვნოს და არჩევანი გააკეთოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და არ დაკარგოს.

„საქართველოსთვის გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არამედ მკაფიო არჩევანი გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მომავალი დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, პროგრესზე, ეკონომიკასა და სოციალურ განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს საქართველოში, პრეზიდენტისგან მივიღე მიწვევა და ვნახოთ, როდის იქნება ეს შესაძლებელი," - თქვა მიშელმა

სამიტის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, მათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მხოლოდ რეფორმების გატარებაში დასახეს.

„ერთადერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა და პოლიტიკური სტაბილურობის შეძენა. ევროპის მხრიდან საქართველოს პერსპექტივა ნათელია. ახლა საქართველოზეა მუშობის გაგრძელება," - განაცხადა ბორელმა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. აუცილებელია რეფორმების განხორციელება, კითხვებზე პასუხები უნდა გაიცეს. ველით კომენტარებს, თუმცა რეფორმები მიმდინარეობს. მე მჯერა საქართველოსი და მწამს ქართველი ხალხის მათ გზაზე ამ პერსპექტივის მიმართულებით," - განაცხადა მეცოლამ.

აღსანიშნავია რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოდან პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიცაა მიწვეული.

როგორც პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, საქართველომ შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყენოს ევროინტეგრაციის შანსი და არ ჩამორჩეს.

„შესაძლებლობის ფანჯარა იგულისხმება ზუსტად ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. შესაძლებლობა ეს არის სვლა კანდიდატის სტატუსის გავლით ევროკავშირისკენ. მაგრამ მიშელს არ უთქვამს რომ საქართველოს გარანტირებული აქვს ევროპული ალიანსის წევრობა. ვისაც ესიამოვნება საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება, უპირველესად ეს არის რუსეთი. რუსეთს ესიამოვნება თუ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს შეწყვვეტს და დარჩება პოსტსაბჭოთა ჩამორჩენილ ქვეყნად, და ის ამ შემთხვევაში არჩევანს რუსეთზე შეაჩერებს," - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, რადგან თუ სტატუსი ვერ მივიღეთ და ინტერგაციის პროცესი შეჩერდა, ამან შეიძლება იმის მსგავსი პროცესები გამოიწვიოს, რამაც პირველი ქართული რესპუბლიკა დაღუპა 1921 წელს.

„ფაქტიურად ჩვენი მოკავშირეები ევროკავშირიდან გვეუბნებიან, ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური საშუალება, რომ დეკემბრის ბოლოს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდგომ, როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა გააკეთეს, ჩვენც გავწევრიანდეთ ევროკავშირში.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და თუ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, შეიძლება გადაგვეწიოს, როგორც ეს გადაეწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ერთა ლიგაში არმიღებასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 1920 წლის, თუ არ ვცდები, ნოემბერში, და, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ სწორი მინიშნება.

„ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ჩვენი წინაპრების ბედი, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ვერაგი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე შთანთქა საქართველო 1921 წელს და ახლაც ელოდება, რომ თუ ეს სტატუსი ჩვენ ვერ მივიღეთ, მოახდინოს ჩვენი სრული ოკუპაცია და ანექსია. ეს არის მთავარი მესიჯი," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×