ნაზი ბერიძე
25.05.2023

მესმის, რომ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ხელისუფლება ევროპელების თვალში, მაგრამ, სამწუხაროდ, იძულებულია ეს გააკეთოს, თუ არადა ალბათ სიამოვნებით დაუწესებდა რუსეთს სანქციებს, რათა დასავლეთისთვის დაენახებინა, რომ ის არის დასავლური საგარეო პოლიტიკის გამტარებელი - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც „რეზონანსი" სანქციების თემაზე ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: „ქართული ოცნება" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წევრობის მოლოდინში ალბათ სიამოვნებით დაუწესებდა რუსეთს სანქციებს, რათა დასავლეთისთვის დაენახებინა, რომ ის არის დასავლური საგარეო პოლიტიკის გამტარებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამან შეიძლება ისე ძლიერად დააზარალოს ეკონომიკა, ისეთი ნეგატიური მოვლენები გამოიწვიოს, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური კუთხით, რომ ეს პირიქით ხელისუფლების პოზიციებს დააზიანებს.

მე მესმის, რომ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ხელისუფლება ევროპელების თვალში, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც უკვე აღინიშნა, არ გვთავაზობენ დაცვის არავითარ მექანიზმს, რათა ეკონომიკური ზარალის ნაწილობრივ კომპენსაცია მოხდეს, მაშინ როდესაც ევროკავშირი საკუთარ წევრ ქვეყნებს სთავაზობს ასეთ გამოსავალს. ამიტომ, ხელისუფლება იძულებულია წავიდეს ამ დათმობაზე.

„რეზონანსი": დასავლეთიდან ბოლო დროს გახშირდა განცხადებები, სადაც ეჭვქვეშ არის დაყენებული საქართველოს ერთგულება საერთაშორისო სანქციები მიმართ.

ზ.ა: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმენს ამაზე ინფორმაციას. ის ევროკავშირის წარმომადგენლებსაც შეხვდება და ისინი ეტყვიან ალბათ სიმართლეს, რომ საქართველო იცავს ამ სასანქციო რეჟიმს. საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები - ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საბაჟო - რეგულარულ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას ევროკავშირს და ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, ვინც აკონტროლებს სასანქციო რეჟიმის დაცვას, რა ტვირთები შემოდის და შემოდის თუ არა სანქცირებული ტვირთები. ყველა ეს პროცედურა არის გამჭვირვალე.

ამერიკელებს და ევროპელებს, იგივე დეგნანს და ჰერჩინსკის არაერთხელ უთქვამთ, რომ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველო სანქციებს უვლის. იმიტომ, რომ მათ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე. მაგრამ ზოგიერთი ქვეყნები გვერდის ავლასაც ახერხებენ, რუსეთმა შექმნა ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი, რომლითაც ხდება სანქცირებული ნავთობის გადაზიდვა, სხვადასხვა შემოვლითი გზებით. ჰოდა ამისგან ვერ დაიზღვევს თავს ვერავინ, მათ შორის საქართველო. მაგრამ ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ საქართველოში შემოვიდა სანქცირებული ტვირთი და აქედან წავიდა რუსეთში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×