თამთა ჩაჩანიძე
25.05.2023

დამოუკიდებლობის დღეს თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. „თავისუფლების სიყვარულით" - ესაა 2023 წლის 26 მაისის მთავარი ლოზუნგი, გაფორმება კი მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკებით იქნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისი საზეიმოდ მოირთო, რუსთაველის გამზირი საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. საქართველოს დროშები დაიკიდა ასევე პარლამენტის ფასადზეც.

26 მაისს დედაქალაქში ღონისძიებები 11:00 საათიდან ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. აქვე აღსანიშნავია, რომ ფიცი წელს დაიდება მთელს საქართველოში ერთდროულად დედაქალაქსა და ათ რეგიონში. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

26-ში მთელი დღის განმავლობაში არაერთი მუსიკალური, საბავშვო, სპორტული, კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, 20:00 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდება.

ღონისძიებები ასევე დაგეგმილია საქართველოს 16 ქალაქში, ესენია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, ტყიბული, ფოთი, ამბროლაური, ახალციხე, ახალქალაქი, გორი, ზუგდიდი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან.

1918 წლის 26 მაისს თბილისში ახლანდელ რუსთაველის გამზირზე (გოლოვინის პროსპექტზე) კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 5 საათსა და 10 წუთზე „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" ერთხმად დაამტკიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×