ელზა პაპოშვილი
24.05.2023

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები - ბახმუტი და მარინკა რჩებიან. უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

 ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში კი ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ლუგანსკში, პოლტავასა და დნიპროპეტროვსკში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების 18 კონცენტრირებულ ზონას, 3-მ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 3 საკონტროლო პუნქტს და 1 საწყობს დაარტყეს.

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში "რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" მებრძოლების მიერ ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელები არ მონაწილეობდნენ. - ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ და საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევაში იცავდნენ.

ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმეს.     

"ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა უკრაინისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება" - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა თემაზე ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

"ჩვენს ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ თანამედროვე იარაღსა და აღჭურვილობას მივაწვდით. ეს მოგზაურობა ფრონტზე პარტნიორებთან მრავალი შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ ბოლო კომპონენტი იყო, რომელიც ამ დღეებში და წინა კვირებში მიმდინარეობდა. ყველამ უნდა გაიგოს: ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანი უკრაინისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

რაც არ უნდა იყბედონ კიევში იმის შესახებ, რომ ამ ტიპის დივერსიულ გამოხტომებს მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა უკრაინა პასუხისმგებელი ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

„მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და, საბოლოო ჯამში, მის სპონსორებს, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, პირდაპირი და უშუალო“, - განაცხადა მედვედევმა.    

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ.

„შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა.

„მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, საბჭოთა თუ ნატო-სი, თანაბარი წარმატებით მართონ“, - აღნიშნა პროგოჟინმა.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ბელგოროდში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების სათავეში ის რუსი მებრძოლები მონაწილეობენ, რომლებსაც პუტინისგან თავისუფალი რუსეთი უნდათ. ბერიძე „რეზონანსთან“  ამბობს, რომ მათ ამ ცვლილების დაწყება საიდანღაც უნდა მოეხერხებინათ და ამისთვის ბელგოროდი შეირჩა. 

„ეს ომი თავისი  ბუნებით არაკონვენციურია და ამიტომ რუსეთის ხელისუფლების დესტაბილიზაცია უკრაინის  მიზანსაც წარმოადგენს. სწორედ უკრაინის არაკონვენციურმა მოქმედებამ შეძლო ის, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც პუტინის რეჟიმის წინააღმეგ იარაღით ომის სურთ, ამის პლაცდარმი მიეცათ. რუსები ამტკიცებენ, რომ ესენი არიან უკრაინელები და დივერსიულ აქტებს აქვს ადგილი. 

„არადა უკრაინა პირიქით, დაზვერვა ამბობს, რომ ისინი ეთნიკურად რუსები არიან, რომლებიც მსგავს აფეთქებებს აწყობენ. ამ ყველაფერს სამხედრო თავლსაზრისით, ომის კონტექსტში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. 

„ამ კონტიგენტში რუსები დომინირებენ და რუსეთის გათავისუფლებაზე პუტინის რეჟიმისგან პასუხისმგებლობას ისინი იღებენ.  ფაქტია, რომ ესეთი სიღრიმისეული დივერსიული ოპერაციები ხელს შეუწყობენ რუსების შეიარაღებული ძალების დასუსტებას და მომარაგების შეფერხებას. 

„მოწინააღმდეგის დესტაბილიზაცია ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვფიქრობ, რომ თუნდაც ეს უკრაინელების მიერ იყოს განხორციელებული, ეს უკრაინული სპეცსამსახურების ძალიან მაღალ ორგანიზებულობაზე მიუთითებს. ასეთი სახის ოპერაციის განხორციელება ძალინ რთულია, თან ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია“,-ამბობს ბერიძე.  

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა მოახდინეს, უკრაინა შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე არ დაიწყებს. ბერიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, უკრანას ლეგიტიმური უფლება აქვს, ყველა ის სამხედრო კოლონა დაბომბოს, რომელიც უკრაინისკენ მიემართება. 

ბერიძე ამბობს, რომ რასაც ამ დროის განმავლობაში თვალს ვადევნებთ, რუსებს უკრაინის ომში არა აქვთ მწყობრად გაწერილი სტრატეგია. ისინი უმისამართოდ ისვრიან რაკეტებს, რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მწყობრიდან გამოიყვანონ. ამის შემდეგ კი კონტრშეტევაში მდგომარეობიდან გამოსული და მოძველებული ავიაცია ბრძოლაში ჩართონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×