თამთა ჩაჩანიძე
24.05.2023

აშშ თანახმაა, რომ ქვეყნებმა უკრაინას ეფ-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავები გადასცენ, მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტი თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ამით უკრაინას არ ეძლევა საშუალება, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელოს, თუმცა ვაშინგტონის თქმით, „ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია და ომიც მან წამოიწყო".

ევროკავშირის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე დაიწყო, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, თუ წვრთნები მართლაც ახლა დაიწყო, ფრონტზე „ეფ-16"-ებს მინიმუმ 4-5 თვეში ვიხილავთ.

ამასთან, დასძენენ, რომ უკრაინას ომში საბრძოლო ავიაციაში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამ მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება, ომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე „ეფ-16" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

„რაც შეეხება უკრაინისთვის „ეფ-16"-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას „ეფ-16"-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის „ეფ-16"-ების მიწოდებაზე", - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. „მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას", - დასძინა მილერმა.

მისი თქმით, უკრაინელებს გარკვევით ეუბნებიან, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ეფ-16" ტიპის გამანადგურებლების მართვაზე უკრაინელი პილოტების წვრთნები პოლონეთში უკვე დაიწყო.

„ეფ-16"-ებზე პილოტების მომზადება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში დაიწყო წვრთნები, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა: „მაგალითად, პოლონეთში".

თუმცაღა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა დააზუსტა, რომ პოლონეთი წვრთნებისთვის მზადაა, თუმცა სწავლება ჯერ არ დაწყებულა.

„მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს ეფ-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა", - თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა.

23 მაისს დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა თქვა, რომ უკრაინელი მფრინავები „ეფ-16" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნას ივლისში დაიწყებენ.

"ჩემი მოლოდინებით, ივნისის ბოლოს ჩვენ „ეფ-16"-ები ოფიციალურად გვექნება გამზადებული, ასე რომ, იმედია, ამის შემდეგ დავიწყებთ." - განაცხადა პულსენმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ეფ-16"-ებზე საკითხი უკვე გადაწყვეტილია და თუ ახლა უკრაინელ პილოტებზე წვრთნები მართლაც მიდის, შესაძლოა 4-5- თვე დასჭირდეს.

„არ ვიცი რამდენად დაუშვებენ, რომ უკრაინის ტერიტორიის გარეთ იქნას გამოყენებული „ეფ-16"- ები, მაგრამ ის, რომ უკრაინას ამ თვითმფრინავებს გადასცემენ, მემგონი ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და უბრალოდ სამხედრო ტექნიკური და ოპერატიული კუთხით განხილვა მიდის.

"ეფ-16"-ებზე წვრთნები, ალბათ რამდენიმე თვეს გასტანს, რასაც სულ მცირე 4-5 თვე დასჭირდება. უკრაინას ალბათ პირველი და მეორე თაობის "ეფ-16"-ებს გადასცემენ, რომლებიც საკმაოდ ოპტიმალურია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას.

"უკრაინას ახლა საბრძოლო ავიაციაში საკმაოდ სერიოული პრობლემები აქვს და ამ თვითმფრინავის მიწოდება, რა თქმა უნდა, ომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიაში, რომ ვწავლობდი „ეფ-16"-ის მოდელირებაზე, სიმულაციური ტიპის ფრენებში ვიღებდი მონაწილეობას და მეორე პლუს თაობის „ეფ-16"-მა „სუ-27"-ს (რუსული გამანადგურებელი) ორი თავით აჯობა",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა „ეფ-16" საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის „ეფ-16" გამანადგურებლები.

თეთრი სახლის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას „ეფ-16"-ებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×