თამთა ჩაჩანიძე
24.05.2023

ძალიან რთული დროა, ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც უნახავს. საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ის. მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, მისი, როგორც პრემიერის ინტერესი და ამოცანაა, რომ საქართველოსთვის მაქსიმუმი კააკეთდეს და ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს მიუახლოვდეს. დასძენს, რომ საქართველოში ხელშესახები შედეგი „ქართული ოცნების" დამსახურებაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და „ბლუმბერგის" ორგანიზებით იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მასპინძელ ქვეყანას და შეხვედრის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია ომის დასასრული კი არ ჩანს, პრემიერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

"დიდი მადლობა ყველას მოწვევისთვის და მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო მის უდიდებულესობას. ჩემი მოწვევისთვის და შეხვედრის წაყვანისთვის მადლობას თქვენც მოგახსენებთ. ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის.

„მე მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ორივე მხარემ, ყველამ", - განაცხადა პრემიერმა.

კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში - ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი - ამბობს პრემიერი და დასძენს, რომ მისი ამოცანა და ვალდებულება ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დაცვაა.

„ჩემი ინტერესია მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოო ევროკავშირსა და ნატოს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია - ევროკავშირი და ნატო", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში იმედგაცრუებული იყვნენ იმით, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

"2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები რატომ არ გქონიათ დაწესებული?

„ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მივესალმება ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც „მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს" - ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული კომენტარი ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა.

„ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის.

„მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა," - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ქვეყანას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, სადაც 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს დიასპორის სახით და მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, „პირდაპირი ფრენები რუსეთთან ჩვეულებრივი ამბავია".

როგორც პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან.

„ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

„ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×