ელზა პაპოშვილი
21.05.2023

შაბათს ყვარელში მომხდარ ინციდენტსა და ოპოზიციის პროტესტს მმართველი პარტია ქსენოფობიის გაღვივების მორიგ მცდელობად აფასებს. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტი, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე „ოცნების“ თავმჯდომარეც გააკრიტიკა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების განმახორციელებელ ქართულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია თავისი ქმედებებით კარგ საბაბს აძლევს მოსკოვს მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილებების მისაღებად, ხოლო ხელისუფლებამ თავის მხრივ კარგად უნდა გათვალოს, რუსეთის რომელი მოქალაქეების შემოშვებას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების პროტესტი.

იმყოფებოდნენ თუ არა რეალურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში? ამას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა ოფიციალურად არავინ ადასტურებს. თუმცა, ოპოზიცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ კახეთში, „ყვარლის ტბის“ სასტუმრო კომპლექსში სერგეი ლავროვის სანქცირებული სიძის ძმის ქორწილი მიმდინარეობდა. ისინი მთელი ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფენდონენ და სიძე-პატარძალმა ქორწინება ოფიცილურდ თბილისში გააფორმეს. ქორწილის გადახდას კი შაბათს, 20 მაისს ყვარლის ტბაზე აპირებდნენ. 

თუმცა მას შემდგე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ინფორმაცია გაახმაურა, კახეთში აქცია დაანონსდა. მანამდე კი ყვარლის ტბაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

სასტუმროსთან მისასვლელი გზა პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც შეკრებილები შეძახილებით დახვდნენ.

საბოლოოდ პოლიციამ 16 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ჩიქოვანიც. ყველა მათგანი თელავის იზოლატორში გადაიყვანეს. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, რამდენიმე საათის შემდეგ კი სწორედ იზოლატორთან დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიაც.  

ამის შემდეგ ოპოზიციამ აქცია საღამოს უკვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე გააგრძელა.

ხელისუფლების პოზიცია 

იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი საქართველოში - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსების წინააღმდეგ „ქსენოფობიური კამპანია“ მიმდინარეობს და სწორედ ამას ემსახურება ყვარელში მიმდინარე აქციაც.  

„რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია - მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი (უკრაინაში) და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი წარუმატებელი იყვნენ და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, - ამბობს კობახიძე.

პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი 

„გომელაურისგან მივიღე პირობა, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი აღარ გაიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსმა მექორწილეებმა შაბათს დილით უკვე დატოვეს საქართველო. თუმცა, ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდა. მათი შეფასებით, პრეზიდენტმა მიზანმიმართულად იცრუა, რათა საზოგადოებაში გაჩენილი საპროტესტო მუხტი გაენელებინა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, რუსულმა სანქცირებულმა ოჯახმა უკვე დატოვა საქართველო.

დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორიც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა. მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილი ასევე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დაუშვებელია ქართველები ვინმემ ქსენოფობიაში დაადანაშაულოს. 

„არ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი თემა, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის მომზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.   

გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს ავიაკომპანია „აირზენას“, რომელმაც რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო და სხვებსაც ამასვე მოუწოდებს. 

„ოპოზიცია გავრილოვის სცენარის გამეორებას ცდილობს“

ანალიტიკოსი რამაზ სააყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს მუდვივად რყევის რეჟიმში ამყოფოს ხელისუფლება და ამისთვის ნებისმიერ მიზეზს იყენებს. შედეგად კი შესაძლოა ქვეყანას, მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შექმნას პრობლემები.

„გასაგებია - მივუვარდით, ჩავუშალეთ ქორწილი და გავაგდეთ. მერე შეიძლება ამ ყველაფრის საფუძველზე ქართველები ქსენოფობიაში დაადანაშაულონ, ეს ანტირუსულ კამპანიად იქნას შერაცხული და პუტინმა საქართველოში რუსების ინტერესების დაცვა გადაწყვიტოს. გამოდის, ოპოზიციას პროცესი აქეთ მიჰყავს. ამ აჟიოტაჟში ჩართული მხარე აცნობიერებს იმის რისკს, რაც შესაძლოა ამ ყველაფერს მოჰყვეს? 

„ძნელია არ დავუშვათ, რომ ეს რისკი არსებობს. რაღაც ნაწილი ამის პედალირებას ცდილობს. ელენე ხოშტარია არ იყო გავრილოვის ღამესაც ამ ყველფრის ინიციატორი? ეს ქალბატონი არ იყო რუს ტელეწამყვანს პოზნერს რომ რესტორანში მიუვარდა? ახლაც ხომ იგივე ფიგურები აქტიურობენ. თანაც ხოშტარია  რუსეთიდან საკმაოდ სოლიდურ თანახს იღებს. ამბობენ მემკვიდრეობით გვეკუთვნისო, მაგრამ ფულს ხომ რუსებისგან იღებენ. უფრო უკეთესი იქნება დავუკვირდეთ - ამ ყველაფრისკენ ვინ და რატომ მოუწოდებს ხალხს. ეს ხომ იგივე ხალხია, ვინც ამბობდა „ღირსების გამო ომში ჩავებათო.

„აგერ, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოიწერა - კარგია, რომ იბრძვით და სჯობს ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთო. რა მიგვყავს ბოლომდე? ქვეყანა? ვინმე იაზრებს ასეთმა დაპირისპირებამ ქვეყანა სადამდე შეიძლება მიიყვანოს? იგივე ლავროვი ახლა გაეროში ზის და სხდომები მიჰყავს. ეს არის სანქცირებული ოჯახი? ისევ მიზეზს პოულობენ საიმისოდ, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

„რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს“

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სიყალბეა, როცა ხელისუფლება ამ ყველაფერს ქსენოფობიით ფუთავს. ზაქარეიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წელიწად ნახევარია საქართველოში უმრავი რუსი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან, ხმაურობენ, ერთობიან და დროს ატარებენ. 

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს ყველაფერი რუსებს და ქართველებს შორის შუღლს აღვივებს. ერთი ფაქტიც კი არ არის ამ ხნის განმავლობაში, რომ ქართველებმა რუსებს ქუჩაში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„ჩვენ ვიცით და უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ საქართველოს საზღვარზე ლიბერალური შეხედულებებისა და ოპოზიციური განწყობების მქონე რუსეთის მოქალაქეებს არ ატარებენ. მათ ეუბნებია, რომ საქართველოს უსაფრთხეობიდან გამომდინარე აკეთებენ ამას. დავუშვათ ასეა და მართლები არიან, მაშინ ლავორვის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოვებული პირების საქართველოში შემოშვება და ქორწილის გადახდა რასთან არის კავშირში? ხომ იციან, რომ ეს მოსახლეობის დიდი ნაწილის აგრესიასა და უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს? 

„ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად არაკომპეტენტურად მუშაობენ ჩვენი უსაფრხოების სამსახურები. ძალიან კარგად იციან, რომ გავრილოვისა და პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ, ქართველებისთვის ამ ტიპის ადამიანების ქვეყანაში ჩამოსვლა როგორი გამაღიზიანებელია. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს“, -ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.  

მისივე აზრით, ხშირ შემთხვევაში ამას ხელისუფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აკეთებს, რადგანაც მას რუსეთი აშანტაჟებს.

„მემგონი საქართველოს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებების მიღება სულაც არ უნდა. ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი სამარცხვინო ვითარების თავიდან არიდება სურთ. თუმცა, რუსებს უარს ვერ ეუბნებიან. განა იმიტომ, რომ ამით თავიდან მართლა ომს იცილებენ. არა, საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ. რუსეთი მათ ამცირებს და ეუბნება - თუ გინდათ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, ჩვენი მონა გახდით. 

„მერე ვხედავთ, რომ მოსახლეობის პროტესტის ფონზე, ხელისუფლება უკან იხევს და ამით რუსებს აჩვენებენ - ხომ გეუბნებოდით, არ გინდათ აქ ჩამოსვლა, არ ღირს... 

„მექორწილეების ამ გაპრავებით აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება მათი საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო. თუმცა რუსეთმა მაინც მოასწრო ხელისუფლების დამცირება. „ოცნებამ“ ოპოზიციას კიდევ ერთი ქულა ჩააწერინა. რომ არა ეს აქცია, ალბათ ქორწილის აღნიშვნას დიდი სიამოვნებით კიდევ კარგა ხანს გააგრძელებდნენ. აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციის მიერ აწეულმა ტემპერატურამ გაჭრა. მაგრამ, თუკი არ გახმაურდებოდა, რატომაც არა - რუსებს პატივს ბოლომდე სცემდნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×