ექსპერტები თავდაცვის მინისტრის მოადგილედ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის დანიშვნას სხვადასხვაგვარად აფასებენ
სალომე სარიშვილი
25.11.2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ახალი მოადგილე ჰყავს - ალექსანდრე ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებული ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა. ალასანიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

ამ საკადრო გადაადგილებას ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის ინიციატივა საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს ბადებს, თუმცა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის რაიმე სახის კონფლიქტი არსებობდეს, ამ ეტაპზე გამორიცხავს. მისივე თქმით, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა, გამომდინარე თავად ალასანიას შეხედულებებისგან, გარკვეული სახის კითხვები მაინც რჩება.

"ერთი მხრივ ის საჯარო განცხადებები და წკიპურტები, რომლითაც თავდაცვისა და შს-სამინისტრო თავის დროზე ერთმანეთს უმასპინძლდებოდა, ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ ალექსანდრე ბატიაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა გარკვეულ ეჭვებს უკავშირდება. რატომ მაინცა და მაინც მისი ყოფილი მოადგილე?!

"თუმცა, მეორე მხრივ აქ შეიძლება სხვა მომენტიც იყოს - სრულიად შესაძლებელია ღარიბაშვილს სურდეს, რომ მის ჩამნაცვლებელს, ახალ შსმინისტრს სრული თავისუფლება მისცეს, რათა მან თვითონ შეავსოს და დააკომპლექტოს კადრები.

"თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის საფუძველი საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ ეჭვის დონეზეა, როგორც ასეთი ღია ინტრიგა არ არსებობს. ზოგადად, ასეთი პრეცედენტი მსოფლიო პრაქტიკაა და ამგვარი მომენტებიც ცხადია ხშირად იქმნება.

"თავიდანვე ნათელი იყო, რომ ალასანიას ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე ყოველთვის განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და ამას არასოდეს მალავდა. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება რაღაც-რაღაცები ვივარაუდოთ. თუმცა, ახლა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის რაიმე სერიოზული სახის კონფლიქტი არსებობს", - აღნიშნავს "მთელ კვირასთან" საუბრისას ექსპერტი და დასძენს, რომ თუკი სიტუაცია ასე გაგრძელდა, თავისუფლად შეიძლება თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციაში გადაინაცვლოს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეცვლას თავად ირაკლი ალასანიას ინიციატივას უკავშირებს. ექსპერტის თქმით, ვინაიდან ღარიბაშვილსა და ალასანიას გარკვეულ საკითხებზე ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, მათ შორის ხშირად პრობლემები ჩნდებოდა, ამიტომ თავდაცვის მინისტრი პრემიერთან დისტანციის მოხსნას სწორედ ამგვარი ხერხით ცდილობს.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად თავდაცვის მინისტრის განსხვავებული შეხედულებებისა, პრემიერს მისდამი ნდობის პრობლემა არ აქვს. მისივე განმარტებით, თუკი ეს ცვლილება თავად ალასანიას ინიციატივა იყო, პოზიტიურად უნდა მივიღოთ.

"თავის დროზე მათ შორის განსხვავებული შეხედულებები იყო. ალასანიას რიგ საკითხებზე სხვა პოზიციები ჰქონდა, ისევე როგორც ღარიბაშვილს. მაგალითისთვის რომ ავიღოთ იგივე პატიმრების თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ახლახანს ახსენა.

"თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას მოადგილედ ყოფილი შს მინისტრის მოადგილის დანიშვნა სწორედაც რომ ირაკლის ინიციატივა იყო, ვინაიდან პრემიერისა და თავდაცვის ოფისებს შორის მეტი ურთიერთობა დამყარდეს, ხოლო ის პრობლემები, რაც მათ შორის აქამდე წარმოიშვა, სწორედაც რომ ამ მექანიზმით მოიხსნას.

"ამიტომ პირადად მე უფრო ვიფიქრებდი, რომ მსგავსი ნაბიჯი თავდაცვის მინისტრის ინიციატივა უფრო იყო, ვიდრე თავად ღარიბაშვილის. ახლა მან გარკვეულწილად ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რათა ახალ პრემიერთან დისტანციის პრობლემა მოიხსნას.

"რაც შეეხება ნდობის საკითხს, ამ შემთხვევაში თავად ტერმინი "ნდობა" ცოტა ხელოვნური მეჩვენება. ირაკლი ალასანია სამხედრო უწყებას განაგებს, რომელიც მოქმედებას საომარი პირობების დროს იწყებს და რაც მთავარია, მინისტრი ამ საქმეს კარგად უძღვება. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა დასჭირდეს პრემიერს ნდობაზე საუბარი.

"გარდა ამისა, როდესაც გარკვეულ საკითხებზე გაუგებრობა ხდებოდა, ალასანია ის მინისტრი იყო, რომელიც ღარიბაშვილის უწყებაში მივიდა და გაუგებრობის მოხსნის ინიციატივით სხდომა ჩაატარა. ამავე თვალით თუ შევხედავთ, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ პოსტზე ღარიბაშვილის მოადგილის დანიშვნა მისივე ინიციატივა იყო. ვფიქრობ, რომ მინისტრის მხრიდან ეს ნაბიჯი პოზიტიურად უნდა შევაფასოთ", - უთხრა "მთელ კვირას" საყვარელიძემ.

პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი და ექსპერტი კახი კახიშვილი კი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ალასანიას უწყებაში პრევენციის მიზნით დანიშნა. ექსპერტის განცხადებით, ამ ცვლილებით ნათლად ჩანს, რომ ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრისადმი ნდობა ნაკლები აქვს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს მხოლოდ ალასანიას არ ეხება და სრულიად მოსალოდნელია მსგავსი ცლილებები ღარიბაშვილმა სხვა სამინისტროებშიც განახორციელოს.

"ჩვენ ვიცით, რომ როდესაც პოლიტიკაში ძალოვანი უწყებები ერთვებიან, პრობლემები იქმნება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბატიაშვილი სწორედ ამ კუთხით დაინიშნა. ამასთან, გამორიცხული არც ის არის პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირები სხვა სამინისტროებშიც ვიხილოთ. ამ მოვლენით პირდაპირ იკვეთება, რომ ალასანიას უწყებაში პრემიერმა ის ადამიანი დანიშნა, ვისაც ენდობა.

"ზოგადად, კოალიცია ზეპარტიულია, ამიტომ გამორიცხული არაა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და მინისტრმა სამომავლოდ პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალოს. ამავდროულად თავდაცვა სტაბილურობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატიაშვილი ამ პოსტზე პრევენციის მიზნით დაინიშნა", - განუცხადა "მთელ კვირას" კახიშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურატორო სფეროში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×