თამთა ჩაჩანიძე
30.03.2023

ოპოზიციას მიაჩნია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება" „დრამატულად წააგებს", ამას მმართველ გუნდში პასუხობენ, რომ ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, დარწმუნებულნი არიან, უმრავლესობაში მეოთხე ვადითაც მოვლენ. ანალიტიკოსებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ.

როგორც გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დღეს ოპოზიცია სუსტია ვადამდელ არჩევნებში „ფიასკოსთვის არიან განწირულები", „ოცნება" კი დიდი ალბათობით მეოთხე ვადით მოვა. ნიკა ჩიტაძე კი საპირისპიროშია დარწმუნებული, რომ უახლოეს არჩევნებშივე დაკარგავს „ოცნება" უმრავლესობას, რისი საწინდარია წინა არჩევნების შედეგები და აგენტების კანონთან დაკავშირებული პერიპეტიები.

„დესტრუქციულ ოპოზიციას იმაზე გაცილებით დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ეს „ენდიაის" ბოლო იანვრის კვლევაში გამოქვეყნდა. სასაცილოა გიორგი ვაშაძის ე.წ. პარტიის წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი რეიტინგულები არიან და „ოცნება" კი, ხვალ, რომ არჩევნები იყოს, ფიასკოს განიცდიდა.

„ვაშაძის ფრაქცია თითქმის დაიშალა, მისი პარტია რა არის, არავინ იცის, საპროტესტო აქციაზე პარლამენტის ტრიბუნიდან თავად ვაშაძე სამარცხვინოდ ისე გააძევეს, რომ ბევრს ეგონა ამის შემდეგ საერთოდ არ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც უტიფრად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ფორმატში არ ჯდება და მხოლოდ მას აზიანებს.

„რეიტინგი არც ვაშაძეს, არც ხოშტარიას და არც გირჩი ჯაფარიძეს არა აქვთ, რაც არუნდა ე.წ. „ტროიკები" და „სახალხო მოძრაობები" დაირქვან. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ენმ-დან საერთოდ რა დარჩა?! თვეში ერთხელ ვეტერანი პოლიტიკოსები სცილდებიან. ასევე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც განათლებისგან, ერუდიციისგან და პოლიტიკური ალღოსგან შორსაა, მერაბიშვილს და კეზერაშვილს ნომინალურ თავმჯდომარედ ჰყავს, ეს ენმ-სთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

„ზოგადად ქართული პოლიტიკური ოპოზიციისთვის არსებული ვითარება სავალალოა, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჯანმრთელი ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც მმართველ გუნდს არგუმენტებით ეპაექრება. ჩვენს შემთხვევაში ეს არ გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ჯანსაღი ოპოზიციის ადგილს რომელიმე არსებული პარტია თუ მომავალი პარტია დაიკავებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. „ოცნება" მონოპოლიურ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მისთვისაც კარგი არაა.

„ვნახოთ 2024 წლის არჩევნები როგორი იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება" კვლავაც მეოთხე ვადით მოვა, შეიძლება ეს იყოს კოალიციური ხელისუფლება. ვნახოთ ყველაფერი წინაა, მაგრამ არსებული დესტრუქციული, რევანშისტული ძალებისთვის პოლიტიკური მომავალი ნამდვილად აღარ არსებობს.

„ენმ არ დაუშვებს, რომ ოპოზიციურ ველზე მის გარდა სხვა ვინმე დომინირებდეს, ყველა სხვა პარტია აუცილებლად მას უნდა ემორჩილებოდეს და მისი მარიონეტი იყოს, ამიტომაც მათ შორის მუდმივი ქიშპობაა. ენმ-მ დაამტკიცა, რომ არამდგრადი და არათანმიმდევრულია. დანარჩენი პარტიები კი „ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსს არიან მორგებულები, რაც მათთვის დამანგრეველია და თუ ასე გაგარძერლეს, ფიასკოსთვის არიან განწირულები", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

საწინააღმდეგოს ფიქრობს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხვალ რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, „ოცნება" უმმრავლესობას აუცილებლად დაკარგავს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კარგად გვახსოვს, რომ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გამოყენების მიუხედავად, „ოცნებამ" ხმათა სადღაც 49% მიიღო, ხოლო ოპოზიციამ 51%, თუმცაღა მერე მან უმრავლესობა 30 მაჟორიტარის გაყვანის მეშვეობით დააკომპლექტა.

„ე.წ. აგენტების კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, „ოცნების" რეიტინგი ჩემი აზრით დაეცა, ასევე „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის", ან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, „ოცნებას" დაახლოებით 25%-იანი რეიტინგი აქვს. ამასთან, 2024 წელს არჩევნები წმინდა პროპორციული სისტემით გაიმართება, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ოცნება" დიდი ალბათობით არჩევნებს წააგებს და მომავალში ვერც საპარლამენტო უმრავლესობის და ვერც მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

„ხვალ რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, დიდი ალბათობით ამ შემთხვევაშიც წააგებს, თუმცა ეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ყურადღება მოადუნოს. თავის მხრივ ოპოზიციამაც მოსახლეობას საკუთარი პროგრამა და ხედვა უნდა შესთავაზოს თუ არსებული პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრას - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სხვა. მხოლოდ „ოცნების" კრიტიკა საკმარისი არაა.

„ოცნებამ" 11 წლის მანძილზე ბევრი დააშავა და მათი კრიტიკის საფუძველი არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ ოპოზიციამ პროგრამებზე უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავინახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×