ელზა პაპოშვილი
28.03.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება და ამჯერად ურთიერთ ბრალდებები პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ისმის. აქაც ენმ ორ ჯგუფად არის  გაყოფილი. მელიას გუნდი ხაბეიშვილის ფრთას განსხვავებული აზრის დევნაში სდებს ბრალს. პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში ხაბეიშვილის მხარდამჭერები კი თანაპარტიელებს სიცრუეში ადანაშაულებენ.

ანალიტიკოსები ამ ინციდენტს მელიას მხარდამჭერების ახალი ბრალდება ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას უკავშრდება, რომელიც, მათი ინფორმაციით, ყოფილი თავმჯდომარის გუნდის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ყრილობა ორშაბათს გაიმართა. ორგანიზაციას ჯერ-ჯერობით თავმჯდომარე არ ჰყავს. სავარაუდოდ, ამ თანამდებობაზე მთავარი კონკურენტები ისევ მელიასა და ხაბეიშვილის ფლანგებიდან იქნებიან.

ნიკა მელიას გუნდში აცხადებენ, რომ პარტიაში განსხვავებული შეხედულების გამო ახალგაზრდების დაყოფა პოლიტიკური მავნებლობაა. ლევან ხაბეიშვილის ფრთაში კი მიიჩნევენ, რომ პარტიის ზოგიერთი წვერის მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მხოლოდ პერსონალური დამოკიდებულების გამომხატველია და მხოლოდ თავად ამ განცხადებების ავტორებს აზიანებს.

დაპირისპირება ორი ფრთის ახალგაზრდებს შორის

ახალგაზრდების თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, ორგანიზაციაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიუღებლობაა. მათი ნაწილი აღარ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ძირითადად ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს. ახალგაზრდების ნაწილმა აღნიშნა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა.

„ყოველდღე ვხედავთ, რომ ხდება პარტიის გაყოფა, დაშლა, ადამიანები ტოვებენ პარტიას. ეს არის არაფორმალური მმართველობის გავლენა, სტილი და ამას ჩვენ ვუყურებთ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია. სამწუხაროდ, პროცესებში ვანო მერაბიშვილის შემოსვლამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მინდა მივმართო ვანო მერაბიშვილსაც, ის არც ამ პარტიის და არც ამ ქვეყნის მომავალი არ არის“, - განაცხადა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, დავით ღოლიჯაშვილის თქმით კი, ახალგაზრდებს რეალურად აზრს არ ეკითხებიან.

„რაღაც პარტიული გადაწყვეტილება როცა არის, სად არიან მაშინ ახალგაზრდები? მაშინ რატომ არ დაგვიძახა ახალგაზრდებს და არ გვკითხა ჩვენი აზრი? რატომ გამოდიან ყოველდღიურად და საუბრობენ ახალგაზრდების სახელით, თითქოს ეს უნდათ ახალგაზრდებს? რეალურად, აქ ვართ ახალგაზრდები და ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენი სახელით. ჩვენ უფრო კარგად ვიცით, რა გვინდა. 

„ცდილობენ იყოს მხოლოდ ერთი აზრი პარტიაში, ის, რაც მათ მიაჩნიათ სწორად და, რეალურად, თუ გვინდა, ქვეყნისთვის უკეთესი გავაკეთოთ, ზოგადად, უნდა იყოს მრავალფეროვნება“, - აღნიშნა დავით ღოლიჯაშვილმა.   

ახალგაზრდების ამ ნაწილის საპასუხოდ კი ახალგაზრდული ორგანიზაციის სხვა წევრები აცხადებენ, რომ კარი ყველასთვის ღიაა და სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, თითქოს ყრილობაზე ვინმე არ იყო გათვალისწინებული.

„ტყუილია, რომ ვინმე არ იყო გათვალისწინებული. ტყუილია, რომ ვინმე მოვტეხეთ ყრილობიდან. კარი ყველასთვის ღიაა. გამიხარდება, თუ ეს ადამიანები მოვლენ და დაესწრებიან ყრილობას. ამ ყრილობაზე დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს არ ვირჩევთ. 9 აპრილს გვაქვს ფართომასშტაბიანი აქცია და ჩვენი სწორება არის ამ შემთხვევაში ივანიშვილსა და მის რუსულ ოლიგარქიაზე“, - განაცხადა ყრილობის დღეს ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა ტიტე გედენიძემ. 

რა ჩაიფიქრა მერაბიშვილმა  და რას ელოდება მელია

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ვანო მერაბიშვილი პარტიაში საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს და რა თქმა უნდა, ამას ახალგაზრდულ ფრთაშიც დაიწყებდა. მისივე აზრით, მერაბიშვილი ცდილობს შეავიწროვოს ნიკა მელიას გუნდი და მათ პარტიის დატოვება აიძულოს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, მელიას ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს და სჯობს ეს შემოდგომისთვის გააკეთოს, როცა ქვეყანაშიც და მის გარეთაც ბევრი რამ უფრო გარკვეული იქნება. 

„რაც ენმ-ში სიტუაციას თვალს ვადევნებ, ფაქტიურად შიდა ომია გაჩაღებული. პარტიაში ერთმანეთის ოპოზიციაში არიან გადასული და ერთმანეთის მაქსიმალურად შევიწროვებას ცდილობენ. 

„კაცმა არ იცის „ნაციონალების“ გარშემო მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილი ყველგან გავლენების გაძლიერებას ცდილობს. მას ყველაზე მეტად ახალგაზრდულ ფრთასთან აქვს ინტერესი, რადგან სწორედ ესაა ის ძალა, რომელსაც შესაძლოა შემდეგ დაეყრდნოს. ამიტომაც ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მელიამ და მისმა მომხრეებმა პარტია დატოვონ. 

„მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც დარწმუნებული არიან, რომ მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა პარტია რომც დატოვონ, 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავენ. ამიტომ ზედმეტი თავის ტკივილისგან გათავისუფლება უნდათ. 

„ადრე თუ გვიან, მელიას ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაპირებები ვერ შესრულდება სააკაშვილის გამოხსნის და მასობრივი აქციების შესახებ და ადრე თუ გვიან მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ. ანუ ის ფიქრობს, რომ შიგნით ბრძოლას აზრი აქვს. 

„არ ვიცი მელიას რაზე დაყრდნობით აქვს ამის იმედს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარე გახდა, მან თუნდაც სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით იმის 10%-იც კი ვერ გააკეთა, რაც მელიამ. ფაქტია, რომ ხაბეიშვილს ალბათ უკვე 2024 წლისთვის მერაბიშვილი ჩაანაცვლებს. ეს კი „ოცნებისთვის“ ნამდვილი საჩუქარი იქნება. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე მაინც მელიას ვურჩევ, რომ შემოდგომამდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

დაპირისპირება თუ გაუგებრობა  

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ახალგაზრდულ ფრთაში მიმდინარე უკმაყოფილებას ეხება, შექმნილი სიტუაცია კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. როგორც ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ახალგაზრდებთან, სავარაუდოდ, უფრო მეტია სამუშაო და პარტიის ხელმძღვანელობაც ამით უნდა იყოს დაკავებული. ყრილობაზე ზოგიერთი ახალგაზრდის არმისვლას  მხოლოდ კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნის და არ ფიქრობს, რომ იქ ვინმეს  ჩანაცვლებას ცდილობენ. 

„მე ვფიქრობ, რომ ენმ-ში როგორი აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა იყოს, რიგი საკითხების მიმართ მაინც აუცილებელია, რომ რაღაცაზე შეჯერდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მაინც ყველაზე დიდი პარტიაა და რა თქმა უნდა, მის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ცოხვრებაზე გავლენას ახდენს. ამიტომ, ვფიქრობ, ამას ყველა კარგად ათვიცნობიერებს და რაღაც გზები უნდა გამოიძებნოს, რომ თუნდაც ახალგაზრდულ ფრთაში რაღაცაზე შეჯერდნენ. 

„მემგონი ორივე ფრთა, მელიასიც და ხაბეიშვილისაც, ამას კარგად ხვდებიან. რადგან აქამდე მელიამ პარტია არ დატოვა, ფაქტია, რომ ყველა რესურსი, თუნდა კომუნიკაციის, ამოწურული არ არის. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ და მთელი კონცენტრაცია 12 პუნქტის შესრულებაზე მოხდეს, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს ეს პუნქტები შეასრულოს. ამისთვის კი ძლიერი ოპოზიციაა საჭირო და მითუმეტეს ძლიერი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×