ნაზი ბერიძე
21.03.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელებსა და „პოლიტიკურად ანგაჟირებულ 1000-ლარიან ახალგაზრდებზე" პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკული პოსტით უპასუხა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის უკმაყოფილება ლოგიკურია და პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, თუმცა, მისივე თქმით, სასურველია პრეზიდენტმა ოპოზიციასაც დაუწუნოს ასეთივე ტიპის საქციელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ 7-9 მარტის აქციების მონაწილეთა და სტუდენტების მიმართ კრიტიკული განცხადება ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„აგრესიული ჯგუფი პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. „მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრებია, რომ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებს". ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.

„ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მის ამ დამოკიდებულებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს".

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.

„შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

„ასეთი შეფასებები, შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას ამ დაპირისპირებას პარტიათაშორისი ბრძოლის გაგრძელებად მიიჩნევს.

„სხვანაირადაც შეიძლება დავსვათ ეს საკითხი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა - „თანამდებობის პირიო". მეეჭვება, რომ თანამდებობის პირად ყოფნა იყოს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. პარტიების ბრძოლაა ერთმანეთთან და მე მგონი ეს მომენტია მთავარი - რის უფლებებს აძლევენ საკუთარ თავს პარტიები, როცა ერთმანეთს ებრძვიან. ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ამ ბრძოლაში შეურაცხყოფას აყენებენ არა მარტო მეტოქის ლიდერებს, არამედ, მხარდამჭერებსაც, ანუ მოქალაქეებსაც.

„ასეთი სურათი ჩვენ გვინახავს „ოცნების" მხრიდანაც, ოღონდ შედარებით ნაკლებად. კიდევ უფრო ხშირად გვინახავს იგივე „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, როცა მოსახლეობა შერისხეს, რადგან მხარს მათ არ უჭერდნენ. უფრო ადრე ნათელაშვილმა გალანძღა მოსახლეობა - უარესის ღირსი ხართო და ა.შ.

„ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ორთაბრძოლაში ჩაბმული პარტიები კარგავენ რეალობის და ეთიკურობის გრძნობას. რეალობის გრძნობას იმიტომ ვამბობ, რომ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციური პარტიებისათვის, არცერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის მომგებიანი არ არის ამ ტონში ლაპარაკი საზოგადოებასთან", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში.

„რა თქმა უნდა, პაპუაშვილის განცხადებაც არასწორია, ოღონდ მიზეზი არის არა, ის რომ მას თანამდებობა უკავია. თანამდებობა ავალდებულებს, რომ უფრო ფრთხილიც იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგრამ მიზეზი მაინც პოლიტიკური ბრძოლაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიური წამოცდენები, ანალოგიური შეფასებები ხშირად აქვთ სხვა ადამიანებსაც, ვისაც თანამდებობა უკავია. რაც შეეხება „ნაციონალებს", მათ თანამდებობა არ უკავიათ, მაგრამ გამწარებულზე თავს უფლებას აძლევენ შეურაცხყოფა მიაყენონ სხვებს", - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან".

მისი აზრით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის კომენტარი სავსებით გასაზიარებელია, თუმცა პრეზიდენტს სთხოვს თანაბრად მოექცეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და მოუწოდოს მათ, რომ პოლიტიკური კულტურის რიგი საკითხები დაიცვან.

„ზურაბიშვილისთვის რომ მიუღებელია ეს ენა, სრულიად გასაზიარებელია. ოღონდ მაშინ შეტრიალდეს და ოპოზიციასაც დაუწუნოს ასეთივე ტიპის საქციელი. სასურველია მან, როგორც ზეპარტიულმა ფიგურამ, ორივე მხარეს მიუთითოს ამ შეცდომაზე და სთხოვოს შეცვალონ ეს ენა, ეს იქნებოდა გამართლებული.

„ახლა სალომე ზურაბიშვილი დგება ისეთ პოზაში რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს უახლოვდება და აკრიტიკებს ხელისუფლებას.

„ხომ არ არი პრეზიდენტი ოპოზიციურად განწყობილი? გვინახავს მასეთი პრეზიდენტებიც, მაგრამ ვერც ვიტყვი მაინც და მაინც ოპოზიციურად განწყობილი არის თუ არა. მაგრამ ერთი რამ შეიძლება არის. ზოგადად, რა პოზიციას იკავებდა პრეზიდენტი - უბრალოდ, ხშირად იმას აკრიტიკებს, ვისი კრიტიკაც მომგებიანია, გავრცელებულია და მოდაშია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების კრიტიკა უფრო მოდაშია. ოპოზიციას არავინ აკრიტიკებს - არც უცხოელები და არც შიგნით ქვეყანაში. როგორც წესი, კრიტიკა მიმართულია ხოლმე ხელისუფლებაზე, რადგან ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი.

„და მეორე - ზურაბიშვილს არსებითი კონფლიქტი არ ჰქონდა ოპოზიციასთან. არც შეფასებები იყო ოპოზიციისა მისადმი კრიტიკული. რეაქცია მას ამაზე არ ჰქონია, მაგრამ საქმიანი დაპირისპირება ხელისუფლებასთან ჰქონდა, როცა ხელისუფლებამ შეუზღუდა მას რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ, გარკვეული ნაპრალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტს შორის არსებობს. ამიტომ მისი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ გასაკვირი არ არის და ხელისუფლებაც ხშირად აკრიტიებს თავად პრეზიდენტს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×