ელზა პაპოშვილი
20.03.2023

განათლების მინისტრი შეიცვალა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი როგორც პარტიას, ასევე დეპუტატის მანდატებს ტოვებს. რა პროცესები მიდის მმართველი პარტიის შიგნით და უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ და საკადრო გადაადგილებებს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები 7-8 მარტის მოვლენების შედეგია, თუმცა ხელისუფლებისგან უფრო რადიკალურ საკადრო გადაწყვეტილებას არ ელიან.

ანალიტიკოსთა აზრით, „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ჩხენკელის გათავისუფლების მიზეზი სწორედ 7-8 მარტის მოვლენები გახდა. ვიღაცაზე ჯოხი უნდა გადატეხილიყო და  ეს სწორედ განათლების მინისტრი აღმოჩნდა. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ისინი ჯერჯერობით სამთავრობო დიდ გადაადგილებებს არ ელიან და ფიქრობენ, რომ ყველაფერი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ ორშაბათს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და აწ უკვე ყოფილ მინიტრ მიხეილ ჩხენკელს.

ცვლილებებია პარლამენტშია. საკანონმბდებლო ორგანოს  ტოვებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. ამ უკანასკნელმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაეცა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კოვზანაძის მიერ მანდატის დატოვება უკავშირდებოდა მის სურვილს, დაბრუნებოდა საკუთარ პროფესიას.

რა ხდება „ოცნების“ შიგნით

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს გადაადგილებები 7-8 მარტის მოვლენების შედეგია და გასაკვირი არ არის. მისივე თქმით, იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონს მხარი არ დაუჭირეს, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდში და პარლამენტში დარჩენა უხერხული იქნებოდა. ამიტომ პროცესებისგან სრულად გაცლა ამჯობინეს, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. 

„მე  რომ მკითხოს კაცმა, ჯობდა „ოცნება“ დაეტოვებინათ და პარლამენტში დარჩენილიყვნენ, მაგრამ ეს ადამიანები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არ არიან და არც არასდროს ყოფილან. რა თქმა უნდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“,  ალბათ ისინი პოლიტიკაში ვერც ვერასდროს მოხვდებოდნენ. ამიტომაც მათ, როგორც ჩანს, ეს ფაქტი უხერხულობას უქმნით და საერთოდ პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტეს. 

„მსგავსი დინება ხელისუფლების შიგნით რომ დაიწყებოდა და ეს ხალხი პარტიიდან და გუნდიდან გარიყულები რომ იქნებოდნენ, ესეც ცხადი იყო. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ივანიშვილს და „ოცნების“ სხვა ლიდერებსაც გუნდში სანდო ხალხი სჭირდებათ, რომლებიც ასეთ „სიუპრიზებს“ აღარ მოაწყობენ. ანუ კიდევ უფრო  მონური მორჩილების ადამიანები, რომლებიც კონტროლიდან არ გამოვლენ. 

„რაც შეეხება განათლების მინისტრის გადაყენებას, რა თქმა უნდა, ესეც მოსალოდნლი იყო. სამწუხარო ისაა, რომ ჩხენკელის გადაყენება გადაწყვიტეს არა იმის გამო, რომ ის განათლების სფეროს განვითარების მხრივ ცუდი მინისტრი იყო, არამედ იმიტომ, რომ მან სტუდენტების და მათი პროფესორების გაკონტროლება ვერ შეძლო. ანუ არცთუ  მკაცრი რეპრესიები გაატარა. 

„მინისტრის ცვლილებით არც არაფერი შეიცვლება. არ ვიცი  ეს ახალგაზრდა კაცი რას იზამს, მაგრამ რა დავალებაც მისცეს, ხომ ფაქტია. საქართველოში ამაზე დიდ და ძლიერ რეჟიმებს უცდიათ ქართველი ახალგაზრდების და მათი პროფესორების გაკონტროლება, მაგრამ ვერ მოუხერხებიათ. არაერთი ხელისუფლება ცდილობდა სტუდენტების დაშინებას და მათ ტერორს, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. ამიტომ არ ვიცი  ამ ახალგაზრდა კაცს რისი იმედი აქვს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ამ გამოსვლების შემდეგ ხელისუფლებაში გარკვეული შიდა დინებები მიდის. უკან დახევის შემდგე ფაქტია „ოცნება“ ყველას ეჭვის თვალით უყურებს. ამიტომაც ის ელის, რომ საკადრო ცვლილებები კიდევ იქნება, თუმცა გააჩნია ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ისეთი რადიკალური ცვლილებები, რროგორიცაა პრემიერისა და მთავრობის გადაყენება, უფრო შემოდგომაზეა მოსალოდნელი. მანამდე კი „ოცნება“საკუთარ რიგებში  წმენდას დაიწყებს.    

ჩხენკელი, როგორც „განტევების ვაცი“ 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრის გადაყენება ერთგვარი განტევების ვაცის ძიების შედეგია. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა ხელისუფლება ყველაზე მეტად იმითაა შეშფოთებული, რომ სტუდენტების კონტროლი ვერ შეძლო  და ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდების ამბოხის ეშინია. 

„ფაქტია, რომ 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ხელისუფლება რაღაცეების გადაფასებას ცდილობს, მაგრამ არა იმ კუთხით, თუ რა მოხდა და რა დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმ მიმართულებით, თუ სიტუაცია კონტროლიდან როგორ გაექცათ. ისინი ახლა ყველაზე მეტად სტუდენტებზე არიან გაბრაზებული და მათ ლექტორებზე. ახალი მინისტრის მთავარი დავალება იქნება გამოავლინოს მეამბოხე სტუდენტები და მათი ლექტორები. 

„შესაძლოა ლექტორები და მასწავლებლებიც სამსახურებიდან გაუშვან. ალბათ ეს უფრო  განათლების სისტემაში წმენდის ოპერაცია იქნება. ეს ახალგაზრდა კაცი, ამილახვარი,  ცნობილია იმით, რომ მან ე.წ. აგენტების კანონს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ის ხელისუფლებისთვის ბევრად სანდოა. 

„რაც შეეხება გუნდის შიგნით  მიმდინარე მოვლენებს, სამწუხარო ისაა, რომ ეს ადამიანები მანდატებსაც ტოვებენ. მათ ბოლომდე არ აქვთ იმის ძალა და პრინციპულობა, რომ წინააღმდეგობა გაწიონ. ამიტომ პროცესებიდან გასვლას ცდილობენ. შესაბამისად, მმართველი პარტია უმრავლესობასაც შეინარჩუნებს და უფრო მორჩილ ხალხს მოიყვანს. 

„ფაქტია, გუნდის შიგნით გარკვეული დინებაა დაწყებული, მაგრამ ამ ეტაპზე პრემიერის და პარტიის თავმჯდომარის ცვლილებას არ ველი. ორივე ივანიშვილისთვის სანდო ფიგურაა, რომლებიც საქმეს ძალიან ხისტად უდგებიან და სწორედ ასეთ ფიგურებს  ეყრდნობიან. ჯერ რაიმე ცვლილება არ სჭირდება, მაგრამ დარმწუნებული ვარ, ივანიშვილს „სათადარიგო მოთამაშეები“ ჰყავს, რომლებსაც როგორც კი დასჭირდება გამოაჩენს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×