ნაზი ბერიძე
18.03.2023

ბრიუსელში ოპოზიციის ლიდერების ვიზიტის პარალელურად, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი დელეგაციაც ჩავიდა. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ხელისუფლება ცდილობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თავისი პოზიციაც მიაწოდოს დასავლელ პარტნიორებს და ამით გარკვეულწილად დააბალანსოს ის ცალმხრივი ინფორმაცია, რაც შეიძლება ბრიუსელში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ჰქონდეთ.

ამასთან, საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლოა არ იყოს დამოკიდებული 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებაზე. მისი თქმით, ამაში „სხვა პროცესები" თამაშობენ გადამწყვეტ როლს და, შესაბამისად, ახლო მომავალში ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლოა ევროკავშირის რიტორიკაც შერბილდეს.

14 მარტს „დროას", „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ერთობლივი ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ. 17 მარტს კი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი დელეგაცია გაემგზავრა. მასში შედიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

„შესაძლოა ხელისუფლება შეშფოთდა იმით, რომ ოპოზიცია დასავლეთთან საქართველოს შესახებ თავისებურ სურათს წარმოადგენდა, ისე, როგორც თვითონ ხედავენ. შეიძლება მათი ჩასვლის მიზანი ისიც იყოს, რომ ოპოზიციის სურათის გვერდით დაიდოს, თუ როგორ ხედავს მოვლენებს უკვე ქვეყანას ხელისუფლება, რომ არ იყოს დასავლეთისთვის ცალმხრივი ინფორმაცია.

„ახლა ეს ცალმხრივობაც და ორმხრივობაც ეხება ალბათ იმას, რომ გვერდს ვერ აუვლიან ამ 12 პუნქტს - თუ რა სრულდება და რა არ სრულდება. ვიცით, რომ ოპოზიციას პრეტენზიები აქვს დეოლიგარქიზაციის კანონზე, დეპოლარიზაციის თემაზე და ა.შ. და ამ პუნქტებში ალბათ განსხვავება იქნება ამ ორ დელეგაციის შეხედულებებს შორის", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა პარალელურ ვიზიტებს ბრიუსელში, ექსპერტმა უპასუხა:

„მე არ ვარ იმ აზრზე, რომ 12 პუნქტის შესრულება საციცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს პუნქტები არ ჰქონდა დაკმაყოფილებული უკრაინას და მოლდოვას და მაინც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. რჩება შთაბეჭდილება, და რიგ შემთხვევაში ამაზე უცხოეთში კომენტარებიც იყო, რომ რეალური მიზეზი რაღაც სხვა არის და ეს 12 პუნქტი მხოლოდ საბაბია.

„თავიდან, როცა იდგა საკითხი კანდიდატის სტატუსის მოცემაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ თქვა, რომ ევროპიდან შორს არის საქართველოო. მერე, როდესაც აღმოჩნდა, რომ საქართველოზე გადის ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო გზები, იმიტომ, რომ რუსეთზე ვეღარ გაივლის, მერე იგივე მაკრონმა ლამის ქართულად დაგვიწყო ლაპარაკი სიმპათიის ნიშნად და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა - თბილისამდე უნდა მივიდეს ევროპაო. იმის მიხედვით, თუ რამდენად საჭირო ხარ, პოზიციებიც სხვადასხვანაირია. სხვა პროცესები თამაშობენ გადამწყვეტ როლს მთელ ამ სიტუაციაში. შესაბამისად, შესაძლოა 12 პუნქტის მიმართ დასავლეთის სიმკაცრეც შეიძლება შერბილდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×